ბეილი გიფორდის არამხატვრული ლიტერატურის პრემია (Baillie Gifford Prize for Nonfiction) ბრიტანელმა ისტორიკოსმა ედმუნდ რიჩარდსონმა წიგნისთვის „Alexander: God, King, Man“ მოიპოვა. ამის შესახებ საგამომცემლო გამოცემა Publishing Perspectives-ი და აზერბაიჯანული პორტალი Kulis.az-ი წერენ. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 4 ნოემბერს ლონდონში, BMA House-ში, ბლავატნიკის ოჯახის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულ ავტორს 50 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცა. გამომცემლობა Bloomsbury-ში გამოსულმა ამ ბიოგრაფიულმა ნაშრომმა რიჩარდსონს პირველი დიდი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა.
ეს გამარჯვება განსაკუთრებულია იმითაც, რომ 1999 წელს პრემიის დაარსების შემდეგ (თავდაპირველად სემიუელ ჯონსონის პრემიის (Samuel Johnson Prize) სახელით არსებობდა), უძველესი ისტორიის შესახებ შექმნილმა წიგნმა პირველად გაიმარჯვა. რიჩარდსონი ათ წელზე მეტხანს ოთხ კონტინენტზე ატარებდა კვლევას და ისტორიული წყაროები თავად თარგმნა 12 ძველი ენიდან. ავტორის ნაშრომში გაერთიანებულია თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენები, ახალი ტექნოლოგიები და ალექსანდრეს მეფობის ხანაში ბაბილონელ ასტრონომთა დაკვირვებების გაშიფრული ჩანაწერები.
ბეილი გიფორდის პრემია: ჟიურის შეფასება და კონკურენცია
წლევანდელი პრემიის მფლობელი 350-ზე მეტი წიგნიდან შეირჩა, რომლებიც 2025 წლის ნოემბრიდან ოქტომბრამდე დიდ ბრიტანეთში გამოიცა. ჟიურის ტელერადიოწამყვანი და ხელოვნების ჟურნალისტი კერსტი ლენგი ხელმძღვანელობდა. შემფასებელთა შორის ასევე იყვნენ ბია კარვალიუ, ტიფანი ჯენკინსი, სემ ლითი, რავი მატუ და რომანისტი ელიფ შაფაქი. ჟიურის თავმჯდომარე კერსტი ლენგმა აღნიშნა:
„Alexander: God, King, Man“ არამხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშია – წიგნი, რომელიც, თავისი მთავარი გმირის მსგავსად, წინსვლას განუწყვეტლივ განაგრძობს.
მოკლე სიაში ედმუნდ რიჩარდსონთან ერთად წარდგენილი იყვნენ ანანდ გოპალი, მეთიუ სუიტი, ანდრეა ვულფი, ნიკოლას ბოგზი და პატრიკ რადენ კიფი. კიფს ეს პრემია 2021 წელს, წიგნისთვის „Empire of Pain“, უკვე ჰქონდა მოპოვებული.
ტოტალიზატორ William Hill-ის მონაცემებით, დაჯილდოების მთავარ ფავორიტად პატრიკ რადენ კიფი მიიჩნეოდა 9/4 კოეფიციენტით, ხოლო რიჩარდსონის შანსი მოულოდნელ გამარჯვებამდე 6/1-ად იყო შეფასებული. ბეილი გიფორდის პრემია ნებისმიერი ეროვნების ავტორს ენიჭება ნებისმიერ თემაზე შექმნილი არამხატვრული ნაშრომისთვის, თუკი წიგნი შესაბამის საანგარიშო პერიოდში დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ენაზე გამოიცა.
