ესპანელი მწერლის, ლეოპოლდო ალასის (კლარინის) XIX საუკუნის კლასიკური რომანის, „La Regenta-ს“ თანამედროვე სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაციის გადაღებები 23 ოქტომბერს დაიწყო. როგორც გამოცემა Variety წერს, Netflix-ის ახალ მხატვრულ ფილმში მთავარი გმირის, ანა ოზორესის როლს ესტერ ექსპოსიტო შეასრულებს, პროექტის რეჟისორი კი მარ კოლია. ფილმზე პროდიუსერი მარია სამორა კომპანია Elastica Films-თან ერთად მუშაობს, მისი პრემიერა კი 2027 წელს იგეგმება.
ფილმის სცენარზე რეჟისორ მარ კოლთან ერთად ანა რ. კოსტამ და დიეგო ვეგამ იმუშავეს. ავტორების ჩანაფიქრით, ეს ადაპტაცია კლარინის კლასიკურ ტექსტს ახალი, ქალური პერსპექტივიდან გადაიაზრებს. რომანის სიმდიდრესა და მისი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებზე რეჟისორმა მარ კოლმა აღნიშნა:
კლარინის რომანი იმდენად მდიდარია, რომ მისგან ათეულობით განსხვავებული ეკრანიზაციის შექმნაა შესაძლებელი – ისეთების, როგორიც ჩვენამდე გამოვიდა ან ჩვენ შემდეგ შეიქმნება.
ფილმში სხვა პერსონაჟებსაც ცნობილი ესპანელი მსახიობები განასახიერებენ. მაგისტრალ ფერმინ დე პასის როლს ორიოლ პლა შეასრულებს, ვიქტორ კინტანარს ვიტო სანსი განასახიერებს, ხოლო ალვარო მესიას როლში მაყურებელი ბორხა ლუნას იხილავს. სამსახიობო შემადგენლობაში ასევე შედიან კლარა ინგოლდი (პეტრა), კარლოს გონსალესი (ფრიხილისი), ანა ტორენტი (დონია პაულა), იცასო არანა (ვისიტასიონი) და გონსალო დე კასტრო (რიპამილანი).
კლარინის თითქმის 700-გვერდიანი რომანი თავდაპირველად 1884–1885 წელს გამოიცა. წიგნი ქალაქ ვეტუსტაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ანა ოზორესისა და მასზე გაცილებით უფროსი ყოფილი მაგისტრატის, ვიქტორ კინტანარის ქორწინების ამბავს ჰყვება. ინგლისელმა მწერალმა ჯულიან ბარნსმა „La Regenta“ XIX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რომანად მოიხსენია „მადამ ბოვარისა“ (Madame Bovary) და „ანა კარენინას“ (Anna Karenina) გვერდით.
ეს პროექტი სტრიმინგ პლატფორმის კიდევ ერთი მასშტაბური ესპანურენოვანი ლიტერატურული ადაპტაციაა. Netflix-ის მსგავს მსხვილ საეკრანო ნამუშევრებს შორისაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (Cien años de soledad) და „El Eternauta“. ფილმის რეჟისორ მარ კოლის წინა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „Salve María“ 2024 წელს ლოკარნოს კინოფესტივალის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა, პროდიუსერ მარია სამორას კი მანამდე კარლა სიმონის ფილმებზე – „Alcarràs“-სა და „Romería“-ზე, ასევე სურათებზე „The Rye Horn“ და „Creatura“ უმუშავია.
