ბრინ უივერის ბესტსელერი რომანის, „Butcher & Blackbird“-ის, სრულმეტრაჟიან ეკრანიზაციას Amazon MGM Studios გადაიღებს. როგორც Deadline-ი წერს, კომპანიებმა Lyrical Media-მ და Embrace-მა ფილმის საპროდიუსერო პაკეტი სტუდიას Prime Video-ზე მსოფლიო მასშტაბით გასავრცელებლად მიჰყიდეს. ახალი პროექტის რეჟისორი კრის მაკეი იქნება, მთავარ როლებს კი ემა ლერდი და ტომას დოჰერტი შეასრულებენ.
„Butcher & Blackbird“ ბნელი რომანტიკის ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც ორ კონკურენტ სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს. სიუჟეტის თანახმად, მთავარი გმირები სხვა სერიულ მკვლელებზე ნადირობენ, თუმცა ამ სასიკვდილო მეტოქეობის პარალელურად მათ შორის მოულოდნელი რომანტიკული ურთიერთობა იბადება. რომანი მწერალ ბრინ უივერის ტრილოგიის, „Ruinous Love“-ის, პირველი ნაწილია. წიგნი 2023 წლის ოქტომბერში გამოიცა, ბუკტოკზე ვირუსულად გავრცელდა და The New York Times-ის, USA Today-ისა და Publishers Weekly-ის ბესტსელერების სიებში მოხვდა. მთლიანობაში, უივერის წიგნების საერთაშორისო გაყიდვებმა ხუთ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა, ხოლო მისი წიგნები 25-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.
ფილმის სცენარი ლორა კოსანმა დაწერა, მოგვიანებით კი ტექსტი არი ბერკოვიცმა და ეივა ტრეიმერმა გადაამუშავეს. კოსანი Netflix-ისთვის კიდევ ერთ ლიტერატურულ პროექტზე მუშაობს და ალი ჰეიზელვუდის რომანის, „Deep End“-ის, ეკრანიზაციის სცენარს ამზადებს. ფილმის პროდიუსერები ალექსანდერ ბლეკი (Lyrical Media) და კომპანია Embrace იქნებიან. პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერებად თავად რომანის ავტორი ბრინ უივერი და რეჟისორი კრის მაკეი იმუშავებენ, რომლებსაც Lyrical Media-დან არლენ კონოპაკი, ჯონ როზენბერგი და ჯონათან ფაუსტი შეუერთდებიან.
რეჟისორ კრის მაკეის Amazon-თან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს – მან სტუდიისთვის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „The Tomorrow War“ გადაიღო. მის რეჟისორულ ნამუშევრებს შორისაა ფილმები „The Lego Batman Movie“ და „Renfield“. პროექტის სამსახიობო შემადგენლობაც ცნობილი სახეებით დაკომპლექტდა: შოტლანდიელი მსახიობი ტომას დოჰერტი ახლა Hulu-ს სერიალ „Paradise“-ში თამაშობს, ინგლისელი მსახიობი ემა ლერდი კი BBC-ის სერიალ „Mint“-ში შესრულებული როლისთვის შოტლანდიის BAFTA-ს ჯილდოზე (BAFTA Scotland) იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.
