პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრომ წიგნის გამომცემლები ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. როგორც გამოცემა Chytomo წერს, დაპირისპირება საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ახალ წიგნებზე ერთი წლის განმავლობაში ფიქსირებული ფასი უნდა დაწესდეს. უწყების პრესსპიკერმა პიოტრ იენდჟეიოვსკიმ გამომცემელთა გაერთიანება Porozumienie Wydawców Książek-ის სოციალურ კამპანიას ბაზრის მოწესრიგებისკენ გამიზნული რეფორმის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია უწოდა. კამპანია ლოზუნგით „არ გაუძვიროთ პოლონელებს წიგნები“ (Nie podwyższajcie Polakom cen na książki) მიმდინარეობს.
პოლონეთში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება სექტემბერში დასრულდა, რასაც წიგნის ფიქსირებული ფასის შესახებ რეფორმა ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, ახალი გამოცემა გამოსვლიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში ყველა სავაჭრო ობიექტში ერთსა და იმავე ფასად უნდა გაიყიდოს. გარდა ამისა, დოკუმენტი დისტრიბუტორთა ფასდაკლებების შეზღუდვასა და ავტორებისა თუ მთარგმნელებისთვის მინიმალური ანაზღაურების გარანტიებს მოიცავს. ახლა დოკუმენტს მთავრობის სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რის შემდეგაც მისი სრული ტექსტი საჯარო კონსულტაციებისთვის გამოქვეყნდება.
ფიქსირებული ფასი და გამომცემელთა პროტესტი
გამომცემელთა მტკიცებით, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ წიგნი, რომელიც აქციით დაახლოებით 35 ზლოტი ღირდა, სრულ ფასად, ანუ 50 ზლოტად გაიყიდება. მათი გათვლებით, მკითხველი 100 ზლოტად სამის ნაცვლად მხოლოდ ორ წიგნს შეიძენს, გამოწერის სერვისებში სიახლეების გამოჩენას კი ერთი წელი დასჭირდება. გამომცემლები ასევე აცხადებენ, რომ დისტრიბუტორების მარჟა კანონის მიღების შემდეგაც 45%-ზე დარჩება, რის გამოც საცალო ფასის შემცირება ავტორებსა და გამომცემლებს პირდაპირ სარგებელს ვერ მოუტანს.
გაერთიანებამ 29 ოქტომბერს გამოცემა Rynek Książki-ში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობის დაწყების დღიდან მის პოზიციას უგულებელყოფს. გამომცემლებმა ასევე უარყვეს ბრალდება, თითქოს პროტესტი მხოლოდ მსხვილი კომპანიების ინიციატივაა, და განმარტეს, რომ მას მცირე და საშუალო საწარმოებიც შეუერთდნენ. Porozumienie Wydawców Książek ფასების რეგულირებას წელს მარტშიც დაუპირისპირდა და ორგანიზაცია Polska Izba Książki-ს კვლევა გააკრიტიკა, რომელსაც სახელმწიფო რეგულაციის გასამართლებლად იყენებდა.
კულტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამომცემლები გარეკანზე მითითებულ ფასს ხელოვნურად ზრდიან, რათა ბაზარზე შესვლისთანავე 35-იდან 40%-ამდე ფასდაკლება გამოაცხადონ. პიოტრ იენდჟეიოვსკიმ მოიხმო რის უილიამსის კვლევა, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, სადაც ფიქსირებული ფასი მოქმედებს, წიგნებზე ინფლაცია არ დაფიქსირებულა და 11-იდან 16%-ამდე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. საპასუხოდ გამომცემლები ამტკიცებენ, რომ იდენტური წიგნები პოლონეთში საფრანგეთსა და ესპანეთთან შედარებით იაფია, უნგრეთში მსგავსმა შეზღუდვამ კი გაყიდვების კლება გამოიწვია. ამ ფონზე, NielsenIQ BookData-ს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში პოლონეთში ბეჭდური წიგნების გაყიდვები 2025 წელთან შედარებით 11,3%-ით შემცირდა.
