წიგნებისა და გამომცემლობების სამყაროს ამბებში, სადაც ინფორმაცია სწრაფად იცვლება, შეცდომები შეიძლება მოხდეს. ჩვენი წესია, შეცდომა არ დავმალოთ და შეძლებისდაგვარად სწრაფად, სრულად და გამჭვირვალედ გავასწოროთ. შეცდომაზე რეაგირება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი თავიდან აცილება: ფაქტებს გამოქვეყნებამდე წყაროებით ვამოწმებთ (იხ. ფაქტების გადამოწმების პოლიტიკა), წყაროს კი თითოეულ სტატიაში ბმულით ვუთითებთ.

1. ჩვენი პრინციპები

  • სისწრაფე და თვალსაჩინოობა. დადასტურებულ შეცდომას დაუყოვნებლივ ვასწორებთ და ისე, რომ შესწორება მკითხველისთვის შესამჩნევი იყოს. შეცდომებს „ჩუმად“ არ ვასწორებთ.
  • სიცხადე და პატიოსნება. შესწორება პირდაპირი და გასაგებია – ორაზროვანი ან შემამსუბუქებელი ფორმულირებების გარეშე. ნათლად ვუთითებთ, რა იყო არასწორი და როგორია სწორი ინფორმაცია.
  • ხელმისაწვდომობა. მკითხველს აქვს მარტივი და პირდაპირი გზა, შეგვატყობინოს შესაძლო უზუსტობის შესახებ.

2. შეცდომების სახეები და რეაგირება

მცირე შეცდომა – ბეჭდური, გრამატიკული ან სახელის დაწერილობის შეცდომა, რომელიც ფაქტის შინაარსს არსებითად არ ცვლის. რეაგირება: ვასწორებთ უშუალოდ ტექსტში, სარედაქციო შენიშვნის გარეშე.

ფოტოს ავტორის ან წყაროს არასწორი მითითება. რეაგირება: ვასწორებთ 24 საათის განმავლობაში, სარედაქციო შენიშვნის გარეშე. საავტორო უფლებების საკითხებზე იხ. საავტორო უფლებების პოლიტიკა.

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომა – შეცდომა, რომელიც გავლენას ახდენს ფაქტის ან მოვლენის აღქმაზე: მაგალითად, არასწორი ციფრები ან თარიღები, წიგნის არასწორი მონაცემები (გამოცემის თარიღი, ფორმატი, თარგმანი), არასწორად მიწერილი ციტატა ან მოვლენის არასწორი ინტერპრეტაცია. რეაგირება: სტატიის ბოლოს ვამატებთ შესწორების შენიშვნას, რომელიც შეიცავს სიტყვას „შესწორება“, შესწორების თარიღს და მოკლე, ნათელ ახსნას, რა იყო არასწორი და როგორია სწორი ინფორმაცია. მაგალითი: „შესწორება, 14 ივნისი: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ X გამომცემლობის წიგნი „Y“ რბილ ყდაში გამოიცა. სინამდვილეში ის მაგარ ყდაშია. შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით.“

კრიტიკული შეცდომა – უიშვიათესი, თუმცა ყველაზე სერიოზული შემთხვევა: შეცდომა ძირეულად ამახინჯებს სტატიის მთავარ გზავნილს ან უსამართლოდ აზიანებს ადამიანის ან ორგანიზაციის რეპუტაციას. რეაგირება: სტატიის ბოლოს დართული შესწორების გარდა, სტატიის დასაწყისში ვათავსებთ „რედაქტორის შენიშვნას“, რომელიც მკითხველს მაშინვე ატყობინებს სერიოზული შეცდომისა და მისი გასწორების შესახებ.

განახლება და დაზუსტება – ამბავი ვითარდება და ჩნდება ახალი ინფორმაცია. ეს შეცდომა არ არის – ეს ამბის ბუნებრივი განვითარებაა. რეაგირება: სტატიას ვამატებთ „განახლების“ შენიშვნას, სადაც აღწერილია, რა ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი.

სოციალური ქსელები. შესწორება ეხება ჩვენს Facebook- და Instagram-პოსტებსაც: პოსტს ვასწორებთ ან, თუ ეს შეუძლებელია, შესწორებას კომენტარში ვუთითებთ.

3. თუ სტატია თქვენ გეხებათ

თუ მიგაჩნიათ, რომ სტატია თქვენ ან თქვენი ორგანიზაციის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოგვწერეთ: [email protected]. მიმართვას 2 სამუშაო დღის განმავლობაში განვიხილავთ. თუ შეცდომა დადასტურდა, მას ამ პოლიტიკის შესაბამისად ვასწორებთ; თუ სადავო საკითხზე განსხვავებული პოზიცია გაქვთ, შეგვიძლია, სტატიას თქვენი განმარტება დავურთოთ.

4. როგორ შეგვატყობინოთ შეცდომის შესახებ

ჩვენ მოვუწოდებთ მკითხველს, დაგვეხმაროს სიზუსტის დაცვაში. თუ შესაძლო შეცდომას შენიშნავთ, მოგვწერეთ: [email protected]. წერილში, გთხოვთ, მიუთითოთ:

  • სტატიის ბმული;
  • შესაძლო შეცდომის აღწერა;
  • თუ შეგიძლიათ, სწორი ინფორმაცია და მისი წყარო.

„BookTok საქართველოს“ რედაქცია ყველა წერილს განიხილავს და ამ პოლიტიკის შესაბამისად რეაგირებს. წერილში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ მის განსახილველად და პასუხის გასაცემად.

5. სტატიების წაშლა

ჩვენი პუბლიკაციები საჯარო ჩანაწერია, ამიტომ გამოქვეყნებულ სტატიებს, როგორც წესი, არ ვშლით: შეცდომას ვასწორებთ, ისტორიას კი არ ვშლით. ზუსტი, თუნდაც უსიამოვნო ინფორმაციის წაშლა საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს ეწინააღმდეგება.

გამონაკლისია შემთხვევა, როცა მასალა არღვევს საავტორო ან სხვა უფლებას, უკანონოდ ავლენს პერსონალურ მონაცემებს, საფრთხეს უქმნის ადამიანის უსაფრთხოებას, ან მისი წაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით არის მოთხოვნილი. ასეთ დროს, როგორც წესი, ვცვლით ან ვშლით კონკრეტულ მასალას (მაგალითად, ფოტოს ან ფრაგმენტს) და არა მთელ სტატიას. საავტორო უფლებების საკითხებზე მოგვწერეთ: [email protected].

ბოლო განახლება: 2026 წლის 16 ოქტომბერი