14-16 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი კვლავ უმასპინძლებს ლიტერატურის მოყვარულებს. თბილისის წიგნის დღეები 2025, რომელიც ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით ტარდება, წელს 60-ზე მეტ გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიას გააერთიანებს.
ფესტივალის სტუმრებს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ უახლეს გამოცემებს, პირადად შეხვდნენ საყვარელ ავტორებს, დაესწრონ საინტერესო დისკუსიებსა და პანელებს და ისარგებლონ სპეციალურად ამ დღეებისთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით.
ღონისძიების გენერალური სპონსორის, საქართველოს ბანკის, განცხადებით, მათი მომხმარებლებისთვის დამატებითი ექსკლუზიური შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. ბანკისთვის ეს მხარდაჭერა ახალგაზრდებში განათლების ხელშეწყობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 40-ზე მეტ პროექტს, მათ შორის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკებისა და სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.
თბილისის წიგნის დღეები კვლავ რჩება მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლებს, ავტორებს, ბიბლიოთეკებსა და, რაც მთავარია, მკითხველებს, რითაც ხელს უწყობს ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარებას.

