მწერალ მერიან კიზის წიგნების სერიის მიხედვით შექმნილი კომედიურ-დრამატული სერიალის, „The Walsh Sisters“-ის საერთაშორისო ჩვენების უფლებები Disney+-მა და მსოფლიოს სხვა მსხვილმა მაუწყებლებმა შეიძინეს. როგორც Deadline-ი წერს, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია Cineflix Rights-მა სერიალის ჩვენების შესახებ შეთანხმებები ევროპის, შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის წამყვან პლატფორმებთან გააფორმა. მათ შორის არის სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ი, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში მეორე საეთერო ფანჯრის უფლება მოიპოვა – სერვისი სერიალს მაყურებელს BBC-ზე ტელეჩვენების დასრულების შემდეგ შესთავაზებს.
ირლანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „The Walsh Sisters“-ის პირველი სეზონი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა და ბოლო ორი წლის განმავლობაში არხის ყველაზე მაღალრეიტინგულ დრამად იქცა. ამ შედეგის შემდეგ RTÉ-მ და ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ სერიალის მეორე სეზონი ოფიციალურად შეუკვეთა. ახალი სეზონის საწარმოო პროცესი და გადაღებები ახლა აქტიურად მიმდინარეობს.
საერთაშორისო დისტრიბუციისას Cineflix Rights-მა პროექტი ჩრდილოეთ ევროპის არაერთ არხს მიჰყიდა: ნორვეგიაში სერიალს TV2-ი აჩვენებს, შვედეთში – TV4, ხოლო ფინეთში უფლებები MTV Oy-მ მოიპოვა. საეთერო შეთანხმებები ასევე შედგა ბალკანეთის რეგიონში Pickbox-თან, ისრაელში Yes-თან, ახალ ზელანდიაში TVNZ-თან და ნიდერლანდებში BBC-სთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიალის ექსკლუზიური მფლობელი Roku-ს სტრიმინგ სერვისი Howdy გახდა, ავსტრალიაში კი ჩვენების უფლება პლატფორმა Stan-ს აქვს.
კომედიურ-დრამატული სერიალის სიუჟეტის ცენტრში ხუთი დის, მათი დედისა და მამის ყოველდღიური ცხოვრება და ოჯახური ურთიერთობებია. ამბავი მთლიანად დუბლინში ვითარდება და გადაღებებიც იქვე მიმდინარეობს. მეორე სეზონში ხუთი დის როლს კვლავინდებურად კეროლაინ მენტონი, დანიელ გალიგანი, მარეიდ ტაიერსი, სტეფანი პრაისნერი და ლუიზა ჰარლანდი შეასრულებენ. დების მშობლებს კი ეკრანზე ისევ ეიდან ქვინი და კერი კროული განასახიერებენ.
სტეფანი პრაისნერი პროექტში ერთდროულად ორ ამპლუაშია: ის არა მხოლოდ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, არამედ ტელევიზიისთვის მერიან კიზის რომანების ადაპტაციაზეც მუშაობს. სერიალს RTÉ-სთვის საპროდიუსერო კომპანიები Cuba Pictures-ი და Metropolitan Pictures-ი იღებს, BBC-სთან, Screen Ireland-სა და Cineflix Rights-თან თანამშრომლობით.
