2026 წლის TS Eliot-ის პრემიის მოკლე სია უკვე ცნობილია და იგი თანამედროვე პოეზიის გამორჩეულ ხმებს აერთიანებს. ბრიტანული გამოცემა The Guardian – Books-ის ცნობით, პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ათი პოეტი იბრძვის. ნომინანტებს შორის წელს არაერთი ცნობილი სახეა. მათ შორის არიან გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პოეტი-ლაურეატი ენდრიუ მოუშენი და პულიცერის პრემიის (Pulitzer Prize) მფლობელი ჯორი გრემი.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ლეონტია ფლინი, იშიონ ჰაჩინსონი და დეიზი ლაფარჟი შედიოდნენ, ათი ფინალისტი 174 განაცხადიდან შეარჩია. ნამუშევრები 65-მა ბრიტანულმა და ირლანდიურმა გამომცემლობამ წარადგინა.
ჟიურის წევრმა, ლეონტია ფლინმა აღნიშნა:
თითოეული ეს წიგნი გვახსენებს, თუ რატომ ვუბრუნდებით პოეზიას ორიენტირის საპოვნელად მაშინ, როცა სხვა ყველაფერი აზრს კარგავს.
ვის ვიხილავთ ფინალისტებს შორის?
წლევანდელი ნომინანტების სია მრავალფეროვანია. ენდრიუ მოუშენი ჯილდოზე კრებულით „Gravity Archives“ წარადგინეს, ჯორი გრემი კი ფინალისტი წიგნით „Killing Spree“ გახდა. ამასთან, სიაში მოხვდა ერთადერთი სადებიუტო კრებული „PIVOT“, რომლის ავტორიც იმანი მეისონ ჯორდანია.
კით ჯარეტი ფინალისტებს შორის რიგით მეორე კრებულით მოხვდა, რომელსაც „Hide Me Under the Blood and I Shall Be Satisfied“ ჰქვია. პრემიაზე ასევე იბრძოლებენ კანადელი პოეტი სილვია ლეგრისი წიგნით „Sleep Gate“ და შარა მაკალუმი კრებულით „Behold“.
ათეულს კიდევ ოთხი ავტორი ავსებს: კიმ მური ნამუშევრით „The House of Broken Things“ და ჰოლი პესტერი კრებულით „Cafés“. მათთან ერთად წარდგენილები არიან იანა პრიკრილი წიგნით „The Channel“ და ბილი რამსელი კრებულით „Render“.
როდის გამოვლინდება გამარჯვებული?
თითოეული შერჩეული პოეტი 1500 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ხოლო გამარჯვებულს 25 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა. ფინალისტები 17 იანვარს ლონდონში, სამეფო საფესტივალო დარბაზში (Royal Festival Hall) შეიკრიბებიან და საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ. საუკეთესო ავტორის ვინაობა კი მომდევნო დღეს, უოლესის კოლექციაში გახდება ცნობილი.
პოეზიის წიგნის საზოგადოებამ (Poetry Book Society) TS Eliot-ის პრემია 1993 წელს, ორგანიზაციის 40 წლის იუბილეზე დააარსა. დღეს ის ლიტერატურული ჯილდოების სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. გასულ წელს პრემიის ლაურეატი კანადელი პოეტი კარენ სოლი წიგნით „Wellwater“ გახდა.
