სერიალ „Percy Jackson and the Olympians“-ის მესამე სეზონი Disney+-ზე 20 ნოემბერს გამოვა. როგორც Deadline-ი წერს, პერსი ჯექსონის ამბის გაგრძელება რიკ რიორდანის ორიგინალური წიგნების სერიის მესამე რომანს, „ტიტანის წყევლას“ (The Titan’s Curse) ეფუძნება. მესამე სეზონი რვა ეპიზოდისგან შედგება – 20 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველკვირეულად ორი ეპიზოდი გამოვა.
სატელევიზიო სერიალმა მესამე სეზონის შეკვეთა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში, ვადაზე ადრე მიიღო, გადაღებები კი 2025 წლის აგვისტოში დაიწყო და უკვე დასრულდა.
ახალ სეზონში მსახიობთა გუნდს არაერთი ახალი შემსრულებელი შეუერთდა. ოლივ აბერკრომბი და ლევი კრისოპულოსი ბიანკასა და ნიკო დი ანჯელოს როლებზე დამტკიცდნენ. დაფნი კინი მაყურებლის წინაშე არტემისის სახით წარდგება, სარა ჩაუდრი კი ზოი ნაიტშეიდს განასახიერებს. ქეით მაკკინონი აფროდიტეს როლს მოირგებს, ჰოლტ მაკკალანი – ატლასის, დევიდ კოსტაბილე კი – დოქტორ თორნის. ჯესი ლ. მარტინი ფრედერიკ ჩეისის როლში გამოჩნდება, მინგ-ნა ვენი ჰერას განასახიერებს, ჯენიფერ ბილსი – დემეტრას, ხოლო ჰუბერტ სმიელეცკი – აპოლონს.
