მწერალთა წყვილი, მარლონ ჯეიმზი და ნიკოლას ბოგზი, ბრიტანეთის ორ უმთავრეს ლიტერატურულ ჯილდოზე ერთდროულად წარადგინეს. როგორც The Guardian-ი წერს, მარლონ ჯეიმზი რომანით „The Disappearers“ ბუკერის პრემიის (Booker Prize) მოკლე სიაში მოხვდა, ნიკოლას ბოგზის სადებიუტო წიგნი „Baldwin: A Love Story“ კი ბეილი გიფორდის არამხატვრული ლიტერატურის პრემიის (Baillie Gifford Prize for Nonfiction) ფინალისტებს შორის დასახელდა. ბუკერის პრემიის მოკლე სია სექტემბერში გამოცხადდა, ბეილი გიფორდის ჯილდოს ნომინანტები კი – 1 ოქტომბერს.
ჯეიმზმა და ბოგზმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს და ამჟამად ბრუკლინში, უილიამსბერგში ერთად ცხოვრობენ. „The Disappearers“ ჯეიმზის მეექვსე რომანია, რომელიც შიდსის ეპოქაში იამაიკაზე არსებულ ჰომოფობიურ ძალადობასა და ქვიარ თემის ყოველდღიურობას იკვლევს. ავტორმა სიუჟეტი 1980-იანი წლების მიწურულს კინგსტონში მომხდარი ჰომოფობიური თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ხმებზე ააგო და მოვლენების აღსადგენად რამდენიმე წლის განმავლობაში ოცამდე ადამიანს გაესაუბრა. The New York Times-ის კრიტიკოსმა დუაიტ გარნერმა რომანს შედევრი უწოდა და ავტორი უილიამ ფოლკნერს, ტონი მორისონსა და სალმან რუშდის შეადარა.
ბოგზმა კი ოცზე მეტი წელი დაუთმო მწერალ ჯეიმზ ბოლდუინის ინტიმური ცხოვრებისა და შემოქმედებითი კავშირების შესწავლას. სწორედ ბოგზის რჩევით შეიტანა ჯეიმზმა თავის ახალ რომანში ჯონ ჰერბერტის 1967 წლის პიესა „Fortune and Men’s Eyes“ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 1969 წელს თურქეთში ეს სპექტაკლი თავად ბოლდუინმა დადგა.
საერთო შემოქმედებით პროცესზე ნიკოლას ბოგზმა აღნიშნა:
მარლონს ჩემი წიგნი დასრულებამდე არ წაუკითხავს, მე კი მისი რომანის კითხვა გამოცემის დღეს დავასრულე.
ჯეიმზმა ბუკერის პრემია 2015 წელს რომანისთვის „A Brief History of Seven Killings“ მიიღო და პირველი იამაიკელი ლაურეატი გახდა. მის სადებიუტო რომანზე, „John Crow’s Devil“, 2005 წელს გამოცემამდე გამომცემლებმა უარი 78-ჯერ თქვეს. ავტორი კინგსტონში გაიზარდა, 2007 წელს კი მინეაპოლისში სამუშაოდ გადავიდა; მოგვიანებით მან სატელევიზიო სერიალისთვის „Get Millie Black“ სცენარიც დაწერა.
ახლა ლიტერატურული წყვილი საერთო კინოპროექტზეც მუშაობს. კომპანია Anonymous Content-მა ბოგზის წიგნის „Baldwin: A Love Story“ ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. პროექტის თანაპროდიუსერი Higher Ground-ია, სცენარზე კი ჯეიმზი და ბოგზი ერთობლივად იმუშავებენ.
