არგენტინელმა მწერალმა და ჟურნალისტმა მარია მორენომ რომანისთვის „La merma“ ფონდ „მედიფესა“ და „ფილბას“ პრემია (Premio Fundación Medifé Filba) მოიპოვა. როგორც Infobae წერს, წელს ჯილდო მეშვიდედ გაიცა და მისი საპრიზო ფონდი 6 000 000 არგენტინული პესოა. გამარჯვებული წიგნი გამომცემლობა Random House-მა გამოსცა.
„La merma“ ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება და 2021 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის, რეაბილიტაციისა და შეძენილი შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ინსულტმა მორენოს სხეულის მარჯვენა მხარის პარალიზება და მეტყველების სირთულეები გამოიწვია, რის გამოც მან მარცხენა ხელით წერა ისწავლა. წიგნი ქრონიკის, ესეს, პოეზიისა და მხატვრული პროზის ელემენტებს აერთიანებს და სამედიცინო ინსტიტუციებს, ზრუნვას, სექსუალობასა და დამოკიდებულებას თვითდახმარების ტრადიციული ჩარჩოების გარეშე იკვლევს.
ჟიურის შეფასება, ფინალისტები და მარია მორენოს გზა
პრემიის ჟიურის წევრები მწერლები გაბრიელა კაბესონ კამარა, ლეილა გერიერო და ალან პაულსი იყვნენ. ლეილა გერიერომ გამარჯვებული წიგნი ასე შეაფასა:
ბნელი და ამავე დროს ლაღი, სასტიკი და ოსტატურად ეშმაკური, შემძვრელი და სიცოცხლით სავსე წიგნია.
შერჩევის პროცესი ივლისში 280 წარდგენილი გამოცემის განხილვით დაიწყო, საიდანაც ჯერ ათი წიგნი შეირჩა, ოქტომბერში კი ხუთი ფინალისტი დასახელდა. მოკლე სიაში „La merma“-სთან ერთად მოხვდა რომინა პაულას „Hija biográfica“, მარტინ სანსია კავამიჩის „Kurepa“, მატიას ბატისტონის „La madre de Beckett tenía un burro“ და ტომას დაუნის „López López“.
მარია მორენო 1947 წელს ბუენოს-აირესში დაიბადა. მის ადრეულ ნამუშევრებს შორისაა „El affair Skeffington“, „El petiso orejudo“, „Black out“ და „Oración“. 2002 წელს მან გუგენჰაიმის სტიპენდია მიიღო, 2019 წელს – მანუელ როხასის იბეროამერიკული პრემია (Premio Iberoamericano Manuel Rojas). 2023 წელს მან პრემია „Ñ“ (Premio Ñ) მიიღო, ხოლო 2024 წელს – ბრილიანტის კონექსის პრემია (Premio Konex de Brillante). ფონდ „მედიფესა“ და „ფილბას“ პრემიის წინა გამარჯვებულები ხუან იგნასიო პისანო, ფედერიკო ფალკო, ხუან მატიო, დიეგო მუციო, გაბრიელა კაბესონ კამარა და კარმენ კასერესი არიან.
