მწერალ ელსი სილვერის თანამედროვე რომანების პოპულარული სერია „Rose Hill“ სატელევიზიო ეკრანზე გადაინაცვლებს. როგორც გამოცემა Deadline-ი წერს, პროექტზე სტრიმინგ პლატფორმა Prime Video მუშაობს. კომპანია Amazon-მა პატარა ქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ შექმნილი წიგნების ადაპტაციის გეგმები მაისში, საკუთარ პრეზენტაციაზე ოფიციალურად გამოაცხადა. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მწერალი ელსი სილვერი იქნება.
სიუჟეტის ცენტრში რანჩოს მფლობელი უესტ ბელმონტი და ხმის ჩამწერი ლეიბლის მფლობელი ფორდ გრანტი არიან. მათი ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც ქალაქში ცნობილი ქანთრი-პოპის ვარსკვლავი სკაილარ სტოუნი ჩადის. ელსი სილვერის ეს სერია ოთხ რომანს აერთიანებს: „Wild Love“, „Wild Eyes“, „Wild Side“ და „Wild Card“.
სატელევიზიო ადაპტაციის შოურანერი ჰაიდი კოულ მაკადამსი იქნება. სერიალის საპილოტო და მეორე ეპიზოდს კი რეჟისორი მარკ უები გადაიღებს.
მთავარ როლებს ჯეიკ უირი, შონ ო’პრაი, ჰანა გოლუეი და სეიდი დიკერსონი შეასრულებენ. ისინი უესტ ბელმონტის, ფორდ გრანტის, როუზისა და სკაილარ სტოუნის პერსონაჟებს განასახიერებენ. აღსანიშნავია, რომ მოდელი შონ ო’პრაი მანამდე ტეილორ სვიფტის ცნობილ მუსიკალურ ვიდეოში „Blank Space“ მონაწილეობდა.
სამსახიობო გუნდს ასევე შეუერთდნენ შივონ მაკგროარტი, სოფია რიდ-განცერტი და უესტ მალჰოლანდი, რომლებიც კორას, ემი ბელმონტისა და ოლივერ ბელმონტის როლებს მოირგებენ. ჯიჯი ზუმბადო და კერტის ჰამილტონი კი მაყურებლის წინაშე ტაბითასა და ბაშ რუსოს განმეორებად როლებში გამოჩნდებიან. გარდა ამისა, შემადგენლობას კიდევ 11 მსახიობი დაემატა, მათ შორის არიან პოლ რეისი, ჯონ რალსტონი, ქეთლინ დიუბორგი, კარმელა ზუმბადო და კარინ კონოვალი.
სერიალის წარმოებაზე კომპანია Temple Hill მუშაობს. აღმასრულებელ პროდიუსერებად უიკ გოდფრი, მარტი ბოუენი და ჯეიმზ საიდმანი იმუშავებენ, თანააღმასრულებელი პროდიუსერი კი ანიკა პატონი იქნება. ახლა პროექტი განვითარების ადრეულ ფაზაშია, მსახიობების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო გამოსვლის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის.
