ლონდონის წიგნის ბაზრობამ, რომელიც 2026 წლის 10-12 მარტს გაიმართება, ბილეთების გაყიდვების სტიმულირებისა და საზოგადოების ინტერესის გასაზრდელად ღონისძიების პირველი მთავარი მონაწილეები დაასახელა.
დღეს, 13 ნოემბერს, ლონდონის წიგნის ბაზრობის ახალმა დირექტორმა, ემა ლოუმ, 2026 წლის სავაჭრო გამოფენის პირველი გამორჩეული ავტორების სია წარადგინა. სიახლეა ისიც, რომ პროგრამას ეყოლება „ბაზრობის მთხრობელი“, რომლის ვინაობაც ასევე ცნობილი გახდა.
საზოგადოების წინაშე წარდგებიან:
- ალისა ოსმანი — ავტორი, ილუსტრატორი და ბესტსელერ „Heartstopper“-ის სერიის შემქმნელი, რომელიც „ბაზრობის კრეატიული ხელმძღვანელის“ სტატუსს მიიღებს.
- იუ ნესბე — მსოფლიოში აღიარებული ნორვეგიელი კრიმინალური ჟანრის მწერალი.
- მაიკ გეილი — Sunday Times-ის პოპულარული რომანისტი.
- ეი ეფ სტიდმენი — „Skandar-ის“ სერიის ავტორი.
გარდა ამისა, მსახიობი და აუდიოწიგნების მთხრობელი რეი პორტერი „ბაზრობის მთხრობელის“ საპატიო ტიტულს მოირგებს.
„მოხარულები ვართ, რომ წარმოვადგენთ ლონდონის წიგნის ბაზრობა 2026-ის ავტორთა პირველ შემადგენლობას. ეს ღონისძიება ბრიტანული და მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიის წარმოუდგენელი ჩვენება და 2026 წლის პირველი მასშტაბური საერთაშორისო მოვლენა იქნება,“ — განაცხადა ემა ლოუმ Publishing Perspectives-თან საუბრისას. „და რა საოცარი ტალანტები გველოდებიან! სენსაციური „Heartstopper-ის“ ფრენჩაიზის შემქმნელიდან დაწყებული, მილიონიანი ტირაჟით გაყიდვადი „Skandar-ის“ სერიის ავტორით დამთავრებული; ბაზრობის ისტორიაში პირველი მთხრობელი და პოპულარული კრიმინალური და რომანტიკული ჟანრების რომანისტები. მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას მომავალ წელს Olympia-ს საგამოფენო ცენტრში და ვფიქრობთ, ისინი არაჩვეულებრივ იდეებს გაგვიზიარებენ თავიანთ სესიებზე.“
ღონისძიებების წინასწარი განრიგი
ბაზრობის ავტორები და მთხრობელი მონაწილეობას მიიღებენ „საუბრების“ ფორმატის ღონისძიებებში. ლონდონის წიგნის ბაზრობა ინდუსტრიაზეა ფოკუსირებული და არა ფართო საზოგადოებაზე, ის წარმოადგენს ბიზნესისა და გაყიდვების ცენტრს.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და თარიღები და დრო შეიძლება შეიცვალოს, წინასწარი განრიგი ასე გამოიყურება:
- ალისა ოსმანი — 10 მარტი, 12:00-12:45, მთავარი სცენა (Main Stage).
- რეი პორტერი — 10 მარტი, 12:45-13:45, ტექნოლოგიების სცენა (Tech Stage).
- იუ ნესბე — 11 მარტი, 12:30-13:15, მთავარი სცენა (Main Stage).
- მაიკ გეილი — 11 მარტი, 14:05-14:50, ავტორის შტაბი (Author HQ).
- ეი ეფ სტიდმენი — 12 მარტი, 12:00-12:45, მთავარი სცენა (Main Stage).
დამატებითი დეტალები ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მათთვის, ვისაც შესაძლოა სმენოდა ღონისძიების ადგილმდებარეობის შეცვლის შესახებ, დადასტურებულია, რომ ლონდონის წიგნის ბაზრობა კვლავ Olympia London-ში ჩატარდება.
ვიზიტორებისა და მედიის რეგისტრაცია უკვე გახსნილია ამ ბმულზე. ლონდონის წიგნის ბაზრობა 2026-ის სრული პროგრამის გამოცხადება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

