მაიკლ უაითი (1959-2018) ბრიტანელი მწერალი და მეცნიერების ისტორიკოსი იყო, რომლის კვლევითი ინტერესების ცენტრში დასავლური ცივილიზაციის ისეთი ფუნდამენტური ფიგურები იდგნენ, როგორებიც არიან ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი და ლეონარდო და ვინჩი. უაითი, რომელიც წლების განმავლობაში ბრიტანული GQ-ს სამეცნიერო რედაქტორი და Sunday Express-ის მიმომხილველი იყო, ფლობდა უნიკალურ უნარს, მეცნიერული და ისტორიული ფიგურების კომპლექსური ცხოვრება და იდეები ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ და მომხიბვლელ ნარატივად ექცია. ამ კონტექსტში, მისი გადაწყვეტილება, შეეჭიდა ჯ.რ.რ. ტოლკინის ბიოგრაფიას, ერთი შეხედვით, შესაძლოა, თემატურ გადახვევად მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ კვლევისა, რომელიც სამყაროს შემქმნელ გენიოსებს ეძღვნება — იქნება ეს ფიზიკური კოსმოსის კანონების აღმომჩენი თუ მითოლოგიური კოსმოსის არქიტექტორი.
2003 წელს გამოცემული „ტოლკინი: ბიოგრაფია“ (Tolkien: A Biography) არ არის აპოლოგეტიკური ნაშრომი ან მორიგი ჰაგიოგრაფია. უაითის მიზანია, გასცდეს იმ „ავტორიზებულ“, ხშირად სტერილურ, პორტრეტს, რომელიც ტოლკინის მემკვიდრეობის ოფიციალურმა დამცველებმა შექმნეს. იგი ცდილობს, ფილოლოგისა და პროფესორის აკადემიური მანტიის მიღმა დაგვანახოს ცოცხალი ადამიანი — თავისი შინაგანი კონფლიქტებით, შემოქმედებითი ეჭვებითა და იმპულსებით, რომელმაც შუასკნელის ეპოსი შვა. უაითი, როგორც ყოფილი მუსიკოსი და თავად ტოლკინის თავგადაკლული ფანი, უახლოვდება თავის სუბიექტს არა მხოლოდ ბიოგრაფის სკრუპულოზურობით, არამედ იმ ემპათიით, რომელიც მხოლოდ საერთო კულტურული გამოცდილებიდან იბადება.

წიგნის შესავალი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, წარმოადგენს ღრმად პირად ესეს, ერთგვარ ინტელექტუალურ და ემოციურ აღსარებას. ეს არის ტექსტი იმ შიშზე, რომელიც ნებისმიერ მკითხველს ერთხელ მაინც განუცდია: რა მოხდება, თუკი წლების შემდეგ საყვარელ წიგნს დავუბრუნდებით და აღმოვაჩენთ, რომ მისი მაგია გამქრალია? ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ახალგაზრდული გატაცება — ელფურ ენაზე დაწერილი სიმღერებითა და „პალანტირის“ სახელობის ბენდებით — კრიტიკულ კვლევად. ეს შესავალი არის გასაღები არა მხოლოდ თავად ბიოგრაფიის, არამედ იმ მილიონობით მკითხველის გასაგებად, ვისთვისაც შუასკნელი პირადი სამყაროს ნაწილი გახდა.
ტოლკინის შემოქმედებას შედარებით გვიან გავეცანი. ჩვიდმეტის ვიყავი, როდესაც სკოლის მეგობარმა თავისი კიდეებშემოცვეთილი „ბეჭდების მბრძანებელი“ მომიტანა და მითხრა, რომ ეს აუცილებლად უნდა წამეკითხა. მაგრამ, თუმც თაყვანისმცემელთა რიგებში ჩაწერა დავაგვიანე, ჩამორჩენა სწრაფად გამოვასწორე იმით, რომ ტოლკინის ეს ყველაზე სახელგანთქმული წიგნი ზედიზედ რვაჯერ წავიკითხე. გმირობის, ბრძოლისა და უბერებელი თავგადასავლის ამ ამბავმა ისე შემიპყრო, რომ ბოლო თავის დამთავრებისთანავე დაუძლეველ სურვილს ვგრძნობდი, წიგნი ისევ პირველ გვერდზე გადამეშალა.
სულ მალე დავიწყე ტოლკინის შესახებ ყველანაირი, თუნდაც უმცირესი, ინფორმაციის მოძიება. რასაკვირველია, წავიკითხე „ჰობიტი“ და ხელი ვტაცე ტოლკინის თარგმნილ „ბეოვულფს“, ვიპოვე მისი „ფერმერი ჯაილს ჰემელი“, „წვრილმანას დახატული ფოთოლი1“ და სხვა, ნაკლებად სახელგავარდნილი ნაწარმოებები. მერე, 1977-ში, „ბეჭდების მბრძანებლის“ გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, ჩემს ყურამდე მოაღწია „სილმარილიონის“ გამოცემის ამბავმა, რომელსაც დიდხანს ველოდი. წიგნის გამოსვლის დღეს, დილის 8 საათზე, უბნის წიგნის მაღაზიის რიგში ვიდექი წინასწარ შეკვეთილი წიგნის ასაღებად, ხოლო ერთ საათში, ჯერ ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალი და მერე შინისკენ დაძრულ ავტობუსში მდგარი, უკვე ელფებისა და ადამიანების ამბავში ვიყავი ჩაძირული, თუმც მოჯაყჯაყე ტრანსპორტში უხერხულად ვეხლებოდი სხვა მგზავრებს, სამსახურებში რომ მიიჩქაროდნენ.
დაახლოებით ამ პერიოდშივე მუსიკამ გამიტაცა. გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი და ვწევრიანდებოდი მუსიკალურ ჯგუფებში – ჯერ სკოლაში და მერე უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლისას. იმ დროის განწყობასთან (ის იყო, პანკი მოგვედო) სრული კონტრასტით, მე ვაყალიბებდი ჯგუფებს, რომლებსაც „პალანტირს“ ან რამე ასეთს ვარქმევდი და ვწერდი სიმღერებს, რომლებშიც ჩართული იყო ფრაზები ელფურ ენაზე. ჟრუანტელი მივლის ამის გახსენებაზე. მაგრამ ახლა, შორეული გადმოსახედიდან, ჩემთვის ნათელია, რომ, რაგინდ უმწიფარი ყოფილიყო ჩემი გატაცება ტოლკინით, ის რაღაც განსაკუთრებულად ძალუმ ნიადაგზე იყო აღმოცენებული. შუასკნელში უეჭველად იყო რაღაც დაუძლევლად მიმზიდველი, რაკი ასე ვყავდი შეპყრობილი.
მხოლოდ რაღაც დროის მერე გავიგე, თურმე რამდენ მილიონ ადამიანს გაევლო იგივე გზა და ტოლკინის თავგადაკლული ფანები გამხდარიყვნენ. ზოგმა თურმე ბენდიც კი შექმნა და შუასკნელზე მღეროდნენ. სიმართლე თუ გინდათ, მე „ბეჭდების მბრძანებელი“ შეყვარებულმა გამაცნო და უნივერსიტეტშიც, პირველ წელს, ითვლებოდა, რომ თუ ამ წიგნს ამოიჩრიდი იღლიაში და ისე დაჯდებოდი საერთო დარბაზში, გოგოების გაცნობა გარანტირებული გქონდა. ასევე, ვიცნობ, სულ ცოტა, ერთ ადამიანს, რომელმაც ტოლკინისა და მისი ნაწარმოების გავლენით ისლანდიურის სწავლა დაიწყო და ამაში სამეცნიერო ხარისხიც მიიღო. თუმცა – რაც ალბათ გარდაუვალი იყო – სულ უფრო იზრდებოდა ისეთი ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც ტოლკინი ათვალწუნებული ჰყავდათ, უბრალოდ, იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი გიჟდებოდა მის ნაწერებზე. ეს ანტი-მოდური რეაქცია იყო და ის ადვილად გასაგებია. როდესაც ადამიანი რამით არის შეპყრობილი, მის ინტერესთა ჩარჩოს გარეთ მდგომთათვის იგი მოსაწყენი და ხშირად გამაღიზიანებელი ხდება. ტოლკინი ყველას არ მოსწონს და ზოგი, ვისაც „ბეჭდების მბრძანებელი“ საერთოდ არ ურხევს გულის სიმებს, აუცილებლად ამრეზითა და ცინიკურად მოექცევა მის თაყვანისმცემლებს.
სწორედ იმ წელს, როდესაც მე ტოლკინი აღმოვაჩინე, ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო სკოლის მეგობარმა გადაწყვიტა, დაჰპირისპირებოდა „შუასკნელის ვერაგ კულტს“ (როგორც თავად უწოდებდა) – ისე, რომ არც კი უცდია „ბეჭდების მბრძანებლის“ გაცნობა. ეს წიგნი ერთხელაც არ გადაუშლია, სამაგიეროდ, გულდასმით შეისწავლა „ნეიშენალ ლამპუნში“ დაბეჭდილი (მართლაც ძალიან სასაცილო) პაროდია, სათაურით „ყელში ამოვიდა ბეჭდები2“. და როდესაც ვკითხე, საერთოდ როგორ შეიძლება პაროდიაზე გაგეცინოს, თუ ორიგინალის წაკითხვით თავი არ შეგიწუხებია-მეთქი, პასუხი არ გაუცია.
რასაკვირველია, რაღაც ხნის მერე ჩემი აღფრთოვანება განელდა. ტოლკინის გავლენა შესუსტდა და მე დავიწყე სიმღერების წერა სიყვარულზე, სექსსა და სიკვდილზე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამიფართოვდა საკითხავის არეალი. მაგრამ ტოლკინისთვის ბოლომდე არასოდეს გამინებებია თავი, „ბეჭდების მბრძანებელი“ ყოველთვის მიყვარდა და მის ამბებს სიამოვნებით ვიხსენებდი. ოცი წელი რომ შემისრულდა, მალევე ოქსფორდში გადავედი და რამდენიმე წელიწადში მწერლობას მივყავი ხელი. მსმენოდა, რომ ტოლკინი ამ ქალაქში ცხოვრობდა, რომ იგი, კლაივ ლუისი და სხვა ინკლინგები ხშირად იკრიბებოდნენ აქაურ პაბში სახელად „არწივი და ყრმა“ და მეც ხშირ-ხშირად შევივლიდი ხოლმე იქ ლუდის დასალევად იმ განწყობით, რომ იქაური კედლებიდან რაღაც შთაგონება ჟონავდა. ასე რომ, როდესაც ტოლკინის ბიოგრაფიის დაწერა შემომთავაზეს, ამ საქმისკენ მაშინვე გამიწია გულმა.
თუმცა გამომცემელთან დადებულ ხელშეკრულებას ჯერ მელანიც არ შეშრობოდა, რომ მივხვდი: შეიძლებოდა, ჩემი სიჭაბუკის გატაცებასთან დაბრუნება საფრთხეს მიქადდა, რადგან მომიწევდა „ბეჭდების მბრძანებლის“ თავიდან წაკითხვა იმ პირველი რვა წაკითხვიდან ლამის ოცდახუთი წლის მერე. ჩემი არსების რაღაც ნაწილს ეს აზრი აღტაცებას ჰგვრიდა, მაგრამ ამავე დროს ვღელავდი კიდევაც: მომეწონებოდა კი წიგნი ახლა, მეოთხედი საუკუნის მერე?
როდესაც მერვედ დავასრულე ამ წიგნის ბოლო თავი (ეს იყო 1977 წელს), უნივერსიტეტში ჩასარიცხად ვემზადებოდი, „იესის3“ ალბომებს ვუსმენდი და თმა მხრებს ქვემოთ მცემდა. ახლა კი შუახნის ვიყავი, ცოლი და სამი შვილი მყავდა, იმ შორეული დღეების მერე ათასობით წიგნი მქონდა წაკითხული და „იესს“ ათასში ერთხელ თუ მოვუსმენდი ხოლმე. ისევ შევძლებდი, თავი გამეიგივებინა არაგორნთან? ისევ ვინატრებდი, მეტი გამეგო გენდალფსა და სხვა ისტარებზე4? საერთოდ თუ მაღელვებდა, რა მოუვიდოდათ თუნდაც ფროდოსა და სემს? ბევრჯერ ყოფილა, რომ ძველი საყვარელი წიგნები გადამიკითხავს და მათში ვერანაირი მიმზიდველობა ვეღარ მიპოვია. „ბეჭდების მბრძანებელთანაც“ იგივე ხომ არ დამემართებოდა? ხომ არ გადავიქცეოდი ჩემს დამცინავ სკოლელად და „ყელში ამოვიდა ბეჭდები“ უფრო სახალისო ხომ არ იქნებოდა ჩემთვის?
ვიყიდე „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალი ეგზემპლარი და შინ წავიღე. რამდენიმე დღე გადაუშლელად მედო სასადილო ოთახის მაგიდაზე. მერე წიგნმა საძინებელში გადაინაცვლა, შემდეგ – ტუალეტში, მაგრამ გადაფურცვლას მაინც ვერ ვბედავდი. დავიწყე ამ წიგნის შესახებ ნაშრომების შესწავლა, ხელახლა ვიკვლევდი ტოლკინის ცხოვრებასა და მის ეპოქას და ბოლოს, ამ თავის არიდებაში რამდენიმე კვირა რომ გავიდა, როგორც იქნა, შევძელი, ტოლკინის უდიდესი ნაწარმოები ისევ გადამეშალა.
რასაკვირველია, ისევ მოვინუსხე. მის ჯადოსნურობას თითქმის არაფერი მოაკლდა და თან დავიწყე ამბის ახალი მხარეების აღმოჩენა, ისეთ სიღრმეებს ვწვდებოდი, რომლებსაც ახლაღა ვხედავდი – ისეთ რაღაცებს, მაშინ რომ გამომრჩა ან ახალგაზრდობაში ნაკლებად მაინტერესებდა. ამან გამახარა და გვარიანად მომეშვა გულზე, რადგან, აბა, როგორ უნდა დამეწერა ტოლკინზე, თუ მისი შემოქმედება აღარ მომწონდა?
მაგრამ ახლა, ხელახლა რომ გადავეშვი შუასკნელში და ამ თავგადასავალმა ენერგიით ამავსო, ვხვდები, რომ ჩემი მღელვარება სინამდვილეში უსაფუძვლო იყო. ახლა უკვე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ტოლკინის სამყარო და მთელი ცხოვრება მის თაყვანისმცემლებად დარჩებიან. და არიან ისეთებიც, რომლებსაც ის არასოდეს მოეწონებათ.
დღეს ჩემი ანტიტოლკინისტი მეგობარიც, ჩემი არ იყოს, შუახნისაა და დღემდე ცხვირს უბზუებს ჩემს აღტაცებას „ბეჭდების მბრძანებლით“. წიგნი (რომელიც დღეს „უოტერსტოუნსს“ „XX საუკუნის წიგნად“ აქვს დასახელებული) ჯერაც არ წაუკითხავს და არც არასოდეს აპირებს, წაიკითხოს. მაგრამ, როგორც იტყვიან, „ტოლკინი აჩენს დაჰობიტებულებას5“.
ამ წიგნზე მუშაობის დროს წინასწარი კვლევისას ძალიან გამამხნევა იმან, რომ ძიების ინსტრუმენტმა ტოლკინთან თუ „ბეჭდების მბრძანებელთან“ დაკავშირებული 450 000 ვებსაიტი ამომიგდო, ბევრი საოცრად პროფესიონალური და სახალისო. მაგრამ ტოლკინზე ზოგი „ოფიციალური“ მასალის კითხვისას გაოცებული დავრჩი, მათგან რამდენია აბსურდულობამდე სუბიექტური, ლამის რელიგიური მოწიწებით გაჟღენთილი.
თავს ძველ ფანად მივიჩნევ, თუმცა მაძრწუნებს, „ოფიციალური“ თუ „ავტორიზებული“ მასალა როგორ დაჰკანკალებს თავს პროფესორ ტოლკინის სახელს. გამოქვეყნებულ წერილებში თითქმის არაფერია მის პირად ცხოვრებაზე. საბურველშია გახვეული ნებისმიერი პირადული საკითხი, როგორიცაა მისი ურთიერთობა ცოლთან, ასევე მისი მეგობრობა კ.ს. ლუისთან და ზოგ თანაინკლინგელთან. არანაირი ავტორიზებული აღწერა არ ეხება ტოლკინის შინაგან იმპულსებს, არ ცდილობს მისი შინაგანი დემონების ჩვენებას. მეტიც, იშვიათად განიხილება საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებიც კი ტოლკინის ემოციებზე, მის მოტივაციებსა და თვალსაზრისებზე. როგორც ამ წიგნიდანაც ჩანს, ტოლკინი მართლაც საუკეთესო ადამიანი იყო, ზნეობრივი და პატიოსანი, სანდო და ძალიან ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ წმინდანთა დასს არ მიეკუთვნებოდა.
ასეთ მოვლენას ადრეც გადავწყდომივარ. როდესაც სერ ისააკ ნიუტონის ბიოგრაფიული წიგნისთვის „ისაკ ნიუტონი: უკანასკნელი ჯადოქარი“ მასალებს ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ მის მოწაფეებს, მათი საკუთარი მოტივებით, საუკუნეების განმავლობაში დამალული ჰქონდათ მასალა, რომელმაც, გამჟღავნების მერე, სკოლის სახელმძღვანელოებში მოყვანილი მშრალი ცნობების მიღმა ამ ადამიანის სახე უკეთ დაგვიხატა. ჩემი ბიოგრაფიული კვლევის კიდევ ერთ სუბიექტს, სტივენ ჰოკინგსს, ზოგი მისი კოლეგა დღესაც ისე წარმოაჩენს, თითქოს ის რაღაც ზეარსება იყო, რომელსაც ადამიანური გაგება ვერ სწვდება. ორივე შემთხვევაში, როცა ზედაპირის ქვეშ ჩავიხედე, თვალწინ ფერადი და ცოცხალი სამყარო გადამეშალა. ამ წიგნის წერას რომ შევუდექი, სულაც არ დავდგომივარ მონსტრების ძებნის გზას და პოვნითაც მხოლოდ მოსალოდნელი, გამოგონილი ურჩხულები ვიპოვე. მაგრამ შემოქმედებითი ადამიანი იშვიათადაა უშფოთველობის ნიმუში, რაც გინდ ეცადონ მისი დამცველები, რომ ასეთებად გამოაჩინონ. მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ ნამდვილი თაყვანისმცემლები ცოტა უფრო მეტს ეძიებენ, ვიდრე მათ გმირთა შავ-თეთრი პორტრეტია. და, როგორც ტოლკინის თაყვანისმცემელს, იმედი მაქვს, აქ შემოგთავაზებთ თუ ფერად ფილმს არა, პასტელის ტონებით შეფერადებულ პორტრეტს მაინც და ცოტა უფრო ცოცხლად დაგიხატავთ შუასკნელის შემქმნელ, ისტორიაში ყველაზე პოპულარულ მწერალს.
- National Lampoon – ამერიკული იუმორისტული ჟურნალი, რომლის მკითხველიც მეტწილად ახალგაზრდობაა. ის სასაცილოდ განიხილავს ცნობილ ადამიანებს, უახლეს მოვლენებს, ტრადიციებსა და ა.შ. ↩︎
- Bored of the Rings ↩︎
- Yes – ინგლისური პროგ-როკის ჟანრის ბენდი, დაარს. ლონდონში 1968 წელს. ↩︎
- ჯადოქართა ორდენი (ქვენია: ჰერენ ისტარიონ), ან უბრალოდ „ჯადოქრები“ (ქვენია: ისტარი), იყო მაიართა ჯგუფი, რომლებიც მესამე ერაში (ან მეორე ერის ბოლოს) ვალარებმა შუასკნელში გამოგზავნეს. ისინი განსხეულდნენ მოხუცი კაცების სახით და დაევალათ, თავიანთი სიბრძნითა და რჩევებით თავისუფალ ხალხებს საურონთან ბრძოლაში დახმარებოდნენ. ↩︎
- Tolkien is Hobbit-forming. სიტყვების თამაში: habit-forming – დამოკიდებულების ჩამომყალიბებელი [ნივთიერება, ქცევა] ↩︎

