ჯეინ ოსტინის კლასიკური რომანისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ Variety, Deadline-ი და The Hollywood Reporter-ი წერენ. ახალი პროექტები მრავალფეროვან ჟანრებს მოიცავს – ინგლისური პროზითა და ფსიქოლოგიური დრამით დაწყებული, სლავური ფოლკლორითა და ინტერნეტსივრცეში დაბადებული საშინელებათა ამბით დასრულებული. სანამ ფილმები და სერიალები დიდ ეკრანებსა და სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა, მკითხველს შეუძლია, გაეცნოს ორიგინალურ ტექსტებს, რომლებმაც ეს კინოპროექტები შთააგონა.
„გრძნობა და გონება“ (Sense and Sensibility) – ჯეინ ოსტინი
ოსტინის კლასიკური რომანის ახალი კინოადაპტაციის რეჟისორი ჯორჯია ოუკლია. ფილმის პრემიერა ლოს-ანჯელესში 7 ოქტომბერს გაიმართა. სურათის სცენარი დიანა რეიდმა შექმნა, რომელმაც ყურადღება ელინორისა და მარიან დეშვუდების დობრივ ურთიერთობაზე გაამახვილა. ელინორ დეშვუდის როლს დეიზი ედგარ-ჯოუნსი ასრულებს, მარიან დეშვუდს ესმე კრიდ-მაილზი განასახიერებს, ქალბატონ დეშვუდს კი კატრიონა ბალფი თამაშობს. ოსტინის ტექსტის წაკითხვა ეკრანიზაციის ნახვამდე საუკეთესო გზაა დების ხასიათების იმ ნიუანსების აღსაქმელად, რომლებსაც რეიდის ახალი სცენარი ეყრდნობა.
„I Never Promised You a Rose Garden“ – ჯოან გრინბერგი
მწერლის 1964 წელს გამოცემული რომანის ეკრანიზაციის უფლებები კინორეჟისორმა ეშლი ეივისმა ათწლიანი მცდელობის შემდეგ მოიპოვა. წიგნის სიუჟეტი მოგვითხრობს რთული გამოწვევების წინაშე მდგარ ებრაელ მოზარდზე, დებორა ბლაუზე, რომელიც ჩესტნატ-ლოჯის საავადმყოფოში მოხვედრამდე საკუთარ წარმოსახვით სამეფოს აფარებს თავს. ეივისი ფილმს საკუთარი სცენარით გადაიღებს და ედუარდ უინტერსთან ერთად, საპროდიუსერო კომპანია Winterstone Pictures-ით, პროდიუსერიც იქნება. რომანს 1977 წელს უკვე მოჰყვა ენტონი პეიჯის ეკრანიზაცია ქეთლინ ქუინლანის მონაწილეობით, ახალი ვერსიის შექმნისას კი ეივისმა აღნიშნა:
ჯოან გრინბერგმა შექმნა ამბავი, რომელიც ერთდროულად ღრმად ინტიმური და განსაცვიფრებლად წარმოსახვითია, რადგან ის გაბედულად პირადულია.
„Future Me“ – დარია ვასილევა
ავტორის ეს საშინელებათა ჟანრის მოთხრობა თავდაპირველად პლატფორმა Reddit-ის განყოფილება NoSleep-ში გამოჩნდა და ინტერნეტმომხმარებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ტექსტი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ვებგვერდ FutureMe-ის მეშვეობით საკუთარი წარსულიდან შემაძრწუნებელ წერილს იღებს. მოთხრობის მიხედვით საშინელებათა თრილერს რეჟისორი ცოლ-ქმარი, ჯოზეფი და ვანესა უინტერები გადაიღებენ. ეს სურათი კომპანიების – Longevity Pictures-ის, Spooky Pictures-ისა და აბუ-დაბის სტუდია Image Nation Studios-ის – მრავალფილმიანი შეთანხმების პირველი ნამუშევარია, რომლის პროდიუსერებიც მაჯდ ნასიფი, სტივენ შნაიდერი და როი ლი იქნებიან.
„Yaga“ – კეტ სენდლერი
დრამატურგმა კეტ სენდლერმა საკუთარი პიესა რვაეპიზოდიან სატელევიზიო თრილერად თავად გადააკეთა, რომელსაც მაყურებელი სტრიმინგ პლატფორმებზე, AMC+-სა და Crave-ზე იხილავს. თითოეული ნახევარსაათიანი ეპიზოდი სლავური ფოლკლორის ცნობილ ფიგურას, ბაბა-იაგას ახლებურად აცოცხლებს და ახალგაზრდა მემკვიდრის, ჰენრის იდუმალ გაუჩინარებას იკვლევს. სატელევიზიო ადაპტაციაში ბიოლოგიის პროფესორ ქეთრინის სახეს კერი-ენ მოსი განასახიერებს, დეტექტივ კარსონის როლს კლარკ ბაკო ასრულებს, ხოლო გამომძიებელ რაპს – ნოა რეიდი. პროექტში მსახიობი ჰადსონ უილიამსი ერთდროულად ორ განსხვავებულ როლს შეასრულებს.
