ფრანკფურტის 2025 წლის წიგნის ბაზრობაზე ფილიპინების, როგორც საპატიო სტუმრის, წარდგენა შთამბეჭდავი წარმატებით დასრულდა. დევიზით „წარმოსახვა სივრცეს აცოცხლებს“, ფილიპინებმა საპატიო სტუმრის პავილიონსა და ბაზრობის სხვა სცენებზე თავისი ლიტერატურის საოცარი სიმდიდრე წარმოადგინა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ავტორმა, ილუსტრატორმა, შემოქმედმა და არქიპელაგის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა გამორჩეულმა ხმამ.
პროგრამა, რომელიც აერთიანებდა თანამედროვე პროზას, პოეზიას, ძირძველი მოსახლეობის ნარატივებს, თამამ თარგმანებსა და უშიშარ ჟურნალისტურ ხმებს, ფილიპინელი მთხრობელების შემოქმედებითობას, გამბედაობასა და გამძლეობას ასახავდა. დინამიკური პავილიონით, ძლიერი პროფესიული პროგრამითა და როგორც მკითხველების, ისე საგამომცემლო ინდუსტრიის მხრიდან ენთუზიაზმით სავსე მიღებით, ფილიპინებმა დაამტკიცა, რომ ლიტერატურას შეუძლია, ხმები ოკეანეებისა და საზღვრების მიღმა მიიტანოს, წარმოსახვას კი — შთაგონება, დაკავშირება და ტრანსფორმაცია.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი მონაწილეობით დავადასტურეთ, რომ ფილიპინურ ლიტერატურას მსოფლიოში უნიკალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენმა მწერლებმა, მთარგმნელებმა და ხელოვანებმა გააცოცხლეს ჩვენი ერის სული — მისი ისტორია, ბრძოლა და იმედები — და ეს გლობალურ აუდიტორიას გაუზიარეს. საპატიო სტუმრის სტატუსმა ახალი და მდგრადი გზები გახსნა ჩვენი შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ევროპულ ბაზარზე შესასვლელად, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ისტორიები კულტურებსა და კონტინენტებს შორის კვლავაც გაჟღერდება. მდგრადობა — ისტორიების, კულტურისა და ინდუსტრიის — ჩვენი ხედვის გულში რჩება და ვამაყობთ, რომ დავთესეთ თესლი, რომელიც ამ ბაზრობის დასრულების შემდეგაც განაგრძობს ზრდას. მადლიერებითა და სიხარულით, ჩვენ ესტაფეტას გადავცემთ ჩეხეთს და ვულოცავთ საპატიო სტუმრის სტატუსის მიღებას.
ფილიპინების საპატიო სტუმრის პროექტის სულისჩამდგმელი, სენატორი ლორენ ლეგარდა.ესტაფეტის გადაცემა ფილიპინებიდან ჩეხეთზე: „ქვეყანა ზღვის სანაპიროზე“
დევიზით „ქვეყანა ზღვის სანაპიროზე“, ჩეხეთი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 2026 წლის საპატიო სტუმრის როლს მოირგებს. შექსპირის „ზამთრის ზღაპრიდან“ აღებული ფრაზით შთაგონებული ამ დევიზით ქვეყანა საკუთარ თავს წარადგენს და ფრანკფურტში პრეზენტაციით ჩეხური კულტურის მთელ წელს დაუდებს სათავეს.
ჩეხეთის საპატიო სტუმრის პროგრამის დირექტორი, ტომაშ კუბიჩეკი, მომავალ წელს იმედით ელის: „ჩეხური ლიტერატურა საოცრად მრავალფეროვანია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ჩეხ ავტორებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ საერთაშორისო ლიტერატურული სამყაროსთვის — დამახასიათებელი ირონიითა და თვითირონიით დაწყებული, ძლიერი თხრობის ნიჭითა და შთამაგონებელი თემების კვლევის უნარით დამთავრებული“.
ჩეხეთის საპატიო სტუმრის პროგრამის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია მორავიის ბიბლიოთეკა (ბრნო), თავისი ჩეხური ლიტერატურის ცენტრის მეშვეობით. პროექტი ფინანსდება ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2026 წელს 7-11 ოქტომბერს გაიმართება.

