სხვადასხვა ჟანრის ოთხი გამორჩეული წიგნის საეკრანო ადაპტაციაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ კვირაში რამდენიმე პროექტის წარმოება ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ის ლიტერატურული პირველწყაროებია, რომლებიც პრემიერამდე უნდა წაიკითხოთ.
„The Birds“ – დაფნი დიუ მორიე
დაფნი დიუ მორიეს ამ ცნობილ მოთხრობასა და ალფრედ ჰიჩკოკის 1963 წლის საკულტო ფილმზე დაყრდნობით, HBO მინისერიალზე მუშაობს, რომლის სცენარისტიც ტომ სპეზიალი იქნება. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, Universal Global Television-ისა და HBO-ს ერთობლივი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები დეივიდ ჰეიმანი და ტომ სპეზიალი არიან. სიუჟეტის ცენტრშია მაირა მესი, რომლის როლსაც სარა სნუკი შეასრულებს – ის მშობლიურ ქალაქში თავის ქალიშვილს იცავს, სადაც მეგობრის გაუჩინარების, თავისუფლებაზე მყოფი მკვლელისა და ფრინველთა სასიკვდილო თავდასხმების ფონზე მოვლენები დრამატულად ვითარდება. მოთხრობის წაკითხვა ეკრანიზაციამდე საშუალებას მოგცემთ, ორიგინალური ლიტერატურული დაძაბულობა ჰიჩკოკისეულ ხედვასა და ახალ სატელევიზიო ვერსიას შეადაროთ.
„The Art of Fielding“ – ჩად ჰარბახი
მწერლის ბესტსელერი რომანი, რომელიც 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და რომლის ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარიც გაიყიდა, თავის გაგრძელებასთან, „The Brightness“-თან ერთად, სერიალად იქცევა. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, სატელევიზიო უფლებები სტუდია A24-მა შეიძინა, პროექტის შოურანერი და რეჟისორი კი შონ დერკინი იქნება. Westward-ისა და A24-ის სერიალის პირველი ნაწილი გამოგონილი ვესტიშის კოლეჯის ბეისბოლის გუნდის გარშემო ვითარდება, გაგრძელება კი იმავე სასწავლებლის შემოქმედებითი ახალგაზრდა ქალების ამბავს მოგვითხრობს. სანამ სტუდია ეკრანიზაციას დაასრულებს, უმჯობესია, კოლეჯის ატმოსფეროში თავად რომანების მეშვეობით გადაინაცვლოთ.
„iHunt: Killing Monsters in the Gig Economy“ – ოლივია ჰილი და ფილამენა იანგი
თანაავტორების რომანების სერიის მიხედვით სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებენ, რომლის სცენარიც თავად ოლივია ჰილმა დაწერა. Variety-ის ცნობით, ფილმის რეჟისორი სკოტ გლოსერმანია, აღმასრულებელი პროდიუსერი – ლილი ვაჩოვსკი, ხოლო სპეციალურად ფილმისთვის შექმნილ ახალ პერსონაჟს, სანდრას, ჯეს ელჯინი განასახიერებს. სიუჟეტი სან-ჯენაროში მცხოვრებ სამ განუყრელ მეგობარ ქალზეა, რომლებიც ურჩხულებზე სანადიროდ დროებითი სამუშაოს საძიებო მობილურ აპლიკაციას იყენებენ. გარდა ამისა, მზადდება სატელევიზიო პილოტიც, რომლის შოურანერიც ენ კოფელ სონდერსია, ამიტომ ამ არაორდინარული სამყაროს გასაცნობად ლიტერატურული პირველწყარო საუკეთესო დასაწყისია.
„High in the Clouds“ – პოლ მაკ-კარტნი და ფილიპ არდა
2005 წელს გამოცემული ეს საბავშვო წიგნი, რომელიც პოლ მაკ-კარტნიმ ფილიპ არდასთან ერთად შექმნა და ჯეფ დანბარმა დააილუსტრა, 3D ანიმაციურ სრულმეტრაჟიან ფილმად იქცევა. როგორც Deadline-ი წერს, ფილმს, რომელსაც ჯონ კროკერის სცენარით ტობი გენკელი იღებს, Gaumont Animation-ი და 88 Pictures-ი აწარმოებენ. ამბავი მოზარდი ციყვის, უირალის გარშემო ვითარდება, რომელიც მუსიკის გასათავისუფლებლად ბუ გრეჩის წინააღმდეგ რევოლუციას იწყებს, პერსონაჟის დედას კი სელინ დიონი გაახმოვანებს და მაკ-კარტნის დაწერილ სიმღერებსაც შეასრულებს. სელინ დიონის მონაწილეობის შესახებ პოლ მაკ-კარტნიმ აღნიშნა:
ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენი ფილმის, „High in the Clouds“-ის ნაწილია. ახლახან მის რამდენიმე პარტიას მოვუსმინე და განცვიფრებული ვარ.
