2025 წლის 12 ნოემბერს, ფრანკო-ალჟირელი მწერალი ბუალემ სანსალი ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით შეიწყალეს და ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის, ალჟირის პრეზიდენტთან, აბდელმაჯიდ ტებუნთან, შუამავლობის შედეგად მოხდა. სანსალი ამჟამად გერმანიაში გაემგზავრა.
ჩვენ მივესალმებით ბუალემ სანსალის გათავისუფლებას და ვაფასებთ ყველას, ვინც მისი გათავისუფლებისთვის იბრძოდა და მუშაობდა. სანსალი არასდროს არ უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული სიტყვის თავისუფლების გამოყენებისთვის. მისი გათავისუფლება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკურ ნებასა და ძლიერ ადვოკატირებას შეუძლია ცვლილებების მოხდენა და იმედს გვაძლევს სხვა ავტორებისა და გამომცემლებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ციხეში იმყოფებიან.
განაცხადა კრისტენ ეინარსონმა, IPA-ს (გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია) გამოცემის თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარემ.IPA-ს წევრები ასევე გამოეხმაურნენ სანსალის გათავისუფლებას:
თითქმის წარმოუდგენელია, რა სირთულეების გადატანა უწევს ადამიანს, როდესაც მას უსამართლოდ აპატიმრებენ და ასამართლებენ. სწორედ ამიტომ, მისი დაკავების დღიდან, ჩვენ განუწყვეტლივ ვცდილობდით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მისი მძიმე მდგომარეობისადმი და ვითხოვდით მის გათავისუფლებას. ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ათასობით მხარდამჭერის, განსაკუთრებით გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის, მისი შუამავლობისთვის. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ბუალემ სანსალს ახლა შეუძლია უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს სამედიცინო დახმარება აქ, გერმანიაში. და მადლობას ვუხდით ალჟირის პრეზიდენტს ამ შესაძლებლობის შექმნისთვის. მიუხედავად ამისა, ალჟირში კიდევ მრავალი სხვა პატიმარია, რომლებსაც ანალოგიურად უსაფუძვლო ბრალდებებით ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი. მათი დავიწყება არ შეიძლება.
სებასტიან გუგოლცი, გერმანიის გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა ასოციაციის თავმჯდომარე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არცერთი მწერალი არ უნდა იყოს დაპატიმრებული თავისი იდეების გამო. ფრანკო-ალჟირელი მწერლის, ბუალემ სანსალის, შეწყალება და მისი სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანის შესახებ განცხადება არის სიახლე, რომელიც სიხარულით გვავსებს: თავისუფლდება უდანაშაულო ადამიანი, რომელიც, როგორც ვიცით, დღეს ძალიან მძიმედ არის დაავადებული. არცერთმა მწერალმა, გამომცემელმა ან მოაზროვნემ არ უნდა განიცადოს ის, რაც სანსალმა განიცადა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში: დაპატიმრება, სასამართლო და პატიმრობა მის მიერ გამოთქმული იდეებისა და გამოქვეყნებული წიგნების გამო.
ინოჩენცო ჩიპოლეტა, იტალიის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

