რამდენიმე გახმაურებული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაზე მუშაობა გადამწყვეტ ეტაპზე შევიდა. სხვადასხვა პროექტის გამოსვლის თარიღების, თრეილერების, სამსახიობო შემადგენლობის ცვლილებისა და ახალი შეთანხმებების შესახებ გამოცემები Variety და Deadline-ი წერენ.
„Tangles: A Story About Alzheimer’s, My Mother and Me“ – სარა ლივიტი
ლივიტის გრაფიკული მემუარი იმ ოჯახის ემოციურ ამბავს აღწერს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ გამოვლინებასთან გამკლავებას ცდილობს. ათწლიანი მუშაობის შემდეგ, წიგნის მიხედვით შექმნილი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი სადისტრიბუციოდ Independent Film Company-სა და Sapan Studio-ს გადაეცა, რომლებმაც პროექტის თრეილერიც გამოაქვეყნეს. შავ-თეთრ ანიმაციაში, რომლის სცენარიც ლია ნელსონმა, ტრევ რენიმ და თავად ავტორმა შექმნეს, პერსონაჟებს ები ჯეიკობსონი, ჯულია ლუი-დრეიფუსი, ბრაიან კრენსტონი, ბინი ფელდსტინი, სეთ როგენი და სამირა უაილი ახმოვანებენ. ფილმის ჩვენებები კინოთეატრებში მომავალ თვეში გაიმართება, რათა ნამუშევარმა კინოპრემიებზე წარდგენის კვალიფიკაცია მიიღოს.
„Savages“ – შირლი კონრანი
კონრანის 1987 წლის რომანის სიუჟეტი ოთხ ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვიან მას შემდეგ, რაც სამთო-მომპოვებელი კომპანიის ხელმძღვანელ ქმრებთან ერთად გამგზავრება სახიფათო ხდება. წიგნის მიხედვით Netflix-ი შვიდეპიზოდიან სერიალს, სახელწოდებით „Feral“, იღებს. პროექტს კომპანია Hera Pictures-ი აწარმოებს, სცენარის ავტორი ჯუდ მაკია, რეჟისორი კი – ემა ფრიმენი. სერიალის გადაღებები ავსტრალიაში მალე დაიწყება, სადაც სუზის როლს კვინტესა სვინდელის ნაცვლად ფილიპა ნორთისტი შეასრულებს, სხვა როლებში კი ჯესიკა განინგი (ენი), მიშელ დოკერი (ჯულია), ჟენევიევ ო’რაილი (სილვანა) და დოლი დე ლეონი (ელენა) გამოჩნდებიან.
„The Magician’s Nephew“ – კ.ს. ლუისი
ლუისის 1955 წლის ნაწარმოები ნარნიის შექმნის ამბავს ჰყვება და აჩვენებს, თუ როგორ გადაჰყავს ჯადოსნურ ბეჭდებს ბავშვები პარალელურ სამყაროებში. გრეტა გერვიგის ფილმის პირველმა თრეილერმა ინტერნეტში გამოჩენიდან ერთ კვირაში 481 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ფილმში მთავარ როლებს დეივიდ მაკკენა და ბიატრის კემპბელი ასრულებენ, რომლებიც დიგორი კერკისა და პოლი პლამერის სახეებს ქმნიან, მათთან ერთად კი მაყურებელი დენიელ კრეიგს, კერი მალიგანს, ემა მაკისა და მერილ სტრიპს (ასლანის როლში) იხილავს. ფილმი კინოგაქირავებაში 2027 წლის 12 თებერვალს გამოვა, სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე კი 2027 წლის 2 აპრილს გამოჩნდება.
„The Summer of Broken Rules“ – კ.ლ. უოლთერი
უოლთერის ახალგაზრდული რომანი, რომელიც გამომცემლობა Sourcebooks Fire-მა 2021 წლის მაისში გამოსცა, მერედით ფოქსის ამბავს მოგვითხრობს. მთავარი გმირი მართას ვინიარდზე ყოველწლიური საოჯახო თამაშის დროს მძიმე დანაკარგთან გამკლავებას ცდილობს. წიგნის სრულმეტრაჟიან ადაპტაციაზე სტუდია Amazon MGM Studios-ი მუშაობს, სცენარს კი ლორენ ჰინეკი და ელიზაბეთ მარტინი წერენ. ფილმის პროდიუსერები სოფია სტალონეს კომპანია Common Era Projects და სილვესტერ სტალონესა და დ. მეტ გელერის Balboa Productions არის.
