ტარა ვესტოვერი ამერიკელი მემუარისტი და ისტორიკოსია, რომლის ინტელექტუალური და პიროვნული ტრაექტორია თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფენომენად იქცა. მისი აკადემიური და შემოქმედებითი გზა წარმოადგენს რადიკალურ რღვევას იმ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან, რომელშიც ის აღიზარდა. ვესტოვერი დაიბადა აიდაჰოს შტატის იზოლირებულ, მთიან რეგიონში, მორმონი სურვივალისტების ოჯახში, რომლის იდეოლოგია ეფუძნებოდა სახელმწიფოს ინსტიტუტების, მათ შორის ფორმალური საგანმანათლებლო და სამედიცინო სისტემების, სრულ უარყოფას.
17 წლამდე მას არ უვლია სკოლაში და არ მიუღია რაიმე სახის ფორმალური განათლება. მიუხედავად ამისა, ცოდნის მიღების დაუოკებელმა სწრაფვამ უბიძგა, დამოუკიდებლად მოემზადებინა და ჩაებარებინა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში. ეს იყო მისი პირველი აკადემიური ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ, შთამბეჭდავ საგანმანათლებლო კარიერას: გეიტსის კემბრიჯის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო კემბრიჯის უნივერსიტეტის თრინითი კოლეჯში, იყო მიწვეული მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში და 2014 წელს კემბრიჯშივე მიენიჭა ისტორიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
სწორედ ეს უნიკალური ბიოგრაფიული მასალა დაედო საფუძვლად მის 2018 წლის მემუარულ ნაშრომს, „განათლებული“ (Educated). ნაწარმოები, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი ბილდუნგსრომანი (გმირის ზრდა-განვითარების რომანი), დეტალურად აღწერს ავტორის ინტელექტუალურ და ემოციურ ოდისეას რადიკალური იდეოლოგიით გაჯერებული, იზოლირებული გარემოდან მსოფლიოს წამყვან აკადემიურ ცენტრებამდე. წიგნის ცენტრალური ღერძი არის კონფლიქტი ოჯახური ლოიალობისა და პიროვნული ავტონომიისკენ სწრაფვას შორის, სადაც განათლება გვევლინება არა უბრალოდ ცოდნის დაგროვების პროცესად, არამედ პიროვნული იდენტობის რეკონსტრუქციის მტკივნეულ, თუმცა გარდაუვალ, ინსტრუმენტად.
„განათლებულმა“ გამოცემისთანავე მოიპოვა საყოველთაო კრიტიკული აღიარება და კომერციული წარმატება, რითაც ტარა ვესტოვერის პირადი ისტორია ფართო კულტურული დისკურსის ნაწილად აქცია.
სწორედ ამ გამორჩეული ავტორის ლიტერატურულ გემოვნებასა და ინტელექტუალურ ინტერესებზე იძლევა წარმოდგენას ამერიკული პორტალის, Literary Hub-ის, რუბრიკისთვის Book Marks Questionnaire მომზადებული ბლიც-ინტერვიუ.
Book Marks: რომელ წიგნს უბრუნდებით ყველაზე ხშირად?
ტარა ვესტოვერი: ამ მომენტისთვის, ალბათ, ჯულიან ბარნსის „დასასრულის შეგრძნებას“ (The Sense of an Ending). პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მივუბრუნდი. არასდროს მბეზრდება; მისი ენა და ხედვის კუთხე უბრალოდ მომნუსხველია. ეს არის წიგნი, სავსე საოცარი იდეებით.
BM: რომელმა წიგნმა შეგძრათ ყველაზე მეტად?
ტვ: ცოტა ხნის წინ წავიკითხე ცნობილი ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსის, დ. უ. ვინიკოტის, მოკლე წიგნი „თამაში რეალობასთან“ (Playing with Reality). ეს წიგნი უამრავ თემას ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, მისი არსი ადრეული ასაკი და განვითარებაა — ჩვევები, რომლებსაც ბავშვობაში ვიყალიბებთ და რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ნამდვილად გონების ამფეთქებელი წიგნია!
BM: ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ?
ტვ: გასულ კვირას მეორედ წავიკითხე ჰელენ მაკდონალდის „ქ, როგორც ქორი“ (H is for Hawk). იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მახსოვდა.
BM: რომელმა წიგნმა გატირათ?
ტვ: ელეინ პეიგელსის მემუარებმა, სახელწოდებით „რატომ რელიგია?“ (Why Religion?). პეიგელსი ანტიკური რელიგიური ტექსტებისა და ფილოსოფიების მკვლევარია. მან ცხოვრებაში უდიდესი დანაკარგი განიცადა და ამ მემუარებში თავის პირად ბიოგრაფიასა და აკადემიურ ცოდნას აერთიანებს, რითაც ქმნის საოცრად დახვეწილ და ღრმა წიგნს დანაკარგსა და ცხოვრების აზრზე. რამდენიმე პასაჟზე ვიტირე. ულამაზესი წიგნია.
BM: გასული წლის1 წიგნებიდან რომელს გამოარჩევდით?
ტვ: ტექნიკურად, წლევანდელია, მაგრამ ახლახან ჩამივარდა ხელში ჯენიფერ იგანის ახალი წიგნის, „კანფეტების სახლის“ (The Candy House), წინასწარი ასლი. ეს არის რომანი ტექნოლოგიაზე და წარმოადგენს მისი პულიცერის პრემიის მფლობელი რომანის, „ვიზიტი გუნ სქვოდთან“ (A Visit From the Goon Squad), ერთგვარ გაგრძელებას. იმედებს არ გაგიცრუებთ. იგანი საოცრად გამორჩეული და გამომგონებელი მწერალია. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ.
BM: რომელ წიგნს ისურვებდით, რომ თინეიჯერობისას წაგეკითხათ?
ტვ: ელისონ ბექდელის „დედაჩემი ხარ?“ (Are You My Mother?). თუმცა, საეჭვოა, მაშინ თუ გავიგებდი.
BM: რომელი წიგნის ჩუქება გიყვართ ყველაზე მეტად?
ტვ: ბოლო დროს ტექნოლოგიების მიმართ ერთგვარი ფობია გამიჩნდა, რადგან შევამჩნიე, რა არაჯანსაღი ურთიერთობა მაქვს მასთან. ამ თემაზე არსებობს ერთი უცნაური და ბრწყინვალე წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარს — ჯარონ ლანირის „შენ გაჯეტი არ ხარ“ (You Are Not a Gadget).
BM: კლასიკური ლიტერატურიდან რის წაკითხვას გეგმავთ?
ტვ: „მადამ ბოვარი“. რატომღაც, აქამდე არასდროს წამიკითხავს!
BM: თქვენი საყვარელი წიგნი, რომელიც ბევრმა არ იცის?
ტვ: სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრს სმენია მის შესახებ, რადგან დარწმუნებული ვარ, პროფესორები ფსიქოლოგიის კურსებზე ასწავლიან, მაგრამ შარშან წავიკითხე ტალი შაროტის „გავლენიანი გონება“ (The Influential Mind) და მას შემდეგ სულ ამ წიგნზე ვფიქრობ. მიყვარს წიგნები გონების შესახებ, წიგნები, რომლებიც გვეკითხებიან, თუ როგორი არსებები ვართ, და ეს ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ნაშრომია ამ თემაზე.
BM: რომელ წიგნ(ებ)ს კითხულობთ ამჟამად?
ტვ: ამას წინათ ჩემს ბინაში ვიპოვე წიგნი, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს და არ მახსოვს, რომ მეყიდოს. ეს იყო რეიჩელ კასკის „მეორე ადგილი“ (Second Place). გადავშალე, პირველივე წინადადება წავიკითხე და ვერ ვიჯერებდი, რა ლამაზად ეწერა. კასკი წარმოუდგენელი მწერალია. უზომოდ მადლობელი ვარ იმ ადამიანის, ვინც ეს წიგნი ჩემს სახლში დატოვა!
- რედ. შენ.: ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წლის თებერვალში, შესაბამისად, „გასულ წელში“ 2021 წელი იგულისხმება. ↩︎

