ურსულა კ. ლე გუინის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში (Ursula K. Le Guin Prize for Fiction) რომანისთვის „Audition“ მწერალ პიპ ადამს გადაეცა. ამის შესახებ გამოცემები Literary Hub-ი და Reactor-ი წერენ. ურსულა კ. ლე გუინის ფონდმა გამარჯვებული 21 ოქტომბერს გამოაცხადა, ჯილდოს ფულადი ნაწილი კი 25 000 აშშ დოლარს შეადგენს.
გამარჯვებული რომანი, რომელიც გამომცემლობა Coffee House Press-მა გამოსცა, იმ სამ ადამიანზე მოგვითხრობს, რომლებსაც საზოგადოება უსარგებლოდ მიიჩნევს, თუმცა ისინი საკუთარი თავის, ერთმანეთისა და იმედისკენ მიმავალ გზას პოულობენ.
რატომ გაიმარჯვა პიპ ადამმა
წლევანდელი მოკლე სია ავტორებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში ნიკოლა გრიფითი, მეტ ჯონსონი, დარსი ლითლ ბეჯერი, ფონდა ლი და პიტერ როკი შედიოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ „Audition“ გამაოგნებელი და, საბოლოოდ, სასიხარულო ნაწარმოებია.
გამარჯვების შემდეგ პიპ ადამმა აღნიშნა:
მჯერა, რომ სიტყვებით გამოუთქმელის აღწერის ან იმის დაწერის მცდელობაში, რაც ჯერ კიდევ არ არსებობს, წარმოუდგენელი მაგიაა.
ურსულა კ. ლე გუინის პრემია იმ წიგნებს გადაეცემა, რომლებიც ცნობილი მწერლის ლიტერატურულ, მორალურსა და ესთეტიკურ იდეალებს ასახავს. ჯილდო იმ ავტორებს გამოარჩევს, რომლებიც ეხმიანებიან ლე გუინის გამოსვლას ამერიკის ეროვნული წიგნის ჯილდოს (National Book Awards) ცერემონიაზე. მწერალმა 2014 წელს სიტყვით გამოსვლისას იმ რეალისტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც იმედსა და თანამედროვე ცხოვრების ალტერნატივებს წარმოიდგენენ.
პრემია 2022 წელს დაარსდა და პირველად იმავე წელს გაიცა. მისი პირველი ლაურეატი ხადიჯა აბდალა ბაჯაბერი გახდა წიგნისთვის „The House of Rust“. წარსულში ეს ჯილდო რებეკა კემპბელმა წიგნისთვის „Arboreality“, ან დე მარკენმა რომანისთვის „It Lasts Forever and Then It’s Over“ და ვაჯრა ჩანდრასეკერამ რომანისთვის „Rakesfall“ მიიღეს.
წიგნი ხელმისაწვდომია uBooks.ge-ზეAudition65,00 ₾ · მარაგშია
