სტივენ კინგის 1974 წლის სადებიუტო საშინელებათა რომანის, „კერის“ რვაეპიზოდიანი სატელევიზიო ადაპტაციის პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ Deadline-ი, Variety და Reactor-ი წერენ. სერიალი, რომელიც მაიკ ფლენეგანმა შექმნა, Prime Video-ზე გამოვიდა. სიუჟეტში მოქმედება 1970-იანი წლებიდან 2026 წელში ინაცვლებს და სერიალი მთავარ ყურადღებას კიბერბულინგზე ამახვილებს. ტელეპათიური უნარების მქონე კერი უაიტს სამერ ჰ. ჰაუელი განასახიერებს.
მაყურებელი კერის დედის, მარგარეტ უაიტის როლში სამანთა სლოიანს იხილავს. აღსანიშნავია, რომ ორიგინალი ამბისგან განსხვავებით, სერიალში მარგარეტს ჩახშობილი ტელეკინეტიკური ძალები აქვს და გამოსაშვები საღამოს კატასტროფას გადაურჩება. სერიალში შეტანილი ცვლილებების შესახებ სამანთა სლოიანმა აღნიშნა:
მან ყველაფერი საძირკვლამდე დაშალა და შემდეგ სტრუქტურა ხელახლა ააშენა.
კერის ეკრანიზაცია: შეცვლილი ფინალი და ახალი პერსონაჟები
სიუჟეტში ჩნდება იდუმალი გამომძიებელი და მთხრობელი ადელაიდა, რომლის როლსაც კეიტ სიგელი ასრულებს. სწორედ ეს ექსტრასენსული უნარების მქონე პერსონაჟი კლავს მარგარეტ უაიტს სეზონის ფინალში. როგორც Variety დამატებით აღნიშნავს, მესამე ეპიზოდის, „Social Studies“-ის რეჟისორი თავად კეიტ სიგელია, რაც მისი სარეჟისორო დებიუტია. ორიგინალი წიგნისგან განსხვავებით, სადაც მთავარი გმირი იღუპება, ტელესერიალში კერი გამოსაშვები საღამოს ტრაგედიის შემდეგ ცოცხალი რჩება და ასტრალური პროექციის უნარის მქონე ექსტრასენს ემალაინთან ერთად მიდის.
სერიალში ასევე მონაწილეობენ მეთიუ ლილარდი დირექტორი გრეილის როლში და ემბერ მიდთანდერი მის დეჟარდენის ამპლუაში. ორივე მათგანი გამოსაშვები საღამოს ფინალში იღუპება. გარდა ამისა, მეშვიდე ეპიზოდში, „Romantic Literature“-ში, საშინელებათა ჟანრის ცნობილი რეჟისორები, ბრაიან ფულერი და დონ მანჩინი ეპიზოდურ როლებში ჩნდებიან და გამოსაშვები საღამოს ზედამხედველებს განასახიერებენ. Deadline-ის ცნობით, მეთიუ ლილარდი და ემბერ მიდთანდერი მომავალში ახალ პროექტში, „Rot“-ში კვლავ ითანამშრომლებენ, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკ ფლენეგანი იქნება, ხოლო რეჟისორი – ალექს მაგისტრო.
