საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პრემიაზე საკონკურსოდ განიხილებოდა 2024 წელს ქართულ ენაზე პირველად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები.
პენ საქართველოს მიერ შერჩეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ალექს ჩიღვინაძე, ინა არჩუაშვილი, რუსუდან რუხაძე და ნანა აბულაძე, 77 საკონკურსო წიგნიდან 5 გამარჯვებული შეარჩია.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2025 წლის ლაურეატები გახდნენ:
- წლის საუკეთესო დებიუტი:
- თინათინ ნოღაიდელი, „ულვაშები” (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნიქო გორგილაძე, „აქ მიპოვი” („ინტელექტი“)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- თამთა დოლიძე, „მხოლობითი რიცხვი” („ინტელექტი“)
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:
- ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს” („ალონი“)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!” (სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო რომანი:
- ნოდარ ლადარია, „ელი, ელი” („ინტელექტი“)
დაჯილდოების კულმინაცია იყო პენ საქართველოს სპეციალური პრიზის გადაცემა. ჟიურისა და პენ-საქართველოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ლიტერა 2025“-ის განსაკუთრებული ჯილდო პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს მიენიჭა.















როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ჯილდო მას გადაეცა:
უბრალოებასა და სიმართლეში ნაპოვნი ადამიანური ღირსების პოეტურ სიტყვად ქცევისთვის, ჩაგვრასა და უკანონობასთან მებრძოლი, წინააღმდეგობის კოლექტიური სულისკვეთების გამოხატვისთვის, შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა” 2015 წელს დააარსა სსიპ „მწერალთა სახლმა” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც კულტურის და სპორტის სამინისტრო მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში ჩაერია, მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შემდეგ „ლიტერას” საქართველოს პენცენტრი გასცემს.
პრემიის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” და PEN America.







