ელიფ შაფაქის ახალი რომანი „In One Brief Moment All Eternity“, რომელიც გიუსტავ ფლობერის ცხოვრების მხატვრულ გააზრებას ეძღვნება, გამომცემლობა Viking-ში გამოიცა. როგორც The Guardian-ი წერს, ავტორმა ინტერვიუში შემოქმედებით ეჭვებზე, დეპრესიის დაძლევასა და ახალ წიგნზე გულწრფელად ისაუბრა.
შაფაქმა წიგნზე მუშაობა გლობალური კრიზისების, ომების, საზოგადოებრივი დაპირისპირებისა და ტექნოლოგიური გაურკვევლობის ფონზე დაიწყო, რასაც შფოთვა და დეპრესია ახლდა. ახალი ნაწარმოები ფლობერის ცხოვრებას რამდენიმე განსხვავებული პერსპექტივიდან აღწერს. თხრობაში მონაწილეობენ მასთან დაკავშირებული ქალები (ძიძა ჟიული, საყვარელი ლუიზ კოლე, მწერალი ჟორჟ სანდი და ეგვიპტელი მოცეკვავე ქუჩუქ ჰანემი), ასევე აქლემი სახელად ჯამილა და თავად ფლობერის გამოგონილი პერსონაჟი – ემა ბოვარი.
სამუშაო პროცესში გაჩენილ სირთულეებზე საუბრისას ელიფ შაფაქმა აღნიშნა:
მაგიდასთან ზიხარ და უამრავი ეჭვი გიჩნდება, მაგრამ ესეც შემოქმედებითი პროცესის ნაწილია.
მწერალი 1971 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში დაიბადა; როცა ის ხუთი წლის იყო, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. შაფაქი უკვე 18 წელია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასავლეთ ლონდონში ცხოვრობს და თურქეთში 11 წელია, აღარ დაბრუნებულა. 2006 წელს რომანში „The Bastard of Istanbul“ სომეხთა გენოციდის საკითხის წამოჭრის გამო მას „თურქობის შეურაცხყოფის“ ბრალდებით ასამართლებდნენ, თუმცა გაამართლეს. მოგვიანებით, 2019 წელს, თურქეთის ხელისუფლებამ მისი სამი რომანის წინააღმდეგ უხამსობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 2017 წელს TED-ის კონფერენციაზე ბისექსუალობის საჯარო გაცხადებას თურქეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეიუფ ჯანი, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქვეყნის ძებნილთა სიაში აღმოჩნდა.
შაფაქი ხშირად ღამით მუშაობს და მძიმე მეტალს, განსაკუთრებით ჯგუფ System of a Down-ს, უსმენს. 2025 წლის დეკემბერში ის სამეფო ლიტერატურული საზოგადოების (RSL) პრეზიდენტად აირჩიეს. მისი წინა რომანი, 2024 წელს გამოსული „There Are Rivers in the Sky“, გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მხატვრულ წიგნად იქცა. მანამდე „The Island of Missing Trees“ 2022 წელს ქალთა პრემიის მხატვრულ ლიტერატურაში (Women’s Prize for Fiction) მოკლე სიაში მოხვდა, „10 Minutes 38 Seconds in This Strange World“ კი 2019 წელს ბუკერის პრემიის მოკლე სიაში იყო წარდგენილი.
