რამდენიმე წიგნისა და გრაფიკული რომანის ეკრანიზაციის სამუშაოები ერთდროულად წინ მიიწევს. ლიტერატურულ პროექტებს შორის არის როგორც კლასიკური ნაწარმოები, ისე თანამედროვე გრაფიკული რომანი, დეტექტიური სერია და საერთაშორისო ჯილდოზე ნომინირებული მხატვრული პროზა. როგორც Variety-ი და Deadline-ი წერენ, ამ კვირაში ახალი სერიალებისა და ფილმების სამსახიობო შემადგენლობები, რეჟისორები და პრემიერის თარიღები გახდა ცნობილი. წარმოგიდგენთ ოთხ გამორჩეულ წიგნს, რომელთა გაცნობაც ეკრანზე მათ გამოჩენამდე ღირს.
„საშობაო სიმღერა“ – ჩარლზ დიკენსი და ახალი ეკრანიზაცია
დიკენსის კლასიკური მოთხრობის, „საშობაო სიმღერის“ (A Christmas Carol) მიხედვით შექმნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სახელწოდებით „Ebenezer“, კინოთეატრებში 13 ნოემბერს გამოვა. Paramount Pictures-ის ახალ ნამუშევარს რეჟისორი ტაი უესტი ხელმძღვანელობს. სცენარი ნათანიელ ჰალპერნმა მოარგო და დიკენსის კლასიკურ მოჩვენებების ამბავს ბევრად უფრო ბნელი ხასიათი და ატმოსფერო შესძინა. მთავარ როლში, ებენეზერ სკრუჯის სახით, მაყურებელი ჯონი დეპს იხილავს. მასთან ერთად ფილმში როლებს ასრულებენ რუპერტ გრინტი, ანდრეა რაიზბორო, სემ კლაფლინი, იენ მაკ-კელენი და დეიზი რიდლი. Paramount Pictures-მა ფილმის სარეკლამო კამპანიისთვის Venmo-ს მოქმედი ანგარიშიც შექმნა, რომელიც პენსებს გასცემს და მომხმარებელთა გადახდებს იღებს.
„Rules of Prey“ – ჯონ სენდფორდი
სენდფორდის „Prey“-ს წიგნების სერიის პირველ რომანს რვაეპიზოდიან კრიმინალურ თრილერად სტრიმინგ პლატფორმა MGM+ გადაიღებს. წიგნის სიუჟეტი ყოფილი დეტექტივის, ლუკას დევენპორტის გარშემო ვითარდება, რომელიც განდეგილურ ცხოვრებას წყვეტს, რათა მინეაპოლისში მოქმედ გამჭრიახ სერიულ მკვლელს დაედევნოს. სერიალის შემქმნელი და შოურანერი ბრიუს ტერისია, ხოლო პირველ ორ ეპიზოდს რეჟისორი დენიელ საქჰაიმი გადაიღებს. სატელევიზიო პროექტის წარმოებაზე MGM Television-ი და Take 5 Productions-ი ზრუნავენ. მთავარ როლს ჯენსენ ეკლსი შეასრულებს. სერიალის მუდმივ სამსახიობო შემადგენლობაში მას ლუსი ფრაი და ამანდა ბრიუგელი შეუერთდნენ.
„Stillwater“ – ჩიპ ზდარსკი და რამონ კ. პერესი
Skybound-ის ამავე სახელწოდების გრაფიკული რომანის მიხედვით, რომელიც ჩიპ ზდარსკიმ და რამონ კ. პერესმა შექმნეს, სტრიმინგ პლატფორმა Prime Video რვაეპიზოდიან საშინელებათა თრილერს გადაიღებს. ნაწარმოების სიუჟეტის ცენტრშია ყოფილი პატიმარი, რომელიც აღმოაჩენს პატარა ქალაქს, სადაც არავინ ბერდება, არავინ კვდება და საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. მთავარი გმირის, დენიელ უესტის როლს მსახიობი ბენ ჰარდი შეასრულებს. სერიალის აღმასრულებელ პროდიუსერებად გრეგ ბერლანტი და კარლი რეი მუშაობენ. პროექტის ძირითად სამსახიობო შემადგენლობას ცოტა ხნის წინ ტომ ჰოლანდერი, აჟა ნაომი კინგი და ბო იანგი შეემატნენ.
„Perfection“ – ვინჩენცო ლატრონიკო
ლატრონიკოს რომანი, რომელიც 2025 წლის საერთაშორისო ბუკერის პრემიის (International Booker Prize) მოკლე სიაში მოხვდა, ბერლინში მცხოვრები ემიგრანტი მილენიალების – ციფრული სფეროს შემოქმედთა ყოველდღიურობას ეხება. რომანის მიხედვით დაგეგმილი ეკრანიზაცია რეჟისორ მიხალ მარჩაკის სრულმეტრაჟიანი მხატვრული სადებიუტო ნამუშევარი იქნება. ფილმი ახლა განვითარების საწყის ეტაპზეა, ხოლო ინგლისურენოვან სცენარსა და დიალოგებზე მარჩაკი თანასცენარისტთან ერთად მუშაობს. ეკრანიზაციაზე Razor Film-ის პროდიუსერი რომან პაული, Potboiler Productions-ის პროდიუსერი ანდრეა კალდერვუდი და Vivo Film-ის წარმომადგენელი მარტა დონძელი გაერთიანდნენ.
