„ჰარი პოტერის“ სერიალის მეორე სეზონის წარმოება პირველი სეზონის გამოსვლამდე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. როგორც Deadline-ი წერს, HBO-მ პროექტის თანაშოურანერად ფრანჩესკა გარდინერთან ერთად ჯონ ბრაუნი დააწინაურა. ამასთანავე, არხმა ჯ.კ. როულინგის მეორე რომანის, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ (Harry Potter and the Chamber of Secrets) ადაპტაციისთვის სამსახიობო შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააფართოვა. პირველი სეზონის პრემიერა წელს, შობის დღეს გაიმართება, მეორე სეზონის გადაღებების დაწყებას კი შემოქმედებითი გუნდი შემოდგომაზე, მის სატელევიზიო დებიუტამდე გეგმავს.
მეორე სეზონის სამსახიობო გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და გადაადგილება მოხდა. გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო პროექტი მსახიობმა გრეისი კოკრანმა დატოვა, რის გამოც ჯინი უიზლის როლს ახალ სეზონში ბონი ჰილი შეასრულებს. პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟს კიტ ჰარინგტონი მოირგებს მას შემდეგ, რაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო როლზე უარი ნიკოლას ჰოლტმა თქვა.
მსახიობთა დასს კიდევ არაერთი საკვანძო პერსონაჟი შეემატა. მეორე სეზონში სახლის ელფ დობის ლენი რაში განასახიერებს, ხოლო ლორდ ვოლდემორის ახალგაზრდობის ვერსიას, ტომ რიდლს, ბილი ბარეტი ითამაშებს. მტირალა მირტლის როლს მაყურებლის წინაშე მოლი ჰიუიტ-რიჩარდსი შეასრულებს, ართურ უიზლის – რეიფ სპოლი, კოლინ კრივის კი – ჯასპერ ემბროუზი. გარდა ამისა, ჩარლი უიზლის როლზე ჰარი გილბი დამტკიცდა, ხოლო ჯასპერ ტალბოტი და ჰანა ჩინი ჯეიმზ და ლილი პოტერების როლებს შეასრულებენ.
როგორ ვითარდება „ჰარი პოტერის“ სერიალი
ახალი სატელევიზიო ადაპტაცია იმგვარად არის ჩაფიქრებული, რომ ყოველ სეზონში ჯ.კ. როულინგის თითო წიგნის ეკრანიზაცია მოხდეს, თუმცა მესამე სეზონი ოფიციალურად ჯერ არ განუახლებიათ. სერიალს HBO კომპანიებთან Brontë Film and TV-სა და Warner Bros. Television-თან პარტნიორობით ამზადებს. რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორი მარკ მაილოდია, რომელიც ფრანჩესკა გარდინერთან ერთად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობასაც ასრულებს. აღმასრულებელ პროდიუსერთა შორის ასევე არიან თავად ჯ.კ. როულინგი, ნილ ბლერი, რუთ კენლი-ლეტსი და დეივიდ ჰეიმანი. სერიალი HBO-ს არხზე გავა და ექსკლუზიურად სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
სეზონებს შორის მოსალოდნელ ინტერვალზე კეისი ბლოისმა განაცხადა:
სეზონებს შორის ორწლიანი შუალედი არ იქნება, ყველანაირად ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად შევამციროთ.
