6 ოქტომბერს ბუსანის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (BIFF) გახსნის ცერემონიაზე, ჟიურის პრეზიდენტმა, ჩინელმა რეჟისორმა ჟანგ იმოუმ მომავალი ფილმის შესახებ ისაუბრა. Deadline-ის ცნობით, ის ლიუ ცისინის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის, „The Three-Body Problem“-ის ეკრანიზაციაზე მუშაობს.
პროექტის შესახებ პირველად 2024 წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე გახდა ცნობილი. რეჟისორის განმარტებით, მისი გუნდი უკვე წლებია, სცენარს ამუშავებს და სრულყოფს. ამ პროცესში შემქმნელებმა განსაკუთრებული ყურადღება მკითხველთა აზრს დაუთმეს.
იმისთვის, რომ მაყურებლის მოლოდინები უკეთ გაეგოთ და მათი წუხილი გაეთვალისწინებინათ, ავტორებმა ინტერნეტში თაყვანისმცემლების 400 000-ამდე კომენტარი შეაგროვეს. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ნაწარმოები სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის.
ჟანგ იმოუ ეკრანიზაციის სირთულეებზე
ფილმის პროდიუსერია კომპანია Beijing Enlight Media. მოსალოდნელია, რომ პროექტში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლი ექნება. Variety-ის ინფორმაციით, რეჟისორმა წიგნისა და მისი ადაპტაციის სირთულის შესახებ ღიად ისაუბრა. ჟანგ იმოუმ აღნიშნა:
„The Three-Body Problem“ შესანიშნავი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანია და ძალიან მომწონს. თუმცა, მისი ფილმად ადაპტაცია მეტად რთულია.
წიგნმა, რომელსაც მომავალი ფილმი ეფუძნება, 2015 წელს საუკეთესო რომანის კატეგორიაში პრემია „ჰიუგო“ (Hugo Award) მოიპოვა. ეს ჯილდო კენ ლიუს ინგლისურენოვანმა თარგმანმა დაიმსახურა.
ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე შვიდი წევრისგან შემდგარი საკონკურსო ჟიური, რომელსაც თავად ჟანგ იმოუ ხელმძღვანელობს, ჯამში ექვს გამარჯვებულს გამოავლენს.
„სამი სხეულის ამოცანა“ უკვე ქართულადაც ხელმისაწვდომია
ლიუ ცისინის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი „სამი სხეულის ამოცანა“ ქართულად გამომცემლობა „მოუბარმა“ თარგმნა. წიგნი მკითხველს მიმდინარე წლის აპრილში, წიგნის ფესტივალზე წარუდგინეს. რომანის მთარგმნელია რამაზ ხატიაშვილი.
