ირლანდიაში ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ორი მილიონი ფიზიკური წიგნის გაციფრულებასა და შემდეგ განადგურებაში ადანაშაულებენ. როგორც Kulis.az-ი წერს, საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ დებატები ქვეყანაში ახალ ეტაპზე გადავიდა.
ირლანდიის მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა კონორ კოსტიკმა საპარლამენტო კომიტეტს მიმართა. მისი თქმით, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაახლოებით ორი მილიონი ფიზიკური წიგნი შეიძინეს, ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელი ბაზებისთვის თითოეული გვერდი დაასკანერეს, შემდეგ კი ქაღალდის ეგზემპლარები გაანადგურეს.
საავტორო უფლებების დარღვევასა და ავტორთა პროტესტზე booktok.ge ადრეც წერდა – მაშინ სახელმძღვანელოების ავტორებმა Anthropic-ის მორიგების პირობები გაასაჩივრეს.
ირლანდიაში წაყენებული ბრალდებები ცხადყოფს, რა მასშტაბისაა დავა ხელოვნური ინტელექტის მოდელების საწვრთნელად საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების უნებართვო გამოყენების გამო. ავტორები აცხადებენ, რომ ციფრული ასლების შექმნა კომპანიებს მფლობელის თანხმობის გარეშე კომერციული სარგებლის მიღების უფლებას არ აძლევს.
მწერალთა უფლებების დაცვის საკითხი კვლავ გადაუჭრელია, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერები კი მილიონობით წიგნიდან მიღებული ტექსტებითა და ცოდნით სარგებლობენ.
