კინოსტუდია A24 და კომპანია Square Peg ემა კლაინის ბესტსელერ „The Guest“-ის ეკრანიზაციის უფლებების მოსაპოვებლად მოლაპარაკებას მართავენ. ფილმში მთავარი როლის შესრულებასა და Square Peg-თან ერთად პროდიუსერობაზე მოლაპარაკება მსახიობ სეიდი სინკთან მიმდინარეობს, რეჟისორის პოზიციაზე კი – ლორინ სკაფარიასთან. ამის შესახებ Deadline-ი და The Hollywood Reporter-ი წერენ.
ეკრანიზაციის უფლებების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონში, Deadline-ის ცნობით, 12-ამდე პოტენციური მყიდველი მონაწილეობდა. კონკურენციის მიუხედავად, საბოლოოდ A24-ისა და Square Peg-ის ერთობლივმა განაცხადმა გაიმარჯვა.
რომანი „The Guest“, რომელსაც გამომცემლობა Penguin Random House-ი გამოსცემს, თაღლითი პერსონაჟის შესახებ გვიყვება, რომელიც ზაფხულს ჰემპტონზში ატარებს. წიგნი პენ/ფოლკნერის პრემიის (PEN/Faulkner Award) გრძელ სიაში მოხვდა და კლუბ Belletrist-ის (Belletrist Book Club) რჩეულ წიგნად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ემა კლაინის უახლესი ნამუშევარი „Switzy“ ბუკერის პრემიის (Booker Prize) გრძელ სიაშიცაა შეტანილი.
