Women’s Prize Trust-მა, რომელიც ქალთა პრემიას უწევს ორგანიზებას, და მოდის სახლმა Chanel-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოუქვეყნებელი მწერალი ქალების მხარდასაჭერად ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა „Originators“ წამოიწყეს. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. პროგრამის მიზანია შეერთებულ შტატებში მოღვაწე იმ რომანისტი ქალების აღმოჩენა და ხელშეწყობა, რომლებსაც სადებიუტო წიგნი ჯერ არ გამოუციათ.
შერჩეული ხუთი მწერალი Chanel-ისგან შემოქმედებით გრანტს, მენტორობას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და საქმიანი კავშირების გაფართოების მხარდაჭერას მიიღებს. მსურველებმა განაცხადი 30 ნოემბრამდე უნდა გაგზავნონ. შესარჩევ ეტაპზე ავტორებმა 5000-სიტყვიანი ნაწყვეტი, სინოპსისი და ბიოგრაფიული ინფორმაცია უნდა წარადგინონ. გამარჯვებული ხუთეული 2027 წლის გაზაფხულზე ნიუ-იორკში საზეიმო შეხვედრაზე შეიკრიბება, სადაც შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებენ.
„Originators“-ის ჟიურის მწერალი და ქალთა პრემიის მხატვრულ ლიტერატურაში (Women’s Prize for Fiction) ყოფილი გამარჯვებული ეი-ემ ჰოუმზი ხელმძღვანელობს. მან შემოქმედებითი შრომის სირთულეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა:
მწერლის ცხოვრება მარტივი არ არის და არც სამუშაოდ დროისა და სივრცის ქონაა ისეთი რამ, რაც რომელიმე ჩვენგანმა თავისთავად ნაგულისხმევად უნდა მიიღოს.
შესარჩევ კომისიაში ასევე შედიან ვირჯინია ევანსი, ვი-ვი განეშანანთანი, ტაიარი ჯონსი და ნიკოლ კრაუსი. ევანსმა წელს ქალთა პრემია მხატვრულ ლიტერატურაში სადებიუტო რომანით „The Correspondent“ მიიღო. განეშანანთანმა ეს ჯილდო 2024 წელს რომანით „Brotherless Night“ დაიმსახურა, ჯონსმა კი 2019 წელს რომანით „An American Marriage“ გაიმარჯვა. გუგენჰაიმის სტიპენდიის მფლობელი ნიკოლ კრაუსი პრემიის მოკლე სიაში ორჯერ მოხვდა – 2006 წელს წიგნით „The History of Love“ და 2011 წელს რომანით „Great House“.
Women’s Prize Trust-ი 30-წლიანი ისტორიის მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მხატვრული ლიტერატურის ქალთა პრემიასა და დოკუმენტური ლიტერატურის ქალთა პრემიას (Women’s Prize for Nonfiction) გასცემს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა კლერ შენეჰენს უკავია.
