ამერიკის ეროვნული წიგნის ჯილდოს (National Book Awards) 77-ე საზეიმო ცერემონიასა და საქველმოქმედო ვახშამს კაილ მაკლაქლანი გაუძღვება. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, 18 ნოემბერს დაგეგმილი საღამოს მუსიკალური სტუმარი მიშელ ზონერი იქნება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ეროვნული წიგნის ფონდის ოფიციალურ ვებსაიტსა და YouTube-ზე გადაიცემა.
ეროვნული წიგნის ფონდმა ხუთ ნომინაციაში შერჩეული 25 ფინალისტის ვინაობა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რის შესახებაც „ბუკტოკი“ უკვე წერდა. ფინალისტები 25 წევრისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ სულ 1912 საკონკურსო განაცხადიდან შეარჩია. ნომინირებულ ავტორებსა და მთარგმნელებს შორის 14-ს ფონდისგან ჯილდო ან აღიარება წარსულშიც აქვს მიღებული.
ამერიკის ეროვნული წიგნის ჯილდო და საპატიო ლაურეატები
დაჯილდოების საზეიმო საღამოზე ორ საპატიო ჯილდოსაც გასცემენ. სალმან რუშდის ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის განკუთვნილ მედალს (Medal for Distinguished Contribution to American Letters) მწერალი კირან დესაი გადასცემს, პერი კლასს კი ამერიკული ლიტერატურული საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის განკუთვნილ ჯილდოს (Literarian Award for Outstanding Service to the American Literary Community) – ჯეისონ რეინოლდსი.
საკონკურსო კატეგორიებში გამარჯვებულები 10 000 დოლარს, ბრინჯაოს მედალსა და ქანდაკებას მიიღებენ, ხოლო თითოეულ ფინალისტს 1000 დოლარი და ბრინჯაოს მედალი ერგება. ნათარგმნი ლიტერატურის კატეგორიაში საპრიზო თანხა თანაბრად გაიყოფა ავტორსა და მთარგმნელს შორის.
მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში ფინალისტები გახდნენ ჰანა ლილით ასადი („Paradiso 17“), ედვიჯ დანტიკა („Dèy“), ხულიან დელგადო ლოპერა („Pretend You’re Dead and I Carry You“), ვალერია ლუისელი („Beginning Middle End“) და მორგან ტომასი („Mad Eden“). არამხატვრული ლიტერატურის ფინალისტებს შორის არიან კოლინ აშერი, აბდელრაჰმან ელგენდი, კამონ ფელიქსი, სარა ნოვიჩი და ჯოზეფ ოსმუნდსონი, ხოლო პოეზიის ნომინაციაში – ვიქტორია ჩანგი, კაროლინა ებეიდი, ბრენდა ჰილმანი, ფადი ჯუდა და სუზან სტიუარტი.
ნათარგმნ ლიტერატურაში ჟიურიმ კარლ უვე კნაუსგორის (მთარგმნელი მარტინ ეიტკინი), ვისენტე ლუის მორას (მთარგმნელი რაჰულ ბერი), ინტან პარამადიტას (მთარგმნელები სტივენ ჯ. ეპსტაინი და ტიფანი ცაო), მოჰამედ მბუგარ სარისა (მთარგმნელი ლარა ვერგნო) და სამარ იაზბეკის (მთარგმნელი ლერი პრაისი) წიგნები გამოარჩია. საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კატეგორიაში კი ფინალისტები ელანა კ. არნოლდი, ტეი კელერი, კეალა კენდალი, ჯულიან რენდალი და თანაავტორები – დევიდ ლევითანი და გაბრიელ დაკელზი გახდნენ.
