ბეილი გიფორდის არამხატვრული ლიტერატურის პრემიის (Baillie Gifford Prize for Nonfiction) მოგების მთავარ ფავორიტად პატრიკ რადენ კიფი დასახელდა. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, ბუკმეიკერულმა კომპანია William Hill-მა გამოაქვეყნა ფსონების კოეფიციენტები იმ ექვსი წიგნისთვის, რომლებიც პრესტიჟული ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა. რეიტინგის სათავეში კიფის წიგნი „London Falling: A Mysterious Death in a Gilded City, and a Family’s Search for Truth“ აღმოჩნდა, რომლის კოეფიციენტიც 9/4-ია.
პატრიკ რადენ კიფს ეს ჯილდო ერთხელ უკვე აქვს მოგებული – მან 2021 წელს წიგნით „Empire of Pain“ გაიმარჯვა. თუკი ავტორი წელსაც გაიმარჯვებს, ის გახდება პირველი მწერალი, რომელიც ბეილი გიფორდის პრემიას ორჯერ მოიპოვებს.
William Hill-ის პროგნოზით, მეორე ადგილს 3/1 კოეფიციენტით ერთდროულად ორი ავტორი იყოფს: ნიკოლას ბოგზი წიგნით „Baldwin: A Love Story“ და ანდრეა ვულფი ნაშრომით „The Traveller: The Revolutionary Life of George Forster and his Search for Humanity“. სიის დანარჩენ პოზიციებზე სხვა კონკურსანტები განაწილდნენ: ანანდ გოპალის წიგნი „Days of Love and Rage: A Story of Revolution“ 5/1 კოეფიციენტითაა შეფასებული, ხოლო ედმუნდ რიჩარდსონის „Alexander: God, King, Man“ და მეთიუ სუიტის „The Great Dictator: A Life of Barbara Cartland“ 6/1 მაჩვენებლით ფასდება.
ჟიური და ბეილი გიფორდის პრემიის წესები
წლევანდელი ფინალისტები 350-ზე მეტი საკონკურსო წიგნიდან შეირჩა, რომლებიც 2025 წლის ნოემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში გამოიცა. პრემია ღიაა ნებისმიერი ეროვნების ავტორისთვის, თუკი მისი წიგნი საკონკურსო წელს გაერთიანებულ სამეფოში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.
ჟიურის წელს ტელეწამყვანი და ხელოვნების მიმომხილველი კერსტი ლენგი თავმჯდომარეობს. გადაწყვეტილებას მასთან ერთად მიიღებენ ბია კარვალიუ, დოქტორი ტიფანი ჯენკინსი, სემ ლითი, რავი მატუ და ელიფ შაფაქი.
გამარჯვებული ავტორი 50 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო თარგმნილი გამოცემის გამარჯვების შემთხვევაში საპრიზო თანხა ავტორსა და მთარგმნელს შორის გაიყოფა.
ლაურეატის ვინაობა 4 ნოემბერს BMA House-ში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე გამოცხადდება. ცერემონია ბლავატნიკის ოჯახის ფონდის (Blavatnik Family Foundation) მხარდაჭერით გაიმართება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია სოციალურ ქსელებში გადაიცემა.
