21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური ფენომენის, BTS-ის, შესახებ შექმნილი ბიოგრაფიული ბესტსელერი, ედრიენ ბესლის „BTS: კეი-პოპის კერპი“, ქართველი მკითხველისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი. ისტორიულ გამოცემას გამომცემლობა „მოუბარი“ უზრუნველყოფს.
წიგნში დეტალურადაა განხილული, თუ როგორ შეძლო ჯგუფმა კულტურული და ენობრივი ბარიერების გადალახვა და მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის მწვერვალების დაპყრობა. „BTS: კეი-პოპის კერპი“ მკითხველს სთავაზობს ექსკლუზიურ მოგზაურობას კულისებში, სადაც ნათლად ჩანს ჯგუფის წევრების დაუღალავი შრომა, კრეატიული პროცესი და ის უნიკალური კავშირი, რომელიც მათ თავიანთ ფანებთან აქვთ.
სანამ მკითხველი ამ შთამბეჭდავ ისტორიაში სრულად ჩაიძირება, BookTok ექსკლუზიურ შესაძლებლობას გთავაზობთ და წიგნის ავტორის, ედრიენ ბესლის, წინასიტყვაობას ვაქვეყნებთ, რომელიც სრულყოფილად გადმოსცემს წიგნის მთავარ სულისკვეთებას.


შვიდი წევრი. ათი ვარსკვლავური წელი. მილიონობით მიმდევარი. მილიარდობით მოსმენილი კომპოზიცია. მსოფლიოში ანშლაგით გამართული კონცერტები – ეს BTS-ია, ფენომენი, რომლის წარმატების უკან დიდი ისტორია დგას.
სამხრეთკორეული პოპჯგუფი, რომლის დიდება კორეის საზღვრებს გასცდა და თანდათანობით მთელი მსოფლიო დაიპყრო, ფენომენალურ მოვლენად მიიჩნევა მუსიკალურ ინდუსტრიაში. BTS არა მხოლოდ კეი-პოპის კერპია მგზნებარე და განსაკუთრებულად ერთგული ფანკლუბებით, არამედ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეული მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გულებში შეაღწია.
ედრიენ ბესლის ეს ბიოგრაფიული წიგნი BTS-ის თავბრუდამხვევ გზაზე მოგვითხრობს – გზაზე, რომელიც ჯგუფის შვიდმა წევრმა გაიარა პრაქტიკანტებიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე; კორეული გასართობი შოუებიდან მსოფლიოს უდიდეს არენებამდე. აქ წაიკითხავთ, როგორ მოახერხა სამხრეთკორეულმა პოპჯგუფმა მსოფლიოს დაპყრობა და რამ განაპირობა მისი თავბრუდამხვევი წარმატება.
2022 წლის ზაფხულში BTS-მა 3-დისკიანი, 48-სიმღერიანი ალბომი გამოუშვა, სახელად Proof („გაუმტარი“). კრებული აერთიანებდა ცხრაწლიანი მოღვაწეობის დროს შესრულებულ კომპოზიციებს, რომლებმაც ჯგუფს წარმატება მოუტანა. ალბომმა მსოფლიო ჩარტები დაიპყრო – გერმანიიდან იაპონიამდე და ავსტრალიიდან კანადამდე. აშშ-ის Billboard-ის ჩარტებში კი BTS-ის ალბომმა უკვე მეექვსედ დაიკავა პირველი ადგილი. ისინი ნამდვილად მწვერვალზე იყვნენ.
ჯგუფის მიღწევები ფენომენალურია. BTS-ს ეკუთვნის 20 მსოფლიო რეკორდი – მათ შორისაა არამარტო სარეკორდო გაყიდვები და სტრიმი, არამედ ჯილდოები, გამართული კონცერტები, YouTube-ის, ინსტაგრამისა და ტიკტოკის უპრეცედენტო მაჩვენებლები. კორეელ ხელოვანთაგან ისინი არიან პირველნი, რომელთაც „გრემის“ ნომინაციებში მოხვედრის პატივი ერგოთ, ხოლო მათმა ექვსმა სიმღერამ, „ბიტლზის“ შემდგომ, აშშ-ის Billboard-ის ჩარტში პირველი ადგილი ყველაზე სწრაფად დაიკავა – მათ კონცერტებზე ბილეთები მაშინვე მთლიანად გაიყიდა. ჯგუფის წევრები გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც კი გამოვიდნენ სიტყვით და პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდნენ.
Proof-ის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში BTS-ის წევრებმა განაცხადეს, რომ შესვენების აღებასა და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სოლოკარიერაზე გადართვას აპირებდნენ. მათი განვითარება დამწყები ბენდიდან მსოფლიოს უდიდეს მუსიკალურ ჯგუფამდე მიზანდასახულობისა და სირთულეებთან ჭიდილის, შვიდი საუცხოო პიროვნების თავმოყრის, გასაოცარი მუსიკალური თუ პლასტიკური მონაცემებისა და წლობით მუხლჩაუხრელი, დამქანცველი შრომის დამსახურებაა.
BTS ერთ-ერთი კეი-პოპ ჯგუფია, მაგრამ კორეის შოუ-ბიზნესის კულტურის ისტორიაში არსებული სხვა კეი-პოპ ჯგუფებისგან მკვეთრად გამოირჩევა. მისი უნიკალურობა ისაა, რომ უდიდესი წარმატების უკან მუსიკალური კომპანიები არ დგანან. სიმღერების დაწერასა და შექმნაში დიდ წილად სწორედ ჯგუფის წევრები არიან ჩართული და, რაც ყველაზე თვალსაჩინოა, ისინი არ უფრთხიან თავიანთ მიზნებსა და გრძნობებზე საუბარს, არც თავიანთი თაობის სახელით ლაპარაკს ერიდებიან.
ამ წიგნში BTS-ის აღმავლობაა აღწერილი. როგორ იქცა შვიდი ყმაწვილი, ურთიერთგანსხვავებული ოცნების მქონე შვიდი ახალგაზრდა სუპერვარსკვლავურ მუსიკალურ ჯგუფად, რომლის წევრებმაც ერთობლივი ძალებით მიაღწიეს მსოფლიო წარმატებას. BTS: კეი-პოპის კერპი მოგიყვებათ, თუ როგორ დაიპყრეს ბიჭებმა შოუბიზნესის მწვერვალები მაშინ, როდესაც მათი სიმღერისა თუ რეპის ენა უმრავლესობისთვის გაუგებარი იყო. მათი სიმღერები ერთდროულად დასამახსოვრებელი და ემოციურია, ცეკვები კი – საოცრად გადამდები. წიგნი მუსიკალური კულისების მიღმაც შეგვახედებს და დაწვრილებით აღგვიწერს, რა შეგრძნებაა BTS-ის ცოცხლად ხილვა და რომელ ცნობილ სახეებს შეხვედრიან ისინი მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც, ცხადია, მათი ვარცხნილობისა და ჩაცმულობის განხილვაც მოჰყვება. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბანგთანის სამყაროში!
წიგნში ჯგუფის თაყვანისმცემლებსაც გაგაცნობთ. არმია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე (სულ ყველაზე თუ არა) გათვითცნობიერებულ და თავგამოდებულ გულშემატკივრებს აერთიანებს. ისინი მხოლოდ ჯგუფისადმი სიყვარულის ხმამაღალი გამოხატვით როდი შემოიფარგლებიან. სიმღერისა და ინტერვიუების ტექსტების თარგმნითა და გავრცელებით საყვარელ ჯგუფს ჯილდოების მოგებაში დაეხმარნენ და შექმნეს მთელი ონლაინ კომუნა, რომელიც თავად ჯგუფის იდეალების გამომხატველია. მათი ამბავი BTS-ის ამბის ნაწილია. ისინი უერთმანეთოდ ამდენს ვერ მიაღწევდნენ.
BTS აგრეთვე ცნობილია ონლაინ აქტიურობით, განსაკუთრებით ე.წ. „ბანგთანის ბომბებით“. ამ მოკლე ვიდეოებში უხვადაა ჯგუფის წევრთა ოხუნჯობები და BTS-ის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი შესანიშნავი კადრები, რომელთა გარკვეული ნაწილი ჩვენი წიგნის ფურცლებზეცაა გადმოტანილი. წიგნის დასასრულს ასევე მოცემულია განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც კორეული სიტყვებისა და კეი-პოპის ტერმინებში გზას გაგიკვალავს.
ჯგუფის განვლილი გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა და თითოეულმა წევრმა წარმოუდგენლად რთული შრომა გასწია. საშუალო ფენის ოჯახებიდან გამოსულმა თინეიჯერმა მოსწავლეებმა თავდაუზოგავი ვარჯიშით განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიეს, რაც მთავარია, უწინდელი მონდომება და თავდადება დღესაც არ აკლიათ. ამ წიგნში პირადად გაგაცნობთ ჯგუფის წევრებს, მოგითხრობთ მათი მეგობრობის, შემხვედრი სირთულეებისა და წარმატებით მოგვრილი აღტაცების ამბავს.
წიგნის პირველ გამოცემაში (2018) BTS-ის წარმოუდგენელი, მსოფლიო მასშტაბის წარმატების შესახებ გიამბეთ, თუმცა ამის შემდეგ მათ გაცილებით მეტს მიაღწიეს, შესაბამისად, 2020 წლის დასაწყისში წიგნი განახლებული სახით გამოიცა. მორიგ განახლებულ გამოცემაში კი ბოლო რამდენიმე წლის განსაცვიფრებელი მიღწევების ამბავია შეტანილი.
BTS-ის დაუჯერებელი ისტორია ამით არ სრულდება, ისინი ახალი სიმღერების შექმნასა და მუსიკალური სტანდარტების დამკვიდრებას კვლავაც განაგრძობენ. რასაც უნდა გვიმზადებდეს მომავალი, ისტორიას მაინც დარჩება ის გასაოცარი ამბავი, თუ როგორ იქცა BTS არა მხოლოდ კეი-პოპის, არამედ მსოფლიოს სახედ. იმედს გამოვთქვამ, ამ დაუჯერებელი მოგზაურობის დეტალების გაცოცხლებით ნასიამოვნები დარჩებით.
წიგნი „BTS: კეი-პოპის კერპი“ ხელმისაწვდომი იქნება „თბილისის წიგნის დღეები 2025“-ზე, რომელიც 14-16 ნოემბერს თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

