Netflix-მა ჯეინ ოსტინის რომანის, „სიამაყე და ცრურწმენა“ (Pride and Prejudice) ახალი ექვსეპიზოდიანი ეკრანიზაციის სრული თრეილერი გამოაქვეყნა. როგორც გამოცემები Deadline-ი, The Hollywood Reporter-ი, Variety-ი და Book Riot-ი წერენ, ისტორიული მინისერიალის პრემიერა სტრიმინგ პლატფორმაზე 3 დეკემბერს შედგება. ახალ ვიდეორგოლში მაყურებელმა ჯეინ ოსტინის ნაწარმოების პერსონაჟები და სიუჟეტის მთავარი დეტალები იხილა.
მინისერიალის სცენარისტი და შემქმნელი ბესტსელერად ქცეული რომანტიკული პროზის – „Good Material“-ისა და „Ghosts“-ის – ავტორი დოლი ოლდერტონია, რეჟისორი კი ევროს ლინია. შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, ახალი პროექტი ჯეინ ოსტინის ნაწარმოების ერთგული და კლასიკური ადაპტაციაა. სერიალის პირველი მოკლე თიზერი 24 თებერვალს გამოვიდა, ახლახან გამოქვეყნებულ სრულ თრეილერში კი დები ბენეტების ბალიშებით ბრძოლის ეპიზოდიც გამოჩნდა.
ჯეინ ოსტინის კლასიკის ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობა
სერიალში ელიზაბეთ ბენეტის როლს ემა კორინი ასრულებს, მისტერ დარსის სახეს კი ჯეკ ლოუდენი ქმნის. კორინისთვის ეს პროექტი აღმასრულებელი პროდიუსერის რანგშიც სადებიუტო ნამუშევარია. ოჯახის უფროსების როლებში ცნობილი მსახიობები გამოჩნდებიან: მისის ბენეტს ოლივია კოლმანი განასახიერებს, მისტერ ბენეტის როლს კი რუფუს სიუელი ასრულებს. დანარჩენი დების როლები ახალგაზრდა მსახიობებმა გაინაწილეს – ფრეია მევორმა (ჯეინი), რია ნორვუდმა (ლიდია), ჰოუპ პერიშმა (მერი) და ჰოლი ეივერიმ (კიტი).
სამსახიობო შემადგენლობაში ასევე შედიან ჯეიმი დემეტრიუ (მისტერ კოლინსი), დერილ მაკ-კორმაკი (მისტერ ბინგლი), ლუი პარტრიჯი (მისტერ უიკემი) და ფიონა შო (ლედი ქეთრინ დე ბურგი). ექვსეპიზოდიანი პროექტის პროდიუსერი ლიზა ოსბორნია. აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის, კორინთან, ოლდერტონსა და ლინთან ერთად, საპროდიუსერო კომპანია Lookout Point-ის წარმომადგენლებიც არიან: ლორა ლანკესტერი, უილ ჯონსტონი და ლუიზ მატერი. Lookout Point-ი BBC Studios-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს შორისაა გახმაურებული სერიალები: „Renegade Nell“, „Happy Valley“, „Gentleman Jack“ და „A Suitable Boy“.
როგორც დოლი ოლდერტონმა Deadline-თან საუბრისას აღნიშნა, ოსტინის ეს რომანი რომანტიკული კომედიის ჟანრის უმთავრესი ნიმუშია. გამოცემა The Hollywood Reporter-თან კი ავტორმა ნაწარმოების უცვლელ აქტუალობაზე გაამახვილა ყურადღება:
„სიამაყე და ცრურწმენა“ იმიტომ არის მარადიული ამბავი, რომ წიგნში აღწერილი ემოციები დღესაც ზუსტად ისევე აქტუალურია, როგორც 1812 წელს იყო.
ჯეინ ოსტინის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის წლევანდელი შემოდგომა განსაკუთრებით დატვირთულია – ოქტომბერში კინოთეატრებში რეჟისორ ჯორჯია ოუკლის მხატვრული ფილმიც გამოვიდა, რომელიც მწერლის კიდევ ერთი ცნობილი რომანის, „გრძნობისა და გონების“ (Sense and Sensibility) ახალი ეკრანიზაციაა.
წიგნი ხელმისაწვდომია uBooks.ge-ზეPride and Prejudice49,00 ₾ · მარაგშია
