BookTok საქართველო
BOOKTOK ᲙᲚᲣᲑᲘ | ᲛᲐᲚᲔ
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
    • ქართული ინდუსტრია
    • საერთაშორისო ამბები
  • ᲠᲔᲪᲔᲜᲖᲘᲔᲑᲘᲠᲔᲪᲔᲜᲖᲘᲔᲑᲘ
    • მხატვრული ლიტერატურა
    • არამხატვრული ლიტერატურა
    • საბავშვო & YA ლიტერატურა
    • კომიქსი & გრაფიკული რომანი
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
    • ლიტერატურული ჯილდოები
    • ღონისძიებების კალენდარი
    • ფესტივალები
    • გამომცემლის პორტრეტი
    • ბაზრის ანალიტიკა
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
    • ქართული თარო
    • მსოფლიო ბიბლიოთეკა
    • ახალბედა ავტორები
  • ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲔᲑᲘᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲔᲑᲘ
  • ᲐᲣᲓᲘᲝᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘᲐᲣᲓᲘᲝᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ
  • AI & ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘAI & ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ქართველი მკითხველი წლების შემდეგ არაკისზე ბრუნდება: ინტერვიუ მთარგმნელ ნინო ბარძიმიშვილთან
გაზიარება
BookTokBookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
    • ქართული ინდუსტრია
    • საერთაშორისო ამბები
  • ᲠᲔᲪᲔᲜᲖᲘᲔᲑᲘ
    • მხატვრული ლიტერატურა
    • არამხატვრული ლიტერატურა
    • საბავშვო & YA ლიტერატურა
    • კომიქსი & გრაფიკული რომანი
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲘᲡ ᲐᲛᲑᲔᲑᲘ
    • ლიტერატურული ჯილდოები
    • ღონისძიებების კალენდარი
    • ფესტივალები
    • გამომცემლის პორტრეტი
    • ბაზრის ანალიტიკა
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
    • ახალბედა ავტორები
  • ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲔᲑᲘ
  • ᲐᲣᲓᲘᲝᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამის განთავსება
2026 © Cyberდროება. ყველა უფლება დაცულია.
ინტერვიუმთარგმნელები

ქართველი მკითხველი წლების შემდეგ არაკისზე ბრუნდება: ინტერვიუ მთარგმნელ ნინო ბარძიმიშვილთან

წლების პაუზის შემდეგ, ფრენკ ჰერბერტის „დიუნი“ ქართველ მკითხველს უბრუნდება, თუმცა მთავარი სიახლე ჯერ კიდევ წინ არის: საგის მესამე, საკვანძო წიგნი, „დიუნის შვილები“, პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. BookTok ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა მთარგმნელ ნინო ბარძიმიშვილს არაკისზე დაბრუნების, „ოქროს გზის“ პარადოქსისა და იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდეს მკითხველი, როდესაც „დიუნის“ სამყარო ნაცნობ საზღვრებს გასცდება.

ბოლო განახლება: 6 ნოე, 2025
გაზიარება
5 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ქართველი მკითხველი წლების შემდეგ არაკისზე ბრუნდება: ინტერვიუ მთარგმნელ ნინო ბარძიმიშვილთან
გაზიარება

„თბილისის წიგნის დღეები 2025“-ის მოახლოებასთან ერთად, ქართული საგამომცემლო სივრცის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ფრენკ ჰერბერტის ლეგენდარული „დიუნის“ საგის გრანდიოზული დაბრუნებაა. წლების შემდეგ, ახალი გამომცემლობა „მოუბარი“ ქართველ მკითხველს სთავაზობს საგის პირველ ორ, უკვე კლასიკად ქცეულ ტომს განახლებული სახით.

- რეკლამა -
Ad image

თუმცა, BookTok-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავარი სიახლე ფესტივალის შემდეგ გველის. მკითხველისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ელოდა პოლ მუად’დიბის ისტორიის გაგრძელებას, მოლოდინი თითქმის დასრულდა: საგის მესამე, საკვანძო წიგნის, „დიუნის შვილების“ თარგმანი უკვე დასრულებულია და ამჟამად რედაქტირებისა და კორექტირების ბოლო ეტაპს გადის. ეს ისტორიული მომენტია, რადგან „დიუნის“ სამყარო ქართულ ენაზე პირველად გასცდება მეორე ტომის ფარგლებს.

„თბილისის წიგნის დღეებზე“, წარმოდგენილი იქნება როგორც „დიუნის“ პირველი ორი ტომი, ისე „მოუბარის“ სხვა საინტერესო სიახლეები

სანამ არაკისი ახალ თავგადასავალს გვპირდება, BookTok ესაუბრა ადამიანს, რომელიც ამ გრანდიოზულ სამყაროს ქართულ ენაზე ამეტყველებს – მთარგმნელ ნინო ბარძიმიშვილს.

BookTok: მოგესალმებით, ნინო. „დიუნის“ პირველი ორი წიგნის თარგმნის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა კი, წლების პაუზის შემდეგ, ქართველ მკითხველს „დიუნის შვილებს“ სთავაზობთ. როგორი იყო ეს დაბრუნება? ჰგავდა ეს ძველ, ნაცნობ სამყაროში შესვლას, თუ დროის დისტანციამ ყველაფერი ახალი პერსპექტივით დაგანახათ? რა იყო პირველი ემოცია, როდესაც მესამე ტომის თარგმნას შეუდექით – ნოსტალგია თუ ახალი გამოწვევის მოლოდინი?

ნინო ბარძიმიშვილი: წიგნის თარგმნა, მით უფრო, თუ სიუჟეტს ფონად ისეთი ეგზოტიკური ლანდშაფტი აქვს, როგორიც პლანეტა არაკისია, მართლაც ჰგავს მოგზაურობას. წიგნთან დაბრუნებაც იქ დაბრუნებასავითაა, სადაც ერთხელ უკვე ყოფილხარ და ცნობას უფრო ჰგავს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს რამდენიმე წელია, საერთოდ არ შევხვედრივარ „დიუნს“, რადგან ფრენკ ჰერბერტის შედევრი ასეთი წიგნია: იქიდან რაღაცები სულ გახსენდება, იქაური სცენები ლიტერატურულ მიმებად იქცა – ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.

BookTok: „დიუნის შვილები“ მკვეთრად განსხვავდება პირველი წიგნისგან. მისი მთავარი გმირები, პოლის შვილები, ლეტო II და განიმა ჩვეულებრივი ბავშვები არ არიან. თხრობა ბევრად უფრო ფილოსოფიური და მისტიკური ხდება. რა იყო მთავარი სირთულე ამ ახალი თაობის, მათი „წინაპართა მეხსიერების“ და არაადამიანური ინტელექტის გადმოცემისას? როგორ იმუშავეთ იმისთვის, რომ ჰერბერტის რთული ფილოსოფიური პასაჟები და წინასწარმეტყველური ხილვები ქართულად ისეთივე ღრმა და შთამბეჭდავი ყოფილიყო, როგორც ორიგინალშია?

ნინო ბარძიმიშვილი

ნინო ბარძიმიშვილი: ჩემი აზრით, გამყოფი ხაზი „დიუნის“ სერიის პირველსა და დანარჩენ წიგნებს შორის იმაზე ნაკლებად მკვეთრია, ვიდრე, ჩვეულებრივ, ამ ნაწარმოების თაყვანისმცემლები თუ კრიტიკოსები აღნიშნავენ ხოლმე. დიახ, პირველი ტომი მართლაც ცოტათი გამოცალკევებულია მისი გაგრძელებებისგან, თუმცა, ყურადღებით წაკითხვისას, მასში მომავალი განვითარებაც ჩანს – და მე არ ვგულისხმობ სიუჟეტურ განვითარებას. ამ მხრივ „დიუნის შვილები“ საკმაოდ ახლოს დგას სერიის მეორე წიგნთან, „დიუნის მესიასთან“, რომელსაც ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. მომდევნო წიგნებში ფილოსოფიური და განსჯითი შრე კიდევ უფრო ღრმავდება. პერსონაჟების განცდათა გადმოცემის სირთულე ჰგავდა იმას, რომელსაც პოლ მუად‘დიბის ხილვების თარგმნას ახლდა. ჰერბერტი ძალიან „შიგნიდან“, სულიერი სამყაროს გამოცდილებათა ცოდნით აღწერს ამ პასაჟებს და სასურველია, მთარგმნელმა იპოვოს არა მხოლოდ შესაფერისი სიტყვები, არამედ – თუნდაც შორეულად მონათესავე გამოცდილებაც საკუთარ თავში.

BookTok: მესამე წიგნში შემოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფცია – „ოქროს გზა“ (The Golden Path), რომელიც მთელი საგის მომავალს განსაზღვრავს. ეს არ არის უბრალო ცნება, არამედ კაცობრიობის გადარჩენის რთული, სასტიკი და პარადოქსული გეგმაა. როგორ მიუდექით ამ ცნების თარგმნას და მის შინაარსობრივ დატვირთვას? რამდენად რთულია გადმოსცე კონცეფცია, რომლის სრული მნიშვნელობაც მკითხველისთვის მხოლოდ წიგნის ბოლოს (და მომდევნო წიგნებში) ხდება ნათელი?

ნინო ბარძიმიშვილი: თავად დიუნისეული „ოქროს გზა“ რთული ფენომენია და მესამე წიგნში მისი მნიშვნელობა მართლაც არ არის ახსნილი; თუმცა მისი სახელი მარტივად სათარგმნია, რადგან მხოლოდ ორნაწილიანია და ორივე ნაწილი კაცობრიობისთვის საერთო არქეტიპულ ცნებას გადმოსცემს: სიტყვები „ოქრო“ და „გზა“ ყველა ენაში არსებობს და უღრმესი, თანაც საზიარო, მნიშვნელობებითაა დახუნძლული.

BookTok: ფრენკ ჰერბერტის სტილი ცნობილია თავისი სიმკვრივით, მრავალშრიანი დიალოგებით და შინაგანი მონოლოგებით. წლების შემდეგ, რთული იყო თუ არა იმავე სტილური გასაღების პოვნა, რომელიც პირველ ორ წიგნში გამოიყენეთ? ხომ არ შეგეცვალათ მიდგომა? იქნებ გაიხსენოთ კონკრეტული ეპიზოდი „დიუნის შვილებიდან“, რომლის ენობრივი სტრუქტურის ქართულად გადმოცემა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა?

ნინო ბარძიმიშვილი: მთარგმნელს სტილს ავტორი ჰკარნახობს და მე იმედი მაქვს, რომ ავტორის მოხაზულ ფორმებს მივყევი – ახლაც და წინა წიგნებშიც. როცა მეგზურად ფრენკ ჰერბერტი გყავს, ისღა დაგრჩენია, მის კვალს მისდიო. ყველაზე ძნელი და საპასუხისმგებლო, რა თქმა უნდა, ჯადოქარ ფრენკის ფანტასმაგორიათა თარგმნა იყო – შინაგან განცდათა თუ ლანდშაფტების აღწერისას რომ ხატავს; თუმცა, თუ გაუმკლავდები, იგივე პასაჟები გაჯილდოებს ყველაზე დიდი კმაყოფილებითაც: „რა კარგად შეიმოსა ქართულადაც!“.

BookTok: „დიუნის“ სამყარო სავსეა უნიკალური ტერმინებით: „ბენეგესერიტი“, „კვიზაცჰადერაქი“, „სიეტჩი“, „შაი–ჰულუდი“. ამდენი წლის შემდეგ, როგორ უზრუნველყავით ტერმინოლოგიური ერთიანობა და თანმიმდევრულობა პირველ ორ წიგნთან? გიწევდათ თუ არა ძველ თარგმანებში დაბრუნება და დეტალების გადამოწმება? და ხომ არ გაჩნდა მესამე წიგნში ახალი, რთულად სათარგმნი ტერმინები, რომლებმაც განსაკუთრებული თავსატეხი შეგიქმნათ?

ნინო ბარძიმიშვილი: კითხვაში ჩამოთვლილი ტერმინები სწორედ ისინია, რომლებიც უცვლელად გადმოვიდა ქართულ თარგმანში. ყველა მათგანი ავტორს საგულდაგულოდ აქვს შერჩეული, ყველას თავისი ეტიმოლოგია აქვს, ლათინური, არაბული თუ სხვა ენების ფუძეებზეა დაფუძნებული და მათ მნიშვნელობებში „ქექვა“ კიდევ ცალკე თავგადასავალია. თუმცა, არის სხვა ტერმინებიც, რომლების ნაწილი სრულად ითარგმნა (ნათელბურთი, მოქმედის კავები, ა.შ.), ნაწილი კი – სანახევროდ, როგორც დედანში იყო (შიგასინა). საბედნიეროდ, წინა წიგნებზე მუშაობისას გამზადებული მქონდა ტერმინებისა და სახელების სია, რომელიც ძალიან გამომადგა. უჩვეულო ტერმინებით ასე დახუნძლულ წიგნზე სხვანაირად ძნელია მუშაობა. მესამე წიგნში განსაკუთრებით თავსატეხი ტერმინი არ მახსენდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგს უკეთ მოერგო თარგმნა, ზოგს – ნაკლებად.

BookTok: დენი ვილნევის ფილმებმა „დიუნის“ მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში გააცოცხლა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ეს ახალი პოპულარობა წიგნების აღქმაზე? თარგმნის პროცესში თუ გიგრძნიათ ამ „ახალი ტალღის“ გავლენა? და, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ჰერბერტის მიერ 60 წლის წინ წამოჭრილი თემები – ეკოლოგია, პოლიტიკა, რელიგია, ტექნოლოგიების საფრთხე – დღეს ასეთი აქტუალური?

ნინო ბარძიმიშვილი: სავარაუდოდ, ამბის ეკრანული განზომილება, მით უფრო, ისეთი პოპულარული ფილმი, როგორიც დენი ვილნევის „დიუნია“, უნდა ცვლიდეს ნაწარმოების აღქმას, თუმცა როგორ – ამაზე ლაპარაკი ან ვარაუდები შორს წაგვიყვანდა. ეკრანიზაცია უფრო მეტად ნაწარმოების ცნობადობაზე ახდენს გავლენას, ახალ თაობაში აჩენს მკითხველს. თარგმნის პროცესზე ნაწარმოების ამ ახალი სიცოცხლის გავლენა არ მიგრძნია – ეტყობა, თარგმანი სხვანაირად მიჰყვება ნაბეჭდი სიტყვის ბილიკებს, არ იკვეთება ეკრანთან. რაც შეეხება ჰერბერტისეულ თემებს: პოლიტიკა და რელიგია (ასევე, მათი კავშირი) კაცობრიობის ისტორიის მარად თანმდევი სულებია; ტექნოლოგიების მიერ მოტანილი საფრთხე „დიუნის“ დაწერისას მხოლოდ იდგამდა ფეხს და მას მერე ეს პრობლემა სულ უფრო მწვავდება, მას სულ უფრო მეტი კინო თუ წიგნი იკვლევს. ეკოლოგია კი… „დიუნში“ ის მეცნიერული იარაღია ერთი იდეალისტი კაცის მიერ მოგონილი ოცნების ასასრულებლად, რომელიც მერე პოლიტიკურ იარაღადაც იქცევა.

BookTok: იყო თუ არა „დიუნის შვილებში“ მომენტები, იდიომები ან კულტურული ნიუანსები, რომელთა პირდაპირი თარგმნა შეუძლებელი იყო და მოგიწიათ შემოქმედებითი, ინტერპრეტაციული გადაწყვეტილების მიღება? იქნებ გაგვიზიაროთ ერთი ასეთი მაგალითი, სადაც პირდაპირი თარგმანისგან თავის არიდება აუცილებელი გახდა ტექსტის სულის შესანარჩუნებლად.

ნინო ბარძიმიშვილი: „დიუნში“ ბევრია ისეთი პასაჟი, რომლებიც აღწერს არახელშესახებ, ერთგვარად არალოგიკურ განცდებს. მათ სიტყვასიტყვით ვერ გადმოთარგმნი. ისინი უნდა „გადახარშო“ და თავიდან თქვა ქართულად. ერთი მაგალითი, როდესაც ტერმინი კი არ ვთარგმნე, არამედ ახალი სახელი მივანიჭე, ესაა stillsuit-ის ქართული შესატყვისი, რომელსაც „სარწყული“ დავარქვი.

BookTok: ზოგიერთი მკითხველი მიიჩნევს, რომ დიუნის საგა პირველი წიგნის შემდეგ რთულდება და ძნელად გასაგები ხდება. რას ეტყოდით იმ მკითხველებს, რომლებმაც პირველი წიგნი წაიკითხეს, მაგრამ ყოყმანობენ, განაგრძონ თუ არა მოგზაურობა? არის თუ არა „დიუნის შვილები“ აუცილებლად წასაკითხი წიგნი და რას სძენს ის სამყაროს, რომელიც პირველმა წიგნმა დაგვანახა?

ნინო ბარძიმიშვილი: თუ ადამიანი „დიუნის“ მკითხველია და შემთხვევით არ არის შემოხეტებული ამ მოგზაურობაში, აუცილებლად უნდა განაგრძოს გზა. მეტიც: „დიუნის“ სერიას აქვს პოტენციალი, იმ მკითხველების კრიტიკული გემოვნებაც დააკმაყოფილოს, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკის ესთეტიკას არ სწყალობენ. მომდევნო წიგნები ფრენკ ჰერბერტის შექმნილ სამყაროს სძენენ სიღრმეს და იკვლევენ ფენებს, რომლებიც თავიდან მხოლოდ მკრთალად იყო მოხაზული. ვისთვის არის? ზრდასრული, გამოცდილი მკითხველისთვის.

BookTok: „დიუნის“ სამ ტომზე მუშაობა უზარმაზარი, წლებზე გაწერილი პროექტია. რას ნიშნავდა თქვენთვის პირადად ეს მოგზაურობა? რა გასწავლათ ფრენკ ჰერბერტის სამყარომ, როგორც მთარგმნელს და როგორც მკითხველს? და ამ ეპიკური საგის თარგმნის შემდეგ, არის თუ არა რაიმე სხვა „მთა“, რომლის დაპყრობაზეც ოცნებობთ სამთარგმნელო ასპარეზზე?

ნინო ბარძიმიშვილი: „დიუნში“ მოგზაურობა ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ წიგნმა მომცა ის, რასაც საერთოდ იძლევიან დიდი წიგნები: საკვები გონებისა და გრძნობებისთვის. თარგმნა კი, მოგეხსენებათ, ამავდროულად ძალიან გამოწვლილვით კითხვაა, თითქმის არავინ კითხულობს წიგნს ისე, როგორც მთარგმნელი, არავინ ჩერდება ასე დიუნის უდაბნოს ყოველ კენჭთან, ყოველ განთიადთან – და ეს მშვენიერია. დიდი წიგნები კიდევ იმით ჰგავს მთას, რომ მათ არ იპყრობ. მათთან ურთიერთობას მე „შეხვედრას“ დავარქმევდი. მთებისგან განსხვავებით, ხანდახან ისინი თვითონ მოდიან შენთან, რაც სიხარულთან ერთად მადლიერებითაც გავსებს.


მათთვის, ვისაც სურს, კვლავ ეზიაროს არაკისის მაგიას, გამომცემლობა „მოუბარი“ მკითხველს 14-16 ნოემბერს, „თბილისის წიგნის დღეებზე“, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაელოდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც „დიუნის“ პირველი ორი ტომი, ისე გამომცემლობის სხვა საინტერესო სიახლეები.

გაიგეთ მეტი:დიუნიდიუნის შვილებიმოუბარიფრენკ ჰერბერტი
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn Copy Link Print
გაზიარება
თბილისის წიგნის დღეები 2025: ლიტერატურული სეზონის მთავარი მოვლენა 14-16 ნოემბერს გაიმართება
თბილისის წიგნის დღეები 2025

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო
  • დისკლაიმერი

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ვაკანსიები
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები
2026 © Cyberდროება. ყველა უფლება დაცულია.
Welcome Back!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?