ახალი კაიროს სასამართლომ 27 ოქტომბერს დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა Mada Masr-ის დაუყოვნებლივ დახურვა და მისი მთელი საოფისე ტექნიკის კონფისკაცია დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ გამოცემის მთავარ რედაქტორ ლინა ათალას ულიცენზიო ვებგვერდის მართვაში დასდო ბრალი და მაქსიმალური ჯარიმა – სამი მილიონი ეგვიპტური ფუნტი – დააკისრა. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია PEN International-ი, გამოცემა ActuaLitté-ი და ჩიტომო იუწყებიან.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ლინა ათალა პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან წაიყვანეს და შვიდ საათზე მეტხანს გაურკვეველ ადგილას ჰყავდათ დაკავებული. ჟურნალისტი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც Mada Masr-მა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. თუმცა გათავისუფლების პროცედურებისას გაირკვა, რომ ათალას ჯერ კიდევ 2024 წელს დაუსწრებლად ერთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „ცრუ ცნობების გავრცელებისა“ და უნებართვო საიტის ფუნქციონირების ბრალდებით. დაცვის მხარემ ეს განაჩენი გაასაჩივრა, სააპელაციო სხდომა კი 11 ნოემბერს არის დანიშნული.
Mada Masr-ი და ლინა ათალა სისტემური წნეხის ქვეშ
სასამართლო პროცესი არსებითი დარღვევებით წარიმართა: მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დოკუმენტების წარდგენასა და მოწმეთა დაკითხვაზე უარყო. დარბაზში რვა კერძო ადვოკატის ყოფნის მიუხედავად, სასამართლომ რედაქტორს დაუკითხავად დაუნიშნა სახელმწიფო დამცველი. მანამდე, 21 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესმა პროკურატურამ ათალა ექვსი საათის განმავლობაში დაკითხა ციხეში მიმდინარე პროტესტების გაშუქებისა და საიტის ლიცენზიის საკითხზე, რის შემდეგაც იგი 100 000 ეგვიპტური ფუნტის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, 22 ოქტომბერს კი საქმე სასამართლოს გადასცეს.
Mada Masr-ი 2013 წელს დაფუძნდა და საგამოძიებო მასალებს არაბულსა და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს. გამოცემის ვებგვერდი ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაბლოკილია. მედიაპლატფორმამ რეგისტრაციის განაცხადი 2018, 2020 და 2023 წელს წარადგინა, მაგრამ ხელისუფლებამ მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა ან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარყო. ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ათალასა და რედაქციის წინააღმდეგ დაწყებული სულ მცირე მეექვსე სამართლებრივი დევნაა.
სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა, Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა. PEN International-ის პრეზიდენტმა ბურჰან სონმეზმა აღნიშნა:
კიდევ ერთხელ ცდილობს ეგვიპტის ხელისუფლება, დაადუმოსა და დასაჯოს დამოუკიდებელი და გაბედული ჟურნალისტები თავიანთი მოვალეობის შესრულების გამო.
სამართლებრივი პრობლემებისა და საზღვარგარეთ გამგზავრების გაურკვეველი სტატუსის გამო გაუქმდა მასტერკლასიც, რომელიც ათალას მარსელში, ფესტივალზე „ავეროესის ახალი შეხვედრები“ (Nouvelles Rencontres d’Averroès) ტუნისელ ჟურნალისტ ჰაითემ ელ-მექისთან ერთად უნდა ჩაეტარებინა.
