მსახიობი ჯუდი დენჩი ახალ მემუარში 2019 წელს გამოსულ ფილმ „Cats“-ს იხსენებს და პროექტს კეთილი ნებისა და ნიჭის ფუჭ ფლანგვად აფასებს. ამის შესახებ გამოცემები Variety და Deadline-ი წერენ. წიგნი სახელწოდებით „Is It Too Late to Make a Run For It?“ გაყიდვაში 3 ნოემბერს გამოვა.
2019 წლის ფილმი კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ უებერის იმავე სახელწოდების წარმატებულ სასცენო მიუზიკლს ეფუძნებოდა. რეჟისორ ტომ ჰუპერის ეკრანიზაციაში ჯუდი დენჩმა პერსონაჟ ოლდ დიუტერონომის როლი შეასრულა. ფილმში დენჩის გვერდით ჯეიმზ კორდენი, იდრის ელბა და ტეილორ სვიფტიც მონაწილეობდნენ.
ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, „Cats“, როგორც კრიტიკული, ისე კომერციული თვალსაზრისით, სრულ მარცხად შეფასდა. თავად დენჩმა ფილმში შესრულებული როლისთვის რაზის ჯილდოს (Razzie Award) ნომინაციაც კი მიიღო. მსახიობმა აღიარა, რომ გადაღებების დროს თავიდანვე უხერხულობას გრძნობდა და მიაჩნდა, რომ ამ როლს არ შეეფერებოდა. ამასთანავე, მან გაამხილა, რომ ფილმის საბოლოო ვერსია დღემდე არ უნახავს.
დენჩის თქმით, ცუდი როლის შესრულება ან ცუდი ფილმის გადაღება არავის განზრახვა არ ყოფილა. გადამღები ჯგუფის მუშაობაზე საუბრისას მსახიობმა აღნიშნა:
„Cats“-ის შექმნაში ბოროტმოქმედები არ ერივნენ.
დენჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს პროექტი ენდრიუ ლოიდ უებერის კეთილი ნებისა და ნიჭის გაფლანგვა გამოდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორ ტომ ჰუპერს „Cats“-ის გამოსვლის შემდეგ სხვა ფილმი აღარ გადაუღია.
