საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ლიტერატურული ფესტივალი თბილისის წიგნის დღეები გაიმართა. როგორც „რადიო თავისუფლება“ იტყობინება, ქართულმა გამომცემლობებმა მკითხველს მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის ცნობილი უცხოური ნაწარმოებების თარგმანები და ისტორიულ-დოკუმენტური წიგნები გააცნეს.
გამომცემლობა „სულაკაურმა“ ფესტივალზე მექსიკელი მწერლის ხუან რულფოს მოთხრობების კრებული „ალმოდებული ველი“ (El Llano en llamas) წარადგინა. გამომცემლობა „დიოგენემ“ კი მკითხველს ორი გამორჩეული წიგნი შესთავაზა. მათ შორის არის იტალიელი ავტორის სტეფანო დ’არიგოს ორი წლის წინ აღმოჩენილი ტექსტი „მკვდარი სულების მყიდველი“, რომელიც ნიკოლაი გოგოლის „მკვდარ სულებს“ ეფუძნება. ამავე გამომცემლობამ დაბეჭდა ბუკერის პრემიის (Booker Prize) ავსტრალიელი ლაურეატის რიჩარდ ფლენეგანის რომანი „Question 7“, რომელიც ომის დროს ტყვეობაში მიღებულ გამოცდილებასა და იაპონიის ატომურ დაბომბვას ეხება.
საგამომცემლო სიახლეებს შორისაა ბრიტანელი ნევროლოგის ოლივერ საქსის ორი ნათარგმნი ნაშრომი: „ანთროპოლოგი მარსზე“ (An Anthropologist on Mars) და „ხილული ხმები“ (Seeing Voices). წიგნი „ანთროპოლოგი მარსზე“ შვიდ კლინიკურ შემთხვევას აერთიანებს, რომელთა შორის ამერიკელი მეცნიერის ტემპლ გრანდინის ამბავიცაა. გრანდინმა შინაური პირუტყვისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ფერმების დიზაინში რევოლუციური ცვლილებები შეიტანა, 2010 წელს კი ტელეკომპანია HBO-მ მის შესახებ ჯილდოს მფლობელი ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო.
ომის თემას ეძღვნება ქართული გამომცემლობების კიდევ ორი მნიშვნელოვანი წიგნი. „პალიტრა L-მა“ გამოსცა გიორგი კეკელიძის ნაშრომი „ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები“, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი სამხედრო კონფლიქტების ამბებია თავმოყრილი. გამომცემლობა „არტანუჯმა“ კი ხასან ბაიევის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფიცი – ქირურგი ჩეჩნეთის ომის ქარცეცხლში“ (The Oath: A Surgeon Under Fire) დაბეჭდა. ბაიევი ჩეჩნეთის ომის დროს დაჭრილ ჩეჩენ და რუს ჯარისკაცებს მკურნალობდა, რის გამოც ორივე დაპირისპირებულმა მხარემ ის მოღალატედ მიიჩნია. ექიმმა თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოვა, მისი წიგნი კი რუსეთში დღემდე გამოუცემელი რჩება.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა „ვეფხისტყაოსნის“ სრული მეგრული თარგმანის გამოცემა გახდა, რომელიც მკითხველს გამომცემლობა „ინტელექტმა“ წარუდგინა. შოთა რუსთაველის პოემა 1960-იან წლებში კაკა ჟვანიამ თარგმნა, თუმცა მისი შრომა აქამდე მხოლოდ კუსტარულად იყო დაბეჭდილი და დიდი ტირაჟით არასდროს გამოსულა.
გამოცემული თარგმანის ლიტერატურულ მნიშვნელობაზე ზვიად კვარაცხელიამ აღნიშნა:
ეს თარგმანი, ერთი მხრივ, არის მეგრული ენის გამოცდა, მისი პოეტური შესაძლებლობების წარმოჩენა.
