ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გამომცემელთა 35-ე საერთაშორისო კონგრესს (IPC 2026) დაეთმო. სპეციალურ მიღებაზე მომავალი გლობალური ღონისძიების პირველი დეტალები გახდა ცნობილი.
კონგრესი 2026 წლის 5-9 ივლისს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდება. ფრანკფურტში გამართულ მიღებაზე, ანონსთან ერთად, გათამაშდა კონგრესის ერთი საგზურიც, რომელიც ბაზრობის ერთ-ერთ იღბლიან სტუმარს ერგო.
კონგრესის პოპულარიზაციას მიეძღვნა ბაზრობის „აზიის სცენაზე“ 16 ოქტომბერს გამართული პანელური დისკუსიაც. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის (IPA) გენერალური მდივანი ხოზე ბორგინო, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი შეიხ ფაისალი, კომიტეტის ყოფილი წევრი ტრასვინ ჯიტიდეჩარაკი და ფილიპინების საგანმანათლებლო გამომცემელთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი დომინადორ ბუჰაინი.
დისკუსია შეეხო იმას, თუ როგორ უჭერს მხარს IPA აზიელ გამომცემლებს და რა შესაძლებლობები არსებობს რეგიონში თანამშრომლობისა და ზრდისთვის. მომხსენებლებმა გამომცემლებსა და ინდუსტრიის ლიდერებს მოუწოდეს, აქტიურად ჩაერთონ მომავალ კონგრესში.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისში კონგრესის ორგანიზატორმა, მალაიზიის წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ (MABOPA), პარტნიორობა გააფორმა მალაიზიის საგარეო ვაჭრობის განვითარების კორპორაციასთან (MATRADE).
2026 წლის კონგრესი მიზნად ისახავს, ერთ პლატფორმაზე შეკრიბოს საგამომცემლო სფეროს ლიდერები, ნოვატორები და ვიზიონერები მთელი მსოფლიოდან, რათა მათ გაცვალონ იდეები, იმსჯელონ საერთო გამოწვევებზე და დასახონ გლობალური საგამომცემლო ინდუსტრიის მომავალი განვითარების გზები.




