საქართველოს წიგნის ასოციაციის განცხადებით, ახალგაზრდული ბლოგების კონკურსის — „ქალები თავისუფლებისთვის“ — გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კვირას, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მთავარ სცენაზე, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გაიმართება.
კონკურსი, რომელიც 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის ჩატარდა, მიზნად ისახავდა ლიტერატურის მეშვეობით თავისუფლების იდეის პოპულარიზაციას. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ 300-350 სიტყვიანი ბლოგი ქართველ ან უცხოელ ქალ მწერალზე, ან ლიტერატურულ პერსონაჟზე, რომელმაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პიროვნული, სოციალური თუ სახელმწიფოებრივი თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ასოციაციის განცხადებით, მათმა პირველმა კონკურსმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია, რისთვისაც ორგანიზაცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს მაღალი ჩართულობისა და აქტიურობისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ასოციაციის წევრი გამომცემლობების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები — წიგნები.
საქართველოს წიგნის ასოციაცია იწვევს კონკურსის ყველა მონაწილეს, მედიის წარმომადგენლებსა და ლიტერატურით დაინტერესებულ საზოგადოებას დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.

