რამდენიმე გახმაურებული წიგნის ეკრანიზაცია ერთდროულად კინოს, ანიმაციის, აუდიოსერიალებისა და ვიდეოთამაშების ფორმატში აქტიურ ფაზაში შევიდა. გასულ დღეებში მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა როგორც კლასიკური ტექსტების, ისე თანამედროვე რომანების ადაპტაციის შესახებ.
„Wildwood“ – კოლინ მელოი და კარსონ ელისი
მელოისა და ელისის 2011 წლის რომანის მიხედვით სტუდია Laika-მ სრულმეტრაჟიანი სტოპ-მოუშენ ანიმაციური ფილმი შექმნა, რომლის რეჟისორიც ტრევის ნაიტია. როგორც Variety წერს, 130-წუთიანი ფილმი, რომელიც Laika-ს პირველი PG-13 რეიტინგის მქონე პროექტია, Fathom-მა 23 ოქტომბერს გამოუშვა. ამბავი პრუს შესახებ გვიამბობს, რომელსაც პეიტონ ელიზაბეთ ლი ახმოვანებს. გოგონა გატაცებული პატარა ძმის გადასარჩენად პორტლენდის შემოგარენში მდებარე აკრძალულ ტყეში მიემგზავრება.
„განძის კუნძული“ (Treasure Island) – რობერტ ლუის სტივენსონი
სტივენსონის 1883 წლის სათავგადასავლო რომანს პოდკასტების ქსელი Noiser-ი სერიალიზებული აუდიოწიგნის სახით უშვებს, რომელშიც ყველა პერსონაჟს მსახიობი რუპერტ გრინტი გაახმოვანებს. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ეპიზოდები ყოველკვირეულად, 8 დეკემბრიდან გამოვა. სიუჟეტი ჯიმ ჰოკინსის გარშემო ვითარდება, რომელიც ძველ სკივრში მეკობრეების განძის რუკას პოულობს და ხომალდ „Hispaniola-თი“ შორეულ მოგზაურობაში მიემართება.
„ოდისეა“ (The Odyssey) – ჰომეროსი
ჰომეროსის ეპიკური პოემის მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი კრისტოფერ ნოლანმა Universal Pictures-ისთვის გადაიღო. გადამღებმა ჯგუფმა მასშტაბური დეკორაციები მაროკოში, საბერძნეთში, იტალიაში, ისლანდიაში, შოტლანდიასა და აშშ-ში ააგო, მათ შორის 35 ფუტის სიმაღლის ტროას ცხენიც. ფილმში ოდისევსის როლს მეტ დეიმონი ასრულებს, ათენას – ზენდეია, ხოლო ციკლოპ პოლიფემოსის სახეს ბილ ირვინი ქმნის.
„Tangles“ – სარა ლივიტი
ლივიტის გრაფიკული მემუარი რეჟისორმა ლია ნელსონმა Independent Film Company-სთან ერთად სრულმეტრაჟიან ანიმაციურ დრამად გადაამუშავა. წიგნი 1990-იანი წლების მიწურულს ავტორის პირად გამოცდილებასა და ალცჰაიმერის დაავადებასთან დედის ბრძოლას აღწერს. ანიმაციურ ფილმში სარას პერსონაჟს ები ჯეიკობსონი ახმოვანებს, ხოლო დედას – ჯულია ლუი-დრეიფუსი.
„House of Night“ – პ. ს. კასტი და კრისტინ კასტი
კასტების საყმაწვილო ფენტეზისა და რომანტიკის ჟანრის სერიის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის რეჟისორად ჯოანა უოტსი დაინიშნა. როგორც Deadline-ი იტყობინება, Davis Films-ისა და Hassell Free Productions-ის ერთობლივი პროექტის გადაღებები 2027 წლის დასაწყისში დაიწყება. წიგნის მთავარი გმირია მოზარდი ზოი, რომელიც ვამპირად გახდომის ნიშნის გაჩენის შემდეგ იდუმალ პანსიონში ხვდება და იშვიათ მაგიურ შესაძლებლობებს ავლენს.
„ათას ერთი ღამე“ (1001 Arabian Nights) – ხალხური ზღაპრების კრებული
ახლოაღმოსავლური ხალხური ზღაპრების ცნობილმა კრებულმა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში გადაინაცვლა. სტუდია MBC Game Studio-მ შექმნა სამმოთამაშიანი კოოპერაციული სათავგადასავლო ვიდეოთამაში „1001 Threads of Mizan“, რომელიც ამ კრებულის მოტივებს ეფუძნება. პროექტი 2027 წელს გამოვა პლატფორმებზე PlayStation 5, Xbox Series X/S, Nintendo Switch 2 და PC.
