ხუთი გამორჩეული წიგნის ეკრანიზაციის პროექტები კინოსა და ტელევიზიაში ახალ ეტაპზე გადავიდა. სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიამ და სტუდიამ ახალი ფილმებისა და სერიალების შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი, Deadline-ი და Variety წერენ. ეკრანიზაციები მრავალფეროვან ჟანრებს აერთიანებს: მემუარებს, დოკუმენტურ კრიმინალურ გამოძიებას, კლასიკურ გოთიკურ ჰორორს, თინეიჯერულ პროზასა და სპორტის ისტორიას.
„Dear William: A Father’s Memoir of Addiction, Recovery, Love, and Loss“ – დეივიდ დ. მაგი
დეივიდ დ. მაგის მემუარის კინოადაპტაციის გადაღებები მისისიპის შტატში უკვე მიმდინარეობს. ფილმის რეჟისორია ენდრიუ ჰაიატი, რომელმაც სცენარიც თავად დაწერა. პროდიუსერებად თავად ავტორი და კორი პაიკი მუშაობენ. ფილმში მთავარ როლებს მეტ პასმორი, ემილი როუზი, გებრიელ ნადი და ჰადსონ მაკრიდი ასრულებენ.
„Guilty Creatures: Sex, God, and Murder in Tallahassee, Florida“ – მიკიტა ბროტმანი
მიკიტა ბროტმანის დოკუმენტური წიგნის მიხედვით თრილერ-დრამას სახელწოდებით „Guilty Creatures“ სტრიმინგ პლატფორმა Apple TV ამზადებს. სერიალში ჯულია გარნერთან და ლუის პულმანთან ერთად მედი ჰასონიც ითამაშებს. პროექტის სცენარისტი სარა დელაპია, რეჟისორი – კრეიგ გილესპი, შოურანერი კი სტიუარტ ზიჩერმანია. სერიალს Tomorrow Studios, Alma Margo და Fortunate Jack Productions-ი აწარმოებენ.
„The Woman in Black“ – სიუზან ჰილის ნაწარმოებების ადაპტაცია
სიუზან ჰილის 1983 წლის გოთიკური საშინელებათა რომანისა და მისი ყველა სხვა ლიტერატურული ნაწარმოების საავტორო უფლებები John Gore Studios-მა შეიძინა. სტუდია მწერლის შემოქმედების განვითარებას კინოში, ტელევიზიასა და თეატრში გეგმავს, თავად ავტორი კი ახალი პროექტების აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. ამავე რომანის მიხედვით Hammer Films-მა 2012 წელს ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი დენიელ რედკლიფმა შეასრულა; ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 127,7 მილიონი დოლარი შეაგროვა.
„The One We Left Behind“ – სარა კოვენი
სარა კოვენის 1990-იანი წლების თინეიჯერული რომანის მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს Mike Caron Productions-ი გადაიღებს. წიგნის ეკრანიზაციის უფლებები მაიკ კარონმა მოიპოვა, სცენარს კი შონ ლავერი დაწერს. ნაწარმოები Kirkus Indie Awards-ის ფინალისტი იყო. მაიკ კარონმა აღნიშნა:
დამოუკიდებლად გამოცემული, ჯილდოებით აღიარებული წიგნის ეკრანზე გადატანა სწორედ ისეთი ტიპის ამბის თხრობაა, რომლის მხარდაჭერაც მსურს.
„Monsters: The 1985 Chicago Bears and the Wild Heart of Football“ – რიჩ კოენი
რიჩ კოენის დოკუმენტური წიგნის მიხედვით სატელევიზიო მინისერიალის მომზადება დეივიდ ბობერის კომპანია Sunset Lane Media-მ დაიწყო. პროექტს ჯერჯერობით სატელევიზიო ქსელი ან სტრიმინგ პლატფორმა არ აქვს, თუმცა სცენარის დასაწერად დენიელ კუნკა, ხოლო რეჟისორად სტივ პინკი შეირჩა. წიგნი ამერიკული ფეხბურთის გუნდის, „ჩიკაგო ბეარსის“ 1985 წლის ამბავს ეძღვნება.
