რეიჩელ რიდის ჰოკეის თემატიკის ქვიარ რომანის სატელევიზიო ეკრანიზაცია „Heated Rivalry“ Blu-ray-სა და DVD-ზე უკვე გამოვიდა, ნოემბერში კი გაყიდვაში სპეციალური საკოლექციო გამოცემაც გამოჩნდება. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს, კანადური სტრიმინგ პლატფორმა Crave-ის წარმატებულ პროექტს, რომელსაც შეერთებულ შტატებში HBO Max-ი აჩვენებს, ფიზიკურ მატარებლებთან ერთად გადაღებების კულუარებზე შექმნილი წიგნიც ემატება.
სერიალის 4K-სა და Blu-ray-ის საკოლექციო გამოცემა მრავალფეროვან დამატებით მასალას მოიცავს. გამოცემაში შესულია გადაღებების დროს დაშვებული შეცდომები, ამოჭრილი სცენები, საავტორო საილუსტრაციო ბარათები და გასაშლელი პოსტერი. გარდა ამისა, კომპლექტს ჰოკეის შაიბის ფორმის რბილი ანტისტრესული სათამაშოც ერთვის.
პარალელურად, შოუს შემქმნელმა ჯეიკობ ტირნიმ კომენტარებით შევსებული სცენარის წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „I’ll Believe in Anything: The Making of Heated Rivalry“. ტირნის წიგნში წარმოდგენილია გადასაღები მოედნის უნიკალური ფოტომასალა, ინტიმური სცენების ქორეოგრაფიის დეტალური განხილვა და ორიგინალური რომანის ავტორის, რეიჩელ რიდის წინასიტყვაობა.
„Heated Rivalry“-ის მეორე სეზონი და ახალი რომანები
სატელევიზიო ადაპტაციის პირველი სეზონი რეიჩელ რიდის წიგნების სერიის, „Game Changers“-ის, მეორე ნაწილს ეფუძნება. სიუჟეტი ორ მეტოქე ჰოკეისტს, შეინ ჰოლანდერსა და ილია როზანოვს შორის ათწლიან რომანტიკულ ურთიერთობას მიჰყვება. პროექტის წარმატებას ისიც მოწმობს, რომ პრემიერის შემდეგ სერიალის ვარსკვლავები კონორ სტორი და უილიამსი ოლიმპიური ჩირაღდნის წლევანდელ ესტაფეტაში ჩირაღდნოსნები იყვნენ.
სტრიმინგ პლატფორმა Crave-მა „Heated Rivalry“ მეორე სეზონისთვისაც განაახლა. სერიალის გადაღებები ზაფხულში იგეგმება, ეკრანებზე კი 2027 წლის გაზაფხულზე გამოვა. ცნობილია ისიც, რომ მეორე სეზონში რიდის სერიიდან ორ რომანს გააერთიანებენ: მაყურებელი წიგნების – „The Long Game“-ისა და „Role Model“-ის – ადაპტაციას იხილავს. ამავე დროს, რეიჩელ რიდმა „Game Changers“-ის მეშვიდე რომანიც გამოაცხადა, რომელსაც „Unrivaled“ ერქმევა და 2027 წლის ივნისში გამოვა.
