საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა 19 ნოემბერს განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს საავტორო უფლებებით დაცული კულტურული შინაარსის გამოყენების შესახებ მტკიცების ტვირთს დააკისრებს. როგორც ფრანგული გამოცემა ActuaLitté წერს, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ტექნოლოგიურ კომპანიებს თავად მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ მოდელების გასაწვრთნელად შემოქმედთა ნამუშევრები უნებართვოდ არ გამოუყენებიათ.
მოქმედი კანონმდებლობით, ავტორებსა და საავტორო უფლებების მფლობელებს თავად უწევთ იმის დამტკიცება, რომ მათი ნაწარმოებები ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებმა გამოიყენეს, რათა სამართლიანი კომპენსაცია მოითხოვონ. ახალი ინიციატივა ამ წესს ცვლის და ავტორთა სასარგებლოდ პრეზუმფციას აწესებს.
საავტორო უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: ბრძოლა ასამბლეაში
საფრანგეთის სენატმა ამ ინიციატივას 8 აპრილს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. კანონპროექტის ავტორები სენატორები ანიეს ევრენი, ლორ დარკოსი და პიერ უზულიასი არიან. კულტურის საკითხთა კომისიის მომხსენებელმა დეპუტატმა ემანუელ მორელმა ივნისში ტექსტის შესწორებული ვარიანტი მოამზადა.
შემოქმედთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრისას ლორ დარკოსმა აღნიშნა:
დროა დავასრულოთ სამ-ოთხწლიანი თვითნებობა, როცა შინაარსს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ითვისებდნენ; ყველაფერი თავიდან, სამართლიან საფუძველზე უნდა დავაყენოთ.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჯერ კიდევ 11 ივნისს უნდა განეხილათ, თუმცა პროცესი 110 შესწორების გამო ჩაიშალა. ეს შესწორებები ძირითადად ფრაქცია Ensemble pour la République-ის წევრებმა წარადგინეს, რომელსაც გაბრიელ ატალი ხელმძღვანელობს. შემოქმედთა გაერთიანებებმა და გამომცემელთა ეროვნულმა სინდიკატმა (SNE) ეს ნაბიჯი საპარლამენტო ობსტრუქციად შეაფასეს, რის გამოც ფრანგი შემოქმედები საავტორო უფლებების დასაცავად გაბრიელ ატალს უკვე ღიად დაუპირისპირდნენ.
დოკუმენტი განსახილველად სოციალისტურმა ფრაქციამ საპარლამენტო ინიციატივის დღეს დააბრუნა. თუმცა კანონპროექტი ცხრა საკითხს შორის მეექვსე ადგილზეა, რაც დროის სიმცირის გამო მის მიღებას სათუოს ხდის. გარდა ამისა, სოციალისტური ფრაქციის თავმჯდომარე ბორის ვალო დოკუმენტის გაწვევას გეგმავს, თუ გაბრიელ ატალის გუნდი თავის შესწორებებს არ გააუქმებს.
