უსასრულო „სქროლვის“, ხელოვნური ინტელექტისა და ყურადღების დეფიციტის ეპოქაში, ფიზიკური წიგნის არჩევა, შეიძლება ითქვას, მტკიცე პოზიციის გამოხატვად იქცა. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება MOVA – ახალი გამომცემლობა, რომელიც ქართულ ბაზარზე ტრადიციული საგამომცემლო მოდელის საზღვრებს სცდება და მკითხველს არა უბრალოდ წიგნებს, არამედ ცხოვრების სტილსა და განვითარების ინსტრუმენტს სთავაზობს.
მომავლის შემქმნელთა პლატფორმა
MOVA შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც აწმყოშივე იწყებს მომავლის შეცვლას; ვისაც ცნობისმოყვარეობა, ჯანსაღი ამბიცია და განვითარებისკენ სწრაფვა ამოძრავებს. გამომცემლობის მიზანია, ბიზნესის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და თვითგანვითარების მიმართულებით შექმნილი მსოფლიო ბესტსელერები ხელმისაწვდომი გახადოს და დამოუკიდებელ მოაზროვნეთა ახალი თაობის ფორმირებას შეუწყოს ხელი.

გაციფრულების, ადამიანური მარტოობისა და ინფორმაციული გადაღლის ფონზე, ჩნდება განცდა, რომ ბეჭდურმა წიგნმა მკითხველი დაკარგა. მე კი აბსოლუტურად პირიქით მგონია – წიგნი იქცა აწმყოში ყოფნის, ემოციური ღიაობისა და პიროვნული ზრდის შეუცვლელ სიმბოლოდ. წიგნების კითხვა ისევ სექსუალურია, – აღნიშნავს MOVA-ს დამფუძნებელი და გამომცემელი, თამთა ჯაფარაშვილი (Forbes Georgia 30 Under 30-ის გამარჯვებული), რომლის სახელსაც უკავშირდება ქართულ ენაზე 85-ზე მეტი ბესტსელერის მომზადება.
შინაარსისა და ვიზუალის სინერგია
დღევანდელ ყურადღების ეკონომიკაში წიგნი კონკურენციას უწევს Netflix-ს, TikTok-სა და პოდკასტებს. ამიტომ, MOVA-ს გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ტექსტის უმაღლესი სარედაქციო ხარისხი, ისე უნაკლო ვიზუალური იდენტობა.
მთავარი რედაქტორის, გიორგი მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, სარედაქციო პოლიტიკა კონცენტრირებულია იმ ბიზნესპატერნებსა და სააზროვნო იდეებზე, რომლებიც მკითხველზე წარუშლელ კვალს ტოვებს. „ვცდილობთ შემოგთავაზოთ წიგნები, რომლებიც შეცვლის თქვენს მიმართებებს სამყაროსთან. ზოგი გამბედაობას შეგმატებთ, ზოგიც დაგამშვიდებთ, მაგრამ არასდროს გაგიჩნდებათ განცდა, რომ კითხვისას დრო დაკარგეთ,“ – აღნიშნავს იგი.
გამომცემლობის სინემატოგრაფიულ და თანამედროვე ესთეტიკაზე მთავარი დიზაინერი, ნათია ქობულაშვილი ზრუნავს. მისი მიზანია, MOVA-ს წიგნი იქცეს მკითხველის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად და ყველაზე დახვეწილ აქსესუარად, რომლის ფლობა და გაზიარებაც ადამიანებს ბუნებრივად მოუნდებათ.
MOVA30 და პირველი გამოცემა
გამომცემლობის პირველი მასშტაბური პროექტია MOVA30 – 30 გარდამტეხი წიგნისგან შემდგარი კოლექცია. სერიას ხსნის იჩირო კიშიმისა და ფუმიტაკე კოგას საერთაშორისო ბესტსელერი „გაბედე, იყო მიუღებელი“.
ესაა ალფრედ ადლერის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციული დიალოგი ახალგაზრდასა და ფილოსოფოსს შორის, რომელიც მარტივი ენით იკვლევს თავისუფლების, ბედნიერების, ტრავმების დაძლევისა და მიკუთვნებულობის რთულ საკითხებს. უახლოეს მომავალში კი MOVA-ს კატალოგს ისეთი ინდუსტრიის განმსაზღვრელი ავტორები შეემატებიან, როგორებიც არიან სტივენ პრესფილდი, რაიან ჰოლიდეი, რობერტ გრინი და ჯეფრი პფეიფერი.

MOVA არ გასცემს ცარიელ დაპირებებს, რომ ერთი წიგნი ერთ ღამეში შეცვლის ცხოვრებას, თუმცა ის გთავაზობთ საწყის წერტილს – სწორ ფიქრს, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ პროგრესამდე. წიგნზე დატანილი MOVA-ს ლოგო უკვე იქცა ხარისხის, სანდოობისა და იმ თანამოაზრეთა კლუბის ნიშნად, ვინც საკუთარ მომავალს თავად ქმნის.
MOVA-ს გამოცემების შეძენა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.movareads.com
