წინამდებარე ტექსტი, რომელშიც წარმოდგენილია თარგმანის თანამედროვე თეორიები და მთარგმნელობითი სტრატეგიები, ეფუძნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ხათუნა ბერიძის ფუნდამენტურ ნაშრომს — „თარგმანმცოდნეობა“.
ცნება თარგმანი კულტურულ ცვლადს წარმოადგენს. მთარგმნელობით საქმიანობას
სხვადასხვა ცნებითი აღმნიშვნელი აქვს სხვადასხვა კულტურაში, ვინაიდან ყველა ერს
თავისებურად ესმის მისი მნიშვნელობა. ცნებათშორისი განსხვავებები თვალსაჩინოა
სემიოტიკის დონეზეც: თუ ერთმანეთს შევადარებთ, ცნება თარგმანის აღმნიშვნელი
ლექსიკური ერთეულები შეიძლება ერთმანეთის სინონიმებიც კი არ აღმოჩნდეს.
მსოფლიო ენებზე თარგმანის ცნებითი აღმნიშვნელების სემიოტიკური ასოციაციები
განსხვავებულია. შეადარეთ ინგლისური “Translation”-ი სხვა ენების სემიოტიკურ
ასოციაციებს:
| ენა | ცნებითი აღმნიშვნელი | ცნებითი კონცეპტუალიზაცია |
|---|---|---|
| ესპანური | Traducer | ჩვენი თანამედროვე დასავლეთევროპული ტერმინები თარგმანისათვის, მეორეს მხრივ, პრივილეგიას ანიჭებენ მოძრაობას სივრცეში, მას არ აქვს ტექსტის განმარტების ფუნქცია. |
| ფრანგული | Traduction | ტრანსფერი, გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, ტრანსპორტირება, ტრანსმისია, ერთიდან მეორესთვის გადაცემა. |
| გერმანული | Übersetzung | ტრანსმისია, ტრანსლაცია. |
| იტალიური | Traduzione | ტრანსპოზიცია, ტრანსფერი ანუ გადაცემა/ გადატანა. |
| სანსკრიტი | Amuvad | გამეორება ვინმეს შემდეგ, კვლავ თქმა, განმარტება, ახსნა. |
| იგბო, ნიგერიული ენა | Tapia და Kowa | ამბის თხრობა, Tapia მომდინარეობს ძირი ta-დან, რაც ნიშნავს „თქმას, თხრობით გადმოცემას“ და pia აღნიშნავს „რაიმეს დამტვრევას, დეკონსტრუქციას, დაშლას და სხვა ფორმით თქმას. Kowa-ს მსგავსი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მომდინარეობს ძირიდან – ko და აქვს დერივაციული მნიშვნელობა „თხრობა რაიმეს შესახებ, მოყოლა“ და – wa, რაც ნიშნავს „ნაწილებად დაშლას“; მაშასადამე, იგბოს ენაზე თარგმნა არის საქმიანობა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ თარგმნა იგივე კომუნიკაციაა და ამდენად, როგორც კომუნიკაციის დამყარება არის შესაძლებელი, ასევე თარგმანიც შესაძლებელია. იგბოს ენაზე თარგმნის ცნებითი გააზრება გულისხმობს ტექსტის დეკომპოზიციას და ფორმის შეცვლას და არ გულისხმობს ზუსტ, ე.წ. „ერთი-ერთზე“ თარგმანს. |
| არაბული | Tarjama | სიტყვასიტყვით ნიშნავს გადაცემას, ტრანსფერს, გადატანას. ლექსიკური ერთეული – Tafsir ნიშნავს მცირე ნაწილებად დამტვრევას, რათა შინაარსი ვინმეს გავაგებინოთ. |
| იდიში | Targem | “Targem,” როგორც მას წარმოთქვამენ იდიშზე მხოლოდ ბიბლიის თარგმნას ნიშნავს არამეულ ენაზე. |
| თურქული | 1. Çeviri 2. Tercüme 3. Yere 4. Nakil 5. Tahvil 6. Tebdil | 1. თარგმნა, ინტერპრეტაცია, გადმოცემა. 2. თარგმნა, ინტერპრეტაცია, გადმოცემა. 3. გადატანა, ტრანსპორტაცია, გადაცემა, გადაყვანა. 4. ტრანსფორმაცია. 5. კონვერტაცია, შეცვლა, გადაცვლა |
| უკრაინული | переклад | გადმოცემა |
გლობალიზაციის კვალდაკვალ, თარგმანმცოდნეობას კულტურათმცოდნეობის კონტექსტში სწავლობენ. თარგმანის შესწავლისადმი ახალმა მიდგომამ მოითხოვა თარგმანის არსებული დეფინიციების გადასინჯვა, რადგან გაფართოვდა მისი ცნებითი განზომილება; თარგმანის ცნებითი განსაზღვრების გაფართოების გამო სამეცნიერო წრეებში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა თარგმანის არსზე, თავად ტერმინ ტრანსლაციის შინაარსობრივ დატვირთვაზე, რათა თარგმანის ხელახალი დეფინიცია ჩამოყალიბდეს. ესპანეთში მოღვაწე თეორეტიკოსი ენტონი პიმი წერს1, რომ დღესდღეობით თარგმანმცოდნეობა არ არის ისე განვითარებული, რომ სხვადასხვა ენებსა და კულტურებში ამა თუ იმ ცნების გავრცელება უდავო რაოდენობრივი ან ხარისხობრივი მაჩვენებლით დაადგინოს.
ფრანგი თეორეტიკოსი ჟორჟ მუნენი თარგმანს აღიქვამს, როგორც ოპერაციების თანმიმდევრობას, რომლის დასაწყისიცა და საბოლოო შედეგიც არის სიგნიფიკაცია, ნიშანდება, ანუ ვერბალური ნიშნებისა და მათი ფუნქციების გადმოცემა მოცემული კულტურისათვის2. ოპერაციულ თანმიმდევრობაში მუნენი გულისხმობდა ტექსტის არამხოლოდ ლინგვისტური, არამედ ექსტრალინგვისტური ინფორმაციის გადაცემას მეორე ენაზე, რაც მოიცავს დისკურსის სოციოლინგვისტიკურ და პრაგმატიკულ ასპექტებს, მეტყველების ფსიქო-კულტურულ გარემოს.
მუნენის ეს მოსაზრება შეიძლება ჩაითვალოს თარგმანის სემიოტიკურ განსაზღვრებად: სემიოტიკაში, ბუნებრივი ენები კომუნიკაციის შესაძლებელი ვარიანტების მხოლოდ ერთი სახეობაა, ნიშანთა ისეთი სისტემების გვერდით, როგორიცაა ჟესტებისა და მიმიკის ენა, ფერების, სურათების ენები და ა. შ. აღსანიშნავია, რომ მუნენის განსაზღვრებას წინ უსწრებდა ამერიკელი ლინგვისტის, რომან იაკობსონის სამეცნიერო ნაშრომები თარგმნისა და სემიოტიკის შესახებ.
მუნენის თვალსაზრისი უდავოდ პროგრესულია, რადგან 1960-იან წლებში, როდესაც იგი მოღვაწეობდა, ლინგვისტების მიდგომა ტექსტისადმი ჯერ კიდევ სტრუქტურული ანალიზით შემოიფარგლებოდა. ლინგვისტები თვლიდნენ, რომ თარგმანი იყო ერთი ენის ნიშანთა წყებით გამოხატული „მნიშვნელობის“ მეორე ენის ნიშნების წყებით გადმოცემა, რისთვისაც მთარგმნელები კომპეტენტურად იყენებდნენ ლექსიკასა და გრამატიკას. თუმცა, ამ ვიწრო ლინგვისტიკური მიდგომის მიმდევარი ენათმეცნიერები ივიწყებდნენ, რომ თარგმნის პროცესს თან სდევს დისკურსის ექსტრალინგვისტური კრიტერიუმების გარდაქმნის ოპერაციაც. მუნენი წერდა: „მთარგმნელობითი საქმიანობა თანამედროვე ლინგვისტიკის ამოუხსნელი თეორიული ამოცანაა: თუ დავეთანხმებით ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური სტრუქტურების უთარგმნელობის შესახებ გაბატონებულ თვალსაზრისს, უნდა დავასკვნათ, რომ თარგმანი შეუძლებელია და მაინც, მთარგმნელები არსებობენ, ისინი თარგმნიან და მათ თარგმანებს სარგებლობა მოაქვთ“ (1963)3. მუნენი მიიჩნევს, რომ ნამდვილი თარგმანი გახლავთ ტექსტის ვერბალური კომუნიკაცია, ხოლო ლინგვისტიკა მუდამ დარჩება თარგმანმცოდნეობის შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს მეცნიერებად4 , რადგან თარგმანი ლინგვისტური ოპერაციაა.
მეცნიერები სხვადასხვაგვარად განმარტავენ თარგმანს, როგორც ფენომენს. მაგალითად, თ. სეივორი თარგმანს განმარტავს როგორც „ხელოვნებას“, სხვები კი, მაგალითად ერიკ იაკობსენი5, მას „ტრადიციულ ხელობას“ (1958) უწოდებს.
პ. ნიუმარკი იზიარებს სეივორის მოსაზრებას და თავის მხრივ დასძენს, რომ „თარგმანი არის ხელობა, რომლის არსიც ერთ ენაზე არსებული წერილობითი შეტყობინების ან წინადადების მეორე ენაზე არსებული ეკვივალენტებით შეცვლის მცდელობაა“.
ნიუმარკი ასევე აღნიშნავს, რომ „თარგმანი არის ტექსტის იმ მნიშვნელობის სხვა ენაზე გადმოცემა, რომელიც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთი შეხედვით, ეს ადვილი რამ უნდა იყოს, რადგან, ერთ ენაზე ნათქვამის გამეორება მეორე ენაზეც უნდა იყოს შესაძლებელი. მეორე მხრივ კი, თარგმნილი ვარიანტი ენობრივად უფრო გაუმართავი, ხელოვნური და ყალბია, რადგან როცა მეორე ენას ვიყენებთ, იმ პიროვნებას განვასახიერებთ, ვინც სინამდვილეში არა ვართ“.
თარგმანი – ესაა საქმიანობა, რომლითაც ადამიანი უძველესი დროიდანაა დაკავებული, მიზეზი კი ენათშორისი განსხვავებებია, თარგმანის მიზანი ხალხთა შორის ურთიერთობის დამყარება და სულიერ ფასეულობათა გაცვლაა; ესაა შემოქმედებითი საქმიანობა.
წერს ვ.ს. ვინოგრადოვი.დ. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ თარგმანი იგივე კულტურტრეგერობა, ანუ კულტურათა ურთიერთგაზიარებაა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია კაციობრიობის შემდგომი განვითარებისათვის;
ლ. კ. ლატიშევი ფიქრობს, რომ თარგმანის ცნება ფსიქოლოგიურ შრომას გულისხმობს, თარგმნის სპეციფიკური პროცესების მეშვეობით ენათშორისი შუამავლობა მყარდება; ლატიშევის მოსაზრებით, თარგმანის აუცილებლობის განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც მთარგმნელის პირადი დამოკიდებულება, ისე სოციალური მოთხოვნა თარგმანზე. ამავე დროს, ლატიშევის მოსაზრებით, თარგმანი ენათშორისი კომუნიკაციის ყველაზე სრულყოფილი საშუალებაა.
მხატვრული თარგმანი იგივე მხატვრული შემოქმედებაა და მხატვრული თარგმანის ტექსტი ისევე უნდა აერთიანებდეს კომუნიკაციურ და ესთეტიკურ ფუნქციებს, როგორც მისი მხატვრული პირველწყარო, მიუხედავად იმისა, რომ თარგმანს გაცილებით მწირი არჩევანი აქვს ენობრივი მარაგის გამოყენების თვალსაზრისით, ვიდრე დედანს.
თარგმანი, როგორც ინტელექტუალური საქმიანობა, უძველესი დროიდან წარმოადგენს საყურადღებო ფენომენს.
XIX საუკუნეში მიიჩნეოდა, რომ თარგმანის დანიშნულება იყო იმ მკითხველისთვის განემარტა შინაარსი, ვინც ენას არ ფლობდა. ამდენად, არის თუ არა თარგმანი პრაგმატული საქმიანობა, ანუ ვისთვის ვთარგმნით? რატომ ვთარგმნით? თარგმანის პირველ ნიმუშებს, კერძოდ, ორენოვან წარწერებს მკვლევრებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს, ეგვიპტის ანტიკურ სამეფოებში, პირველ ჩანჩქერზე (The first cataract, Elephantine) ელეფანტინის ტერიტორიაზე მიაკვლიეს6.
თარგმანს აქვს საზოგადოებრივ-კულტურული ფუნქცია: კარგი თარგმანი ასრულებს ამ ფუნქციას, ანუ აკმაყოფილებს კულტურული ღირებულებების მოთხოვნებს და საზოგადოების მოწონებას იმსახურებს, მკითხველის პოპულარული საკითხავი ხდება, ხოლო სუსტი თარგმანი – ვერა. თუმცა, ეს ორი ასპექტი თარგმანის ავკარგიანობაზე მსჯელობისთვის არ კმარა. თარგმანის დადებითად ან უარყოფითად შეფასებისათვის საჭიროა კონკრეტული რეკომენდაციები. პრიმიტიულია მსჯელობა თარგმანზე, თუ მისი ლინგვოკულტურული ღირებულების შესახებ სუბიექტურ აზრს გამოვთქვამთ მხოლოდ თითო სიტყვით: „მომწონს“ ან: „არ მომწონს“. თარგმანის თეორიის ერთ-ერთი ამოცანა თარგმანის შეფასების ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრაა.
თარგმანი დედნის ტოლფასი უნდა იყოს. როგორ გავიგოთ ცნება „ტოლფასი“? ავტორი ხომ საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს ტექსტს, ჟანრს, შინაარსს, ტიპაჟს, სიუჟეტს, პერსონაჟებს, იდეურ თუ იდეოლოგიურ მიმართულებას, სტილსა და სახეობრივ მეტყველებას? აქვს კი მთარგმნელს ავტორის ტოლფასი თავისუფლება? – თუ, რადგან მთარგმნელი ირჩევს უკვე შექმნილ ტექსტს, იგი უკვე აღარ არის თავისუფალი: მან ხომ არჩევანი შეაჩერა კონკრეტულ თხზულებაზე, მხატვრულად აღწერილ ყოფაზე, პერსონაჟებზე, რომელთა კულტურა, განათლება, ზნეობა, ხასიათი, რწმენა და წმინდა ადამიანური ყოფა ავტორის სურვილის, ღირებულებებისა და შეხედულებების ამსახველია? თარგმანის თეორიის განვითარების ვერც ერთ ეტაპზე ვერ გასცეს თეორეტიკოსებმა გადამჭრელი პასუხი ამ კითხვას. ამდენად, იგი კვლავაც სამეცნიერო განსჯის საგანია.
რეალისტური თარგმანის თეორიის ავტორი გ. გაჩეჩილაძე მიიჩნევდა, რომ თარგმანის პროცესი პრინციპულად არ განსხვავდება ორიგინალური შემოქმედებითი საქმიანობისაგან: მწერალსა და მთარგმნელს შორის არსებითი განსხვავება არის საწყისი მასალა.
- (იხ. თავი: “Translation across time and space” ნაშრომში: “On History of Formal Conceptualizations of Translation” Anthony Pym (version 1.2. April 2006) ↩︎
- სიგნიფიკაცია არის ნიშნის აღნიშვნა-სახელდება. ენა სისტემაა, რომელიც შედგება ნიშნების, სიმბოლოების და აღმნიშვნელებისაგან. ნიშნის აზრობრივი კომპონენტი, ანუ ის, რაც გონებაში ჩნდება, როცა ნიშნის აღმნიშვნელს გავიგონებთ, ან წავიკითხავთ. ნიშანს აქვს კულტურული ღირებულება: სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს ნიშნის აღმნიშვნელის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სხვადასხვაგვარად აღიქმება. ცხადია, სიგნიფიკაცია არჩევითი, ანუ სუბიექტურია. ყველა ჩვენგანი სუბიექტურად ვუკავშირებთ ნიშნებს მათ ობიექტებს და მათ აზრობრივ კომპონენტს. თარგმანი და სემიოტიკა ორი სხვადასხვა ფენომენია, თუმცა მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე ასრულებს ისეთ საკომუნიკაციო ოპერაციას, როგორიცაა ნიშნის გაგება და მისი სიგნიფიკაცია. თარგმანში სემიოტიკის როლის დასადგენად, საჭიროა კონცეპტებს შევხედოთ (1) თარგმანის და (2) სემიოტიკის კუთხიდან. თარგმანი წყვეტს კომუნიკაციის ასპექტების პრობლემებს; თარგმანისათვის საყურადღებო გახლავთ მესიჯი, შეტყობინება, მისი გამოყენება, ინტერპრეტაცია და მანიპულაცია. მესიჯი /შეტყობინება კი არის ნიშანი. სემიოტიკა, თავის მხრივ, ასევე იკვლევს ნიშანს, მის, გამოყენებას და მის ინტერპრეტაციას. ↩︎
- Les problems theoriques de la traduction. Paris: NRF, 1963 ↩︎
- Mounin G. Histoire de linguistique des origines au XX siècle. Paris: Presesses Universitaires de France 1967 ↩︎
- Eric Jacobsen. Translation a Traditional Craft: An Introductory Sketch with a Study of Marlowe’s Elegies (1958) ↩︎
- P. Newmark, The Theory and the Craft of Translation, Language Teaching, / Volume 9 / Issue 01 / Jan. 1976, pp 5-26 ↩︎
