ნიკოლას სპარკსის ცნობილი რომანის მიხედვით შექმნილი მიუზიკლი „The Notebook“ ლონდონის ვესტ-ენდზე 2027 წლის 13 აპრილს გამოვა. ამის შესახებ Variety-ი და Deadline-ი წერენ. წინასწარი ჩვენებები 2027 წლის 10 მარტს დაიწყება, დადგმა კი ლონდონში 11 დეკემბრამდე დარჩება. ეს პირველი დადგმა იქნება ახლახან გადარქმეულ ჯუდი დენჩის თეატრში, რომელსაც მანამდე შაფტსბერის თეატრი ერქვა.
მიუზიკლის მუსიკა და ტექსტი ინგრიდ მაიკელსონს ეკუთვნის, ლიბრეტო კი ბეკა ბრანსტეტერმა დაწერა. დადგმის რეჟისორები მაიკლ გრაიფი და შელ უილიამსი არიან, ხოლო ქორეოგრაფიაზე კეიტი სპელმანმა იმუშავა. ვესტ-ენდის დადგმის პროდიუსერები კევინ მაკკოლუმი, კურტ დოიჩი და ჯეიმი უილსონი არიან. სამსახიობო შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
დადგმა სპარკსის ბესტსელერ რომანს ეფუძნება, რომელიც პირველად 30 წლის წინ გამოიცა. წიგნის მიხედვით მოგვიანებით პოპულარული ფილმიც შეიქმნა, სადაც მთავარი როლები რეიჩელ მაკადამზმა და რაიან გოსლინგმა შეასრულეს.
რომანის ავტორმა ნიკოლას სპარკსმა აღნიშნა:
მსოფლიო გამოხმაურება დაუჯერებელი იყო და ძალიან მიხარია, რომ ამ ამბის ახალ ეტაპს ლონდონელ მაყურებელს გავუზიარებ.
ვესტ-ენდამდე მიუზიკლის პრემიერა ბროდვეიზე 2024 წლის 14 მარტს შედგა, თუმცა შერეული გამოხმაურებების შემდეგ დადგმა იმავე წლის 15 დეკემბერს დაიხურა. სპექტაკლმა ტონის პრემიის (Tony Award) სამი ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის მსახიობებისთვის – დორიან ჰერვუდისა და მერიენ პლანკეტისთვის, ასევე ბრანსტეტერისთვის – მიუზიკლის საუკეთესო ლიბრეტოს ნომინაციაში.
პროექტის საგასტროლო ტურნე, რომელიც 2025 წლის 6 სექტემბერს დაიწყო, ჩრდილოეთ ამერიკაში ახლაც გრძელდება. ლონდონის წარმოდგენების ბილეთები უკვე იყიდება. მათი ფასი 20 ფუნტი სტერლინგიდან იწყება, 50 000 ბილეთი კი 50 ფუნტი სტერლინგი ან ნაკლები ეღირება.
