15 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IPA), Pen International-თან ერთად გამართულ ღონისძიებაზე, გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ახალი ჯილდოს დაარსების შესახებ განაცხადა. ეს ღონისძიება ბაზრობაზე გამოცემის თავისუფლებისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეულის კულმინაციად იქცა.
ახალი ჯილდო, რომელიც პირველად 2026 წელს ასევე ფრანკფურტში გაიცემა, დააჯილდოებს წიგნის სექტორთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით გამოხატვის, გამოცემისა და კითხვის თავისუფლებისადმი ერთგულება დაამტკიცეს. მაგალითად, ჯილდო შეიძლება გადაეცეს კოალიციას, რომელიც შემზღუდავ კანონმდებლობას ებრძოდა, ან ორგანიზაციას, რომელმაც აღნიშნული თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩაატარა.
გამოხატვის, გამოცემისა და კითხვის თავისუფლება – ეს თავისუფლებათა მყიფე სამებაა. მათ შენარჩუნებას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. ჩვენ, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაში, ვამაყობთ, რომ ვაარსებთ ახალ ჯილდოს, რომელიც აღიარებს იმ ადამიანებს, კომპანიებს, ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თავისუფლებებს იცავენ.
განაცხადა IPA-ს პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერი სხვადასხვა ინიციატივის ლიდერები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ჯილდოს აქტუალობას.
Pen International-ის პრეზიდენტმა, ბურჰან სონმეზმა, ისაუბრა მსოფლიოში ავტორიტარიზმისა და სიძულვილის ენის ზრდის საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ხელოვნება და ლიტერატურა არის ხიდი, რომელიც ადამიანებს საზღვრებს მიღმა აერთიანებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტიან ებერტმა, განაცხადა, რომ ჯილდოს ფრანკფურტში გაცემა ორგანიზაციისთვის პატივი და ვალდებულებაა, რადგან ბაზრობა ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ ფუნდამენტური თავისუფლებების განხილვისა და დაცვის ადგილია.
ჩვენს ქვეყანაში ომი 2014 წელს დაიწყო… ახლა საკმარისი აღარ არის უბრალოდ ერთად დგომა. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და პროაქტიულები. პატივი უნდა მივაგოთ მათ, ვინც გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, მაგრამ ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ისინი, ვინც ცოცხლები არიან, ვინც ახლა წერს და გამოსცემს წიგნებს ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის.
განსაკუთრებით ემოციური იყო კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორის, იულია კოზლოვეცის სიტყვა.ჯილდოს პრეზენტაციას წინ უძღოდა IPA-ს გამოცემის თავისუფლების კომიტეტის ღია შეხვედრა, სადაც გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს. მომდევნო დღეს კი გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით: „რა შეგვიძლია გავაკეთოთ თავისუფლებათა სამებაზე თავდასხმების შესაჩერებლად?“.

