ავსტრიის ქალაქ კრემსში ევროპული ლიტერატურის მე-18 დღეები გაიხსნა, რომელიც წელს დევიზით „თავდაჯერება“ (Zuversicht) იმართება. ავსტრიის წიგნით ვაჭრობის მთავარი ასოციაციის ცნობით, ოთხდღიანი ფესტივალი 19 ნოემბერს Klangraum Krems Minoritenkirche-ში დაიწყო და 22 ნოემბერს დასრულდება.
ფესტივალი 19 ნოემბერს საღამოს მწერალმა რობერტ მენასემ და ფუტუროლოგმა ლენა პაპასაბასმა გახსნეს, შეხვედრას კი კატია გასერი უძღვებოდა. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალტერ გრონდმა აღნიშნა:
დარწმუნებული ვარ, ლიტერატურა ქმნის სივრცეს განსაკუთრებული შეხვედრებისთვის, გააზრებისა და ურთიერთგამხნევებისთვის, რაც დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.
ევროპული ლიტერატურის დღეების პროგრამა და მონაწილეები
20 ნოემბერს აიკი მირამ და ურსულა პოზნანსკიმ ერთობლივ დისკუსიაში „Fantastische Zukünfte“ მიიღეს მონაწილეობა. იმავე დღეს დოროტა ამბროჟოვა და მირიამ დავუდვანდი დისკუსიაზე „Hoffnung auf Veränderung“ გამოვიდნენ, ჯონათან კოუმ კი როზი გოლდსმითის მოდერაციით წიგნი „Der Beweis meiner Unschuld“ წარადგინა.
21 ნოემბრის პროგრამა ორ დისკუსიას აერთიანებს. ზიგრიდ შტაგლი და ფლორიან ვიტელო ვერონიკა ტრუბელის მოდერაციით დისკუსიაზე „Good News und krisenfest?“ საუბრობენ, ხოლო ამბერ მესი-ბლომფილდი და ევა მეიერი როზი გოლდსმითთან ერთად შეხვედრაზე „Hoffnung auf Kreativität“ მონაწილეობენ.
ფესტივალის სტუმრებს შორის ასევე არიან მაია ჰადერლაპი, ელი ბენეში, დოროტა მასლოვსკა, ანტონი პასერონი, მაგდალენა შრეფელი და ილმა რაკუზა. გახსნის ცერემონია და პროგრამის შერჩეული ღონისძიებები YouTube-ის არხზე „Literaturhaus Europa“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ფესტივალი 22 ნოემბერს, 11:00 საათზე, Klangraum Krems Minoritenkirche-ში დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. იტალიელ მწერალს, დაჩა მარაინის, აზროვნებასა და მოქმედებაში ტოლერანტობისთვის ავსტრიის წიგნით ვაჭრობის საპატიო პრემია (Ehrenpreis des Österreichischen Buchhandels für Toleranz in Denken und Handeln) გადაეცემა. მისდამი მიძღვნილ სიტყვას კი ჟურნალისტი მაიკე ალბათი წარმოთქვამს.
