Goodreads-ის მკითხველთა რჩეულის ჯილდოს (Goodreads Choice Awards) წლევანდელი ნომინანტები გამოცხადდა – სიაში 15 კატეგორიაში გადანაწილებული 300 წიგნი მოხვდა. როგორც Edebiyat Haber-ი წერს, თითოეულ კატეგორიაში 20 ნაწარმოებია წარდგენილი.
ხმის მიცემის პირველი ეტაპი 10 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ Goodreads-ის რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ, რომლებსაც თითო კატეგორიაში ერთი წიგნის არჩევის უფლება აქვთ.
თითოეული კატეგორიიდან ყველაზე მეტი ხმის მქონე ათი წიგნი ფინალურ ეტაპზე გადავა. დასკვნითი კენჭისყრა 24 ნოემბერს გაიხსნება და 29 ნოემბერს დასრულდება, გამარჯვებულებს კი 3 დეკემბერს დაასახელებენ.
როგორ შეირჩა ნომინანტები და რა კატეგორიებია კონკურსში
ნომინანტები პლატფორმის სტატისტიკით შეირჩა – იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად ამატებენ, აფასებენ და განიხილავენ მომხმარებლები მილიონობით წიგნს. აუდიოწიგნის კატეგორიაში Goodreads-ის მონაცემებთან ერთად Audible-ის მოსმენებისა და შეფასებების მაჩვენებლებიც გაითვალისწინეს.
კონკურსში მონაწილეობისთვის წიგნს ხმის მიცემის დაწყებისას საშუალო შეფასება სულ მცირე 3,50 უნდა ჰქონოდა. გარდა ამისა, ნაწარმოები ინგლისურ ენაზე შეერთებულ შტატებში 2025 წლის 12 ნოემბრიდან წლევანდელ 10 ნოემბრამდე უნდა გამოცემულიყო, თუმცა დასაშვებია თარგმანები და ცალკეული ხელახალი გამოცემებიც.
წლევანდელი კატეგორიები აერთიანებს მხატვრულ ლიტერატურას, ისტორიულ პროზას, დეტექტივსა და თრილერს, რომანს, რომანტეზის, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ჰორორს. სიაში ასევე შედის სადებიუტო რომანი, აუდიოწიგნი, მოზარდთა ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა, მოზარდთა მხატვრული ლიტერატურა, დოკუმენტური ლიტერატურა, მემუარები, ისტორია და ბიოგრაფია.
